უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.
„გასულ დღეებში, მოკავშირეებმა განცხადებები გააკეთეს ძალების მიმდინარე ან მომავალი განლაგების შესახებ. დანია ფრეგატს აგზავნის ბალტიის ზღვაში და ლიეტუვაში F-16 ტიპის ოთხი გამანადგურებლის განთავსებას აპირებს. ესპანეთი გემებს აგზავნის, რომლებიც ნატოს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან და ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს. საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა ნატოს მეთაურობით რუმინეთში ჯარები გააგზავნოს. ნიდერლანდები ბულგარეთში F-35 ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნის და ნატოს საპასუხო ძალებისთვის ხომალდსა და სახმელეთო დანაყოფებს გამოყოფს. აშშ-მა ასევე განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას განიხილავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით.
„ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.