რას შეეწირა კირვალიძე - კორუფციას თუ პოლიტიკას?

რას შეეწირა კირვალიძე - კორუფციას თუ პოლიტიკას?

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას მიმართა, პრემიერმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და გამოძიების დასრულებამდე მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდა. შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა.

კირვალიძის ამ ნაბიჯს ხელისუფლებაცა და ექსპერტებიც იწონებენ და იმედოვნებენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი პოსტს დაუბრუნდება.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი გენერალური მდივნის მეთაურობით „ვაზვრატებზე“ ალაპარაკდა, თუმცა ყოფილი ხელისუფლებისგან მსგავსი შენიშვნების გაზიარება ცოტა რთულია, რადგან როგორც იტყვიან ე.წ. ვაზვრატები სწორედ მათი მოგონილია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გარკვეული შენიშვნები მართლაც არსებობდა, ცნობილი იყო, რომ ზოგიერთ რეგიონში ბარათების დარიგება ფერხდებოდა, თუმცა რაც for.ge-სთვის ცნობილია, იმ ინფორმაციის თანახმად, გაუგებრობა რეგიონებიდან გადაცემულმა არაზუსტმა სიებმა გამოიწვია. ზოგ შემთხვევაში კი არასწორად იყო მითითებული მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად ყვარელში, თუმცა მოქალაქე ლ.რ.-მ ვერ მოახერხა სამინისტროსთვის მიწოდებულ მონაცემებში კორექტირების შეტანა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისი მონაცემები არასწორად შეიტანეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, იმის მიუხედავად, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ჰქონდა წარდგენილი.

არსებობს ინფორმაცია, რომ მსგავსი შემთხვევები სხვა რეგიონებშიც ხდებოდა, გამგეობების თუ საკრებულოების მიერ სამინისტროსთვის გადაცემული მონაცემები არაზუსტი იყო, პასუხს კი მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვდა. სამინისტროს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში ჩარევის უფლება არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, კითხვაც გაჩნდეს, ხომ არ იყო ძველი ხელისუფლების მიერ საბოტაჟის მცდელობა, თუმცა საქმეს სამართალდამცველები სწავლობენ და ალბათ, მოკვლევა ამ კუთხითაც წარიმართება.

ჩვენ შევეცადეთ, რამდენიმე რაიონში გადაგვემოწმებინა, რა ხდებოდა რეალურად და უშუალოდ ფერმერებისგან გაგვეგო მათი პრობლემების შესახებ, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფერმერები კმაყოფილები და მადლიერები არიან და იმედოვნებენ, რომ მსგავსი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, საშუალებას მისცემს ახლო მომავალში საკუთარი ძალებით შეძლონ მიწების დამუშავება.

სოფელ ოფჩას (ბაღდათი) მკვიდრი რომან ლაღიძე ამბობს, რომ საოცრება უკვე მოხდა და სოფლიდან წასული ხალხი უკან დაბრუნდა. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სათიბი და საწამლი აპარატების შეძენის საშუალება მიეცა ხალხს.

„მიწები დაუმუშავებელი იყო, ერთი ჰექტრის დასამუშავებლად დაახლოებით 1500 ლარია საჭირო, ამიტომაც გლეხი ამას ვერ ახერხებდა. დღეს ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა“, - ამბობს რომან ლაღიძე.

რომან ლაღიძე იხსენებს რომ მსგავსი მოცულობით მიწის ნაკვეთები მხოლოდ კომუნისტების დროს მუშავდებოდა, შემდგომ პერიოდში დამუშავებული სახნავ-სათესი სავარგულების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდებოდა და ბოლოს უკვე მხოლოდ 30%-მდე მიწა მუშავდებოდა.

სოფელი ფერსათის (ბაღდათი) მკვიდრი მედეა მაღლაკელიძე ამბობს, რომ მას საშუალო მეურნეობა აქვს, მაგრამ მიწის დამუშავებას მთლიანად ვერ ახერხებდნენ, იყო ტექნიკის, საწვავისა და თანხის პრობლემა.

„არც გამიგია, ისე დაიხნა მიწები, ხალხმა გამოიტანა ტექნიკა, შხამ-ქიმიკატები, სასუქი, უზრუნველყოფილია მთლიანად“,- ამბობს მაღლაკელიძე.

მისივე განმარტებით, პრობლემები შეექმნათ იმ გლეხებს, ვისაც 0.25 ჰექტარზე ნაკლები მიწა ჰქონდა, მაგრამ უკვე არსებობს დამატებითი სიები და მათაც შეუძლიათ მიწების მოხვნა.

სოფელ ნანიანის (გურჯაანი) მკვიდრი დოდო კურტანიძე ამბობს, რომ მინდვრები, რომელიც საქონლის საძოვრად იყო ქცეული, მთლიანად „გადაშავებულია“. მსგავსი რამ კახელებს დიდი ხანია არ უნახავთ.

„ჩემი მეუღლე თბილისში მუშაობს, ბანკიდან კრედიტი გვაქვს აღებული, 4-5 თვეღა დარჩა და ბანკის ვალს გავისტუმრებთ. დაფარავს თუ არა კრედიტს, სოფელში ბრუნდება, ძროხების შეძენას ვაპირებთ, მიწა საკმარისად გვაქვს და თუ მხარდაჭერა გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან, მეურნეობას სერიოზულად გავაფართოებთ. გეგმები უკვე დავსახეთ და პირველად გაგვიჩნდა იმედი, რომ ამ გეგმებს შესრულება უწერია. რაც შეეხება სასუქს, ტექნიკას ან შხამ ქიმიკატებს, ამ მხრივ პრობლემა არავის შექმნია, ყველა მიწა დამუშავდა, მთელი სოფელი გახარებული და კმაყოფილია“.

სოფელ ყანდაურის (საგარეჯო) მკვიდრი მაია ზაკალაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღის მასწავლებელია, თვლის, რომ ეს იყო საუკეთესო ნაბიჯი, რაც ხელისუფლებამ გადადგა, რადგან ხალხმა იგრძნო, რომ მოვიდა მთავრობა, რომელიც მასზე ზრუნავს.

„რამდენიმე წელია, მეუღლე თბილისში, რძის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, საშუალო ანაზღაურება, მაგრამ მძიმე სამუშაო ჰქონდა, მაგრამ რა გვექნა, სხვანაირად ბავშვებს ვერ გამოვკვებავდით. ვერ ვახერხებდით, იმდენი მიწა დაგვემუშავებინა, რომ თუნდაც უფრო მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი გაგვჩენოდა. როგორც კი დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო მართლაც დაგვეხმარებოდა, ჩემმა მეუღლემ მაშინვე დატოვა სამსახური და სოფელში დაბრუნდა. ახალი ენთუზიაზმით დავიწყეთ ცხოვრება და მომავლის დიდი იმედი გაგვიჩნდა“, - ამბობს მაია ზაკალაშვილი.

შესაძლოა გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობდა, მაგრამ ის, რასაც მოსახლეობა გვიამბობს, ნაკლებად არის თანხვედრაში იმ კორუფციულ სქემასთან, რაზეც საუბრობენ სამართალდამცველები. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შ.პ.ს. „მექანიზატორის“ რამდენიმე თანამშრომელი.

როგორც კირვალიძე ამბობს, „მიმდინარე პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა, ზეწოლა და მანიპულირება იქნება ძალიან ცუდი. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს დაადგინონ სიმართლე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ერთი რამ - უდანაშაულობის პრეზუმფცია“.

დავით კირვალიძე არ აკონკრეტებს, გამოძიების დასრულების შემდეგ რამდენად შეიძლება დაბრუნდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, მიწის მფლობელებისათვის ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათები დაარიგა. გლეხებსა და ფერმერებს ორი ტიპის ბარათი დაურიგდათ - ერთის საფასურით მათ მიწის დამუშავება, მეორით კი თავიანთთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს შეძენა შეუძლიათ.

0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები მიიღებენ 510 ლარის ღირებულების ბარათებს, ხოლო 0.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები - 640 ლარის ღირებულების ბარათებს.

კირვალიძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ დაფიქსირდა პრობლემები სოფლის მეურნეობის ბარათის გაცემისას, მათ შორის ბარათების გაყიდვის ფაქტებიც:

„ზოგ შემთხვევაში შეთავაზება იყო მაღაზიის მხრიდან, რომ მიეყიდათ ბარათი ნაკლებ ფასში, რამდენიმე შემთხვევაში მაღაზიას პირდაპირ გამოკრული ჰქონდათ - „ვიბარებ ვაუჩერს“, ბევრი არ არის, თუმცა ასეთი გამოვლინებები არის და ჩვენ რეაგირებას ვახდენთ“, - აცხადებდა კირვალიძე. მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო 15-მდე მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ბარათების გაცემის შეფერხების ფაქტებს, კირვალიძე აღნიშნავდა, რომ აღნიშნულს სპეციალური კომისია სწავლობდა:

„ძალიან დიდი ციფრი იყო, განსაკუთრებით ოზურგეთიდან. კომისია მუშაობს, შეისწავლის ამ საკითხებს და ამ კვირის ბოლომდე დარიგება უნდა დასრულდეს, გარდა პრობლემურებისა, რომელიც ბევრი არ იქნება. როგორც კი დაემთხვევა ერთმანეთს სახელი, გვარი და პირადობის ნომერი, იმ ბარათის გაცემა მოხდება“.

აქტიურად ლაპარაკობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შეტევის პოლიტიკურ მხარეზეც. არსებობს ვარაუდი, რომ კირვალიძის კარიერა, რომელიც წესიერ, პატიოსან ადამიანად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას შეეწირა - დავით კირვალიძე ვახტანგ ხმალაძის სიძეა, ხმალაძე კი იმის მიუხედავად რომ ღიად ამას უარყოფდნენ, კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მართლაც მოაზრებოდა. პრაქტიკულად, ოჯახის წევრის ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დასახელება ვეღარ მოხდება, არადა, მისგან დამოუკიდებლად, სწორედ ხმალაძეს ჰქონდა უზარმაზარი ფორა - თავად პრემიერმა ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტის ფიგურის იდეალური კანდიდატი რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე იყო.

კულუარებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა გავლენების ჯგუფების დაპირისპირებაზე, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ხუხაშვილის და რესპუბლიკელების. ცდილობენ ერთმანეთის „კონტროლით“ პრემიერ-მინისტრთან უპირატესი პოზიცია მოიპოვონ.

სხვათა შორის, კირვალიძემ გადადგომის შემდეგ თავი შეიკავა კომენტარისაგან, უკავშირდება თუ არა მისი უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებულ დაწყებული გამოძიება შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობას.

„მარჩიელობა ცუდი საქმეა, ესაა კონკრეტული ძიების საკითხი, დაველოდოთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ მიმდინარე მოვლენებზე ვიღებ ჩემს წილ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გამომდიმარე იქიდან, რომ ყველა ამ ადამიანს დიდი პატივს ვცემ, მათი უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარია, მასწავლებლებიც არიან. მოუთმენლად ველი, რომ დროზე დასრულდეს გამოძიების პროცესი, გაირკვეს სიმართლე“, - განაცხადა კირვალიძემ.