„თუკი უკრაინაში სიტუცია დაიძაბება და დაიწყება საომარი მოქმედებები, რუსეთი ავტომატურად ჩვენს წინააღმდეგაც განახორციელებს ანალოგიურ ქმედებას. იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველო თავს გადაირჩენს და გამოძვრება“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესაძლებლობა და მისი შედეგები.
რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება თითქოს დუმილის პოლიტიკას ატარებს. ამ ეტაპზე, საქართველოს არ გაუჟღერებია თავისი პოზიცია, რომელიც შესაძლოა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ყოფილიყო. რა არის ამის მიზეზი?
- საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკას რუსეთის მიმართ. რუსეთი გახდა საქართველოს ყველზე მსხვილი ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენ ყველაზე მსხვილი იმპორტიორები ვართ რუსეთიდან მარცვლეულის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების. სწორედ, ეს ფაქტიც მიუთითებს ამაზე. ასევე, ჩატარდა აბაშიძე-კარასინის მორიგი მოლაპარაკებები, სადაც მხარეებმა მიაღწიეს იმას, რომ მოხდეს პირდაპირი ავიახაზების აღდგენა.
დასავლეთიდან უკრაინასთან დაკავშირებით შენიშვნებს ვიღებთ, რომ საქართველო პასიურობს. მმართელ პოლიტიკურ პარტიას თავისი მიდგომა აქვს, მაგრამ არც ოპოზიცია გამოირჩევა დიდი აქტიურობით. პოზიციის გამოხატვა უკრაინის მიმართ, არც იმათი მხრიდან არ მომხდარა, ვინ პროდასავლურ პარტიას უწოდებს საკუთარ თავს. განახლებული „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ მიკვირს, რომ მათგან არავითარი მხარდაჭერა არ გამოიხატება.
ეს ერთგვარი დუმილი იმით აიხსნება, რომ საქართველოს ეშინია რუსეთის ეკონომიკური სანქციების?
- რუსეთმა გააკეთა პირდაპირი განცხადება და დააყენა სამი მოთხოვნა ულტიმატუმის სახით, რომელიც შინაარსობრივად, სცილდება უკრაინისთვის წაყენებულ ულტიმატუმსაც კი. ეს არის ულტიმატუმი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა: საქართველოში მოხდეს პოლიტიკური კრიზისის აღკვეთა, შეწყდეს რუსეთფობიური განცხადებები საქართველოში და საქართველომ არ დაუშვას რუსეთის მოქალაქეების მიმართ გარკვეული ინტერესების შებღალვა.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში იყო ფრაზა: „იმედია საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს“. შესაძლოა თუ არა ამას ვუწოდოთ პირდაპირი გაფრთხილება, რომ თუკი საქართელო ჭკვიანად არ იქნება, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შემდეგი შესაძლოა ჩვენ ვიყოთ?
- ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ ულტიმატუმს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მოთხოვნას. რუსეთს რა მოლოდინი აქვს საქართველოსგან, მან პირდაპირ დააფიქსირა.
რამდენად სწორია ის პოზიცია, რომელიც დღეს ქართულ მხარეს უჭირავს უკრაინასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების დუმილის შემთხვევაში, იგი თავიდან აიცილებს რუსეთის აგრესის?
- ეს არის დაშოშმინების საგარეო პოლიტიკური კურსი. რომც არ ვიყოთ გაჩუმებული, ის მაინც წამოვა ჩვენს წინააღმდეგ. თუკი უკრაინაში სიტუცია დაიძაბება და დაიწყება საომარი მოქმედებები, რუსეთი ავტომატურად ჩვენს წინააღმდეგაც განახორციელებს ანალოგიურ ქმედებას. იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველო თავს გადაირჩენს და გამოძვრება.
რუსეთი აუცილებლად შეეცდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, შეცვალოს ხელისუფლება და მოიყვანოს მისთვის, უფრო ლოიალური პოლიტიკური ძალა. რუსეთს ძალა და ბერკეტი აქვს, 2008 წლის ომისგან განსხვავებით, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მოახდინოს ხელისუფლების შეცვლა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. მას გაცილებით იოლად აქვს საქმე საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე უკრაინაში.
რუსეთი კარგად ხედავს, რომ დაშოშმინების პოლიტიკას ვაწარმოებთ და დაგვიყოლიებს ყველანაირ ულტიმატუმის განხორციელებაზე. ჩანს, რომ საქართველოში რუსული პროდუქციის რაოდენობა ბევრად გაიზარდა. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა უფრო გამოიტანა გაკვეთილი, ვიდრე ჩვენ, - ჩვენ გამოვიტანეთ თუ არა, ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავსვათ. რუსეთმა თბილისი-გორის მაგისტრალი რომ გადაკეტოს, ესეც საკმარისი იქნება. თანაც, საქართველოში პრორუსული ძალებიც უფრო მეტად მატულობს, რაც არის თვალსაჩინო გარემოება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ვინ დადგება რუსეთის გვერდით?
- ეს შესაძლოა იყოს ირანი. სხვათა შორის, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს პოზიციაც უცნაურია. რუსეთს რეალურ წინააღმდეგობას უწევენ ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი, ავსტრალია, კანადა. ასევე საინტერესოა უნგრეთის და თურქეთის პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ უკრაინას აწვდის სამხედრო წარმოებას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას, თუმცა, მეორე მხრივ, „ტროას ცხენის“ ფუნქციას ითავსებს.
თავდაცვის კუთხით, ამერიკა და განსაკუთრებით, ევროკავშირის სახელმწიფოები თავს არ გამოიდებენ უკრაინისთვის, თუ ამ ყველფერმა ომის სახე მიიღო. რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, არ მგონია უკრაინას კონკრეტული სამხედრო ძალის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ეს ფინეთის ომის ვარიანტს უფრო მაგონებს. ფინეთს ყველა თანაუგრძნობდა, ბოლოს მას არავინ აღმოუჩინა სამხედრო დახმარება. დაახლოებით, იგივე სიტუაცია შეიძლება განვითარდეს უკრაინაში, - უკრაინას არ აქვს იმის ილუზია, რომ მის გამო ამერიკა ომს დაუწყებს რუსეთს, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
საქართველოს ომისაგან განსხვავებით, რუსეთს მეტი მოკავშირე ეყოლება. ყველას ესმის, რომ აქ უკრაინაზე არ არის საუბარი, ეს არის რუსეთ-ამერიკის ომის კონკრეტული მაგალითები. ამასთან, ისიც არ ვიცით, ბაიდენი წავა იმ სანქციებზე, რომელსაც სენატი აპირებს? ამ კანონის მიღება, ეს არის ომის გამოცხადება რუსეთისთვის.