საპარლამენტო უმცირესობამ მმართველ ძალას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების საშუალება არ მისცა, რის გამოც ინიციატივის განხილვა 15 მაისამდე გადაიდო.
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობა ექვსი საათის განმავლობაში, მწვავე კამათის, დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობა საკითხის განხილვის პროცესის ჩაშლას შეეცადა და ამისთვის ყველანარი მეთოდი გამოიყენა. პირველ რიგში, პლენარული სხდომის რეგისტრაცია ჩააგდეს, ხოლო შემდეგ საკითხის განხილვის გადაფარვა ხმაურით სცადეს, რის გამოც უმრავლესობამ ნაციონალები „პროცედურული ომის“ წამოწყებაში დაადანაშაულა, ოპოზიციონერებმა კი ხელისუფლებას ბრალი ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივის მიღების მცდელობაში დასდეს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, პროექტის ლიბერალიზებას პარტნიორი ქვეყნები მიესალმებიან და ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს იწონებენ.
მისი განმარტებით, ევროკავშირის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონში არსებული ზედმეტად მკაცრი რეგულაციები უნდა შეცვალოს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ცვლილებები - ჰუმანური, სამართლიანი და სამშვიდობო მიზნებზე მორგებულ ინიციატივას ემსახურება.
„ბრალდება იყო, რომ თითქოს, ეს ცვლილებები რუსეთს უკავშირდება, მაგრამ ეს ინიციატივა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს დაკვეთიდან. საერთაშორისო არენასა და ტრიბუნებზე, ყველასგან ცალსახად დადებითი შეფასება მივიღეთ - ესენი არიან ევროკავშირის ქვეყნები, მათი წევრი სახელმწიფოების მისიები, ევროკავშირის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროსაბჭოს ექსპერტები“, - განუცხადა for.ge-ს ციხელაშვილმა.
საკითხზე საუბრისას მმართველი ძალა ყურადღებას ნაციონალების მხრიდან წამოწყებულ პროცედურულ ომზე აკეთებს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რეგლამენტით გაწერილი პროცედურების გაწელვა მომხდარიყო.
„მთელი ექვსი საათი დავუთმეთ არა საკითხის განხილვას, არამედ პათეტიკასა და რიტორიკას, რომ ნაციონალები არიან პატრიოტები და იმას, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი რუსეთს. ენას ძვალი, რომ არ აქვს, ეს ამის საუკეთესო მაგალითია“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი კი ამბობს, რომ ამ კანონს ყველანაირ ომს გამოუცხადებენ.
„თუ ეს ახლა აღმოაჩინეს, რომ მათ პროცედურული ომი გამოვუცხადეთ, მაგათი საქმე კარგად ყოფილა. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას პროცედურული ომი გამოვუცხადეთ, რადგან აფხაზეთის აღიარებისკენ ეს პირველი გადადგმული ნაბიჯია. ეს არის კანონი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების გადმოლახვა სისხლის სამართლის დანაშაულია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასეთი არალოგიკური, გაუგებარი და სამართლებლივად დამღუპველი კანონი, მართლა, რამ დააწერინათ და შემოატანინათ პარლამენტში?!“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.
ინიციატივის მომზადების გამო, ხელისუფლებას უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აკრიტიკებს.
როგორც for.ge-ს წიკლაურმა განუცხადა, უმცირესობას იმ კანონის მიღება არ სურს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„შემოტანილ კანონპროექტში არანაირი ლოგიკა არ არის. ეს ინიციატივა ჩვენს მოქალაქეებს კი არ ეხებათ, არამედ რუსეთის ათასობით მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ კვეთს საზღვარს. საზღვრის ორმაგი სტანდარტის შემოღება კი, არის ანტისაოკუპაციო პოლიტიკის დასუსტება“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო სასესიო კვირამდე, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და უმრავლესობის მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ უფრო საღი დამოკიდებულება გაჩნდება.
„აღნიშნული კანონპროექტის მიღება, უკან გადადგმულ ნაბიჯსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას ნიშნავს. ამ კანონის მნიშვნელობა და არსი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაიგოს. დაუშვებელია, ამ კანონის მიღებით, ერთიანი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, სხვადასხვა საზღვარი გავაჩინოთ. მთავარია ის პრეცედენტი არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის რომელიმე ნაწილს უპირატესობა მივანიჭოთ, ვიდრე სხვას“, - აცხადებს დეპუტატი.
აკაკი ბობოხიძე მმართველ გუნდს სთავაზობს - პროექტით დაწესებული სანქციები იმ ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელდეს, რომლებიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
„საკითხის განხილვისას არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით იმ ადამიანის უფლებების დაცვა ხდება, რომელთაც შეიძლება კანონის მოქმედებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არსებული იურიდიული მდგომარეობის შესახებ არ იცოდნენ. ხომ არ სჯობს, კანონის მოქმედება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე არ გავრცელდეს, რომელიც რუსეთის ოკუპაციას არ აღიარებს. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას და მათ მოქალაქეებს, მათ ძალიან კარგად იციან, სად შედიან და ისინი ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთის ტერიტორიაზე შედიან“, - დასძინა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს მთავრობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვოთაც. კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება - თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა.
კანონში უცვლელი რჩება ის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ მიიღებს საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას.