უკრაინა-რუსეთ შორის ფართომასშტაბიანი ომი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, თუმცა პუტინისთვის ეს იოლი გასეირნება არ იქნება. ბრიგადის გენერალი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რუსეთი დასავლეთთან ბოლომდე ივაჭრებს, რათა ამ სიტუაციიდან მაქსიმუმი სარგებელი ნახოს. ის ამ ძალის დემონსტრირებით ორი მთავარი მიზნის მიღწევას ეცდება - მსოფლიოს და განსაკუთრებით, დასავლეთს რუსეთის მნიშვნელობა დაანახოს და მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. მეორე მხრივ კი, ნავთობზე ფასების ზრდა მოხდეს, რათა საკუთარი სამხედრო პოტენციალის კიდევ უფორ გაზრდა შეძლოს. რუსეთი ასევე ეცდება, რომ შანტაჟის მეშვეობით, უკრაინას მინსკის ხელშეკრულების შესრულება მოსთხოვოს. თუმცა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პუტინი ფართომასშტაბიან ომში არ შევა და ის ამხელა რისკზე არ წავა.
ახლა რა პროცესებსაც თვალს ვადევნებთ, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ალბათობა იმის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას?
- მაინც იქით ვიხრები, რომ ფართომასშტაბიან ომთან საქმე არ გვექნება. არ მგონია ამ დაძაბულობის ფონზე, როცა მას ერთდროულად ევროპა და ამერიკა უპირისპირდება, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა გაბედოს. ეს ყველაზე წამგებიანი სცენარი იქნება. ამისთვის რა მიზეზიც არ უნდა მოიგონოს, ყველა ვარიანტში თეთრი ძაფებით იქნება ნაკერი. რა თქმა უნდა, პუტინი არასტანდარტული მოქმედებებით არის ცნობილი და მისი მხრიდან რაიმე პრიმიტიულ მოქმედებებსაც არ უნდა ველოდოთ. არ მგონია, რომ ის მთელი ფრონტით უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდეს. თუმცა მხარეებს შორის შესაძლოა, მოლაპარაკებები ისე წარიმართოს, რომ სრულიად სხვა სურათი მივიღოთ.
რა შეიძლება მოლაპარაკების საგანი იყოს და რის მიღებას შეეცდება პუტინი?
- ახლა თვალს რასაც ვადევნებთ, დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დუღილის ტემპერატურა დაწიოს. თუ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთ-ამერიკას შორის თითო-ოროლა შეხვედრები იყო, დღეს თვალს აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ვადევნებთ. პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბრები მიდის. შეხვედრათა მთელი რაუნდები იმართება. შეხვედრებია ნატოში და მოწოდებები იმაზე, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა უნდა აღსდგეს. ყველა იქამდე მივიდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია. ეს რუსეთის „დამსახურებაც“ არის, რადგან ამ დაძაბულობის ფონზე, ის საკუთარი როლის გააქტიურებას ცდილობს. ძალების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან რომ არ ყოფილიყო, ალბათ ამ მოლაპარაკებებს არც არავინ დაიწყებდა.
საბჭოთა კავშირის დროსაც კი რუსეთს ამხელა თავგასულობა არ უკადრია. ასე ღიად და გამომწვევად დიდი სამხედრო ძალების გადასროლა სასაზღვრო რეგიონებში არ ხდებოდა. საბჭოთა კავშირიც კი ცდილობდა მეზობლებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო. წინასწარ ატყობინებდა მასშტაბურ წვრთნებს რომელ რეგიონში გეგმავდა, საერთაშორისო დამკვირვებლებს იწვევდა. დღეს რუსეთი ამ სტანდარტებიდან გასულია. დასავლეთს ეუბნება, რომ ჩემი ტერიტორიაა და ჯარებს სადაც მინდა იქ განვალაგებ.
რუსეთი ორი მიმართულებით მოქმედებს, ერთი არის სამხედრო მანევრები, რომლითაც ვითარება დაძაბა და მეორე ენერგოკრიზისი, რომელიც მან გამოიწვია. ამ დაძაბულობამ კი ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია. ეს პუტინს საშუალებას აძლევს, რომ თავის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად უფრო მეტი დახარჯოს. მთელი ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ ენერგოკრიზის გამოიწვიოს.
რუსეთი შესაძლოა შანტაჟით ცდილობდეს, რომ უკრაინამ მინსკის ხელშეკრულება შესრულოს?
- რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია და რუსეთი მაქსიმუმის წამოღებას ეცდება. მინსკის ხელშეკრულებას რაც შეეხება, ეს უკრაინისთვის ძალიან წამგებიანი შეთანხმებაა, რასაც გვიან მიხვდნენ. ძალიან მიკვირს, თავის დროზე ამას ხელი რატომ მოაწერეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ევროპელი პარტნიორების ზეწოლის შედეგადაც მოხდა, რათა მაშინაც როგორმე ტემპერატურა დაეწიათ. გააფორმეს ხელშეკრულება, სადაც ყირიმი საერთოდ ნახსენებიც არ არის. „მინსკი 2“-ში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკი არის, მაგრამ შემდეგ საუბარი მხოლოდ დონბასზე მიდის. არადა ამ დროს ყირიმი უკვე რუსეთის მიერ ანექსირებული იყო. წარმოიდგინეთ, როცა ასეთ დროს ხელშეკრულებას აფორმებ და ყირიმი არ შეგაქვს... დიდი ალბათობით, რუსეთის ხისიტი პოზიცია იყო, რომ ამ ხელშეკრუელბას ხელს არ მოაწერდა. უკრაინა ამ ხელშეკრულების შესრულებას რომ დათანხმდეს, რუსეთ-უკრაინის და ყირიმის თემაც დაიხურებოდა.
საუბარია ასევე იმაზეც, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და უკრაინა პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ამის გაკეთებას შეეცდება, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ფაქტი?
- რუსეთმა ძალიან კარგად იცის იმ ფორმით და შინაარსით, რაც საბჭოთა კავშირი იყო, აღდგენა შეუძლებელი იქნება. საკუთარ ქვეყანაში რუსები საბჭოთა კავშირის მოდელის გამეორებასაც ვერ ახერხებენ. რუსეთში ველური კაპიტალიზმია და ასეთ ქვეყანას რა მიზიდულობა უნდა ჰქონდეს?! გარდა იმისა, რომ ძლიერია, ბირთვული იარაღი აქვს, მილიონიანი არმია ჰყავს და შეიარაღება აქვს. რუსეთი იმასაც კარგად ათვითცნობიერებს, რომ პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას ვერ მიიერთებს და ვერ არჩენს. ამის რესურსი საბჭოთა კავშირს ჰქონდა, რუსეთს არ აქვს. ამიტომ პუტინი ამ მიმართულებით მიდის, რომ სამეზობლოში მისი გავლენის ხელისუფლებები იყოს. ვხედავთ უკრაინელ პრორუსულ ძალებს ეპატიჟებიან და შეხვედრებს მართავენ. რუსები ჩვენ თანატოლ მოსაუბრე ქვეყნებად არ გვთვლიან. მათ თავიანთი გრძელვადიანი გეგმები აქვთ, რომლის მიღწევასაც ცდილობენ. საბჭოთა კავშირის აღდგენას ვერ შეძლებენ, მაგრამ საკუთარ გავლენებს გააძლიერებენ. როგორ იცხოვრებენ მერე ეს ქვეყნები, არ ადარდებთ. მათ ხომ არ ანაღვლებთ ახლა ყაზახეთი როგორ არის. ყაზახეთის ურჩობა, როგორც დაასრულეს და საათავისოდ შემოატრიალეს, ვნახეთ. სოციალური ბუნტი მალევე შიდაკარის რევოლუციად გააფორმეს და დღეს ისეთი პრეზიდენტი მიიღეს, რომლისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოვა. რუსებს ასეთი უკრაინა, ბელარუსი, კავკასია უნდათ. მათთვის მთავარია ნატო და დასავლეთი არ იყოს და დანარჩენი რაც გინდა ის მოგვსვლია, სულაც არ ანაღვლებთ.
სამხედრო თვალსაზრისით მინდა გკითხოთ, რა შეიძლება პუტინს ჩაფიქრებული ჰქონდეს. მოლოდინია, რომ თავდასხმა კიევზე მოხდება და დედა ქალაქს საჰაერო გზით დაბომბავს. თქვენი ვარაუდი რა არის?
- უკრაინის არმია აღარ არის ის, რაც 2014 წელს იყო. პოტენციალით, შეიარაღებით, საბრძოლო გამოცდილებით რუსეთს გაუტოლდება. ამიტომ პუტინს უკრაინაში მარტივი გასეირნება არ ექნება. ეს რუსეთმაც ძალიან კარგად იცის. ასევე არსებობს მეორე მხარეც, როდესაც ამბობენ, რომ უკრაინა მატი მოძმე ერი იყო და ამ დროს ომის ზღვარზე არიან. კარგი, ვთქვათ უკრაინა დაიპყრეს, შემდეგ რა ხდება? უკრაინის ეკონომიკა მთლიანად იშლება და რუსეთმა თავისი ფინანსური რესურსებით 40 მილიონიანი მოსახლეობა უნდა დააპუროს? უმძიმეს სურათს მიიღებს. დაპყრობაც ასე ადვილი და იოლი არ იქნება, რადგანაც უკრაინელები ასე მარტივად არაფერს დათმობენ. თუმცა, როცა ამხელა სამხედრო ძალაა მობილიზებული დონბასში, საზღვართან ნებისმიერი პრვოკაციაა მოსალოდნელი. შემდეგ არავინ იცის მოლაპარაკებები დასავლეთს და რუსეთს შორის როგორ დასრულდება. ამიტომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.
თუმცა ფაქტია, რომ ამხელა სამხედრო ძალას პუტინი თუ რამე არ მიიღო, უკან არ გამოიყვანს. გამოდის, ომს დაიწყებს - კისერს მოიტეხს, არ დაიწყებს - კიდევ უარესი, გამოსავალი რაშია?
- რა თქმა უნდა, როცა საზღვართან ამხელა სამეხდრო ძალაა მობილიზებული, კონფლიქტის რისკი დიდია. კედელზე დაკიდებული თოფი გაისვრის წელიწადში ერთხელო, ასეთი გამოთქმაა და ამხელა სამხედრო ძალას ასე უბრალოდ უკან ვეღარ გამოიყვან. რუსეთმა თავად უნდა დადოს პირობა, რომ ბირთვულ იარაღს პირველი არ გამოიყენებს. თავს არც ერთ ქვეყანას არ დაესხმება და ამ რუსული სამყაროს სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტს. მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ უკრაინაში რუსი ეროვნების მოქალაქეები არიან. ამ საბაბით საკუთარი ინტერესების გატარება ამ ქვეყნების შიდა საქმეში ჩარევაა.