ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებმა მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ფართომასშტაბური შეჭრა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის საჰაერო ძალების 39 თვითმფრინავი შეიჭრა, რაც გასული წლის ოქტომბრიდან, ყველაზე მასშტაბური შეჭრაა.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტაივანმა საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა ჩინური თვითმფრინავების გასაფრთხილებლად, ხოლო სარაკეტო სისტემები მათი მონიტორინგისთვის მზადმყოფნაში მოიყვამნეს.
16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.
10 ნოემბერს, ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
28 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.