უკრაინა ომის ზღვარზეა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადავა, რთული სათქმელია, რამდენად შორს შეიძლება შევიდეს ეს კამპანია და როგორ შეიცვლება ფრონტის ხაზი, თუმცა დიდი ომის ალბათობას გადაჭარბებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე და პრაქტიკულად, გამორიცხავს, რომ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეს. მისი თქმით, ომის ალბათობა ძალიან მცირეა, ვინაიდან ორივე მხარეს გარანტირებულად შეუძლია გაანადგურონ ერთმანეთი.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთ-უკრაინის მოვლენები და ამის პარალელურად, რამდენად იზრდება საფრთხე საქართველოსთან მიმართებაში?
სოსო მანჯავიძე: პრობლემა უნდა დავინახოთ გეოპოლიტიკური რაკურსით. ახალი არაფერი არ ხდება. ამაზე ერთი წლის წინ ვწერდი ჩემს სტატიაში - "ანაკონდას მარყუჟის თამამედროვე ვარიაციები" სადაც განხილულია კორპორაცია რენდის რეკომენდაციები თეთრი სახლისადმი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამა თუ იმ რეგიონში. გარკვევით ეწერა სტრატეგია, რომელიც განხორციელდა 2020 წელს, კერძოდ, მოვლენები ბელორუსში და უკრაინაში და, ასევე სამხედრო სტრატეგიული საკითხები. ეს ძველი სტრატეგიაა, რომელსაც ჯერ კიდევ ადმირალი მეჰენი - ამერიკული გეპოლიტიკის ფუძემდებელი „ანაკონდას მარყუჟს“ ეძახდა, კისინჯერი - „რგოლს“, ბჟეზინსკი თავის წიგნში "დიდი საჭადრაკო დაფა“ იმეორებდა ჰელფორდ მაკინდერის ცნობილ ფორმულას - ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ის ფლობს ევრაზიას - ვინც ფლობს ევრაზიას, ის ფლობს მსოფლიოს.
ანუ, არაფერი ახალი არ არის. ეს არის მცდელობა საზღვაო ძალის, როგორც ადრე უწოდებდნენ ბრიტანეთს და ახლა აშშ-ს, რომ სანაპირო ზოლები ჩამოაჭრას რუსეთს და გააკონტროლოს სახმელეთო იმპერია. ადრე რუსეთი იყო და ახლა რუსეთ-ჩინეთის ტანდემია, რომელიც მალე, ალბათ, გადაიზრდება უფრო ღრმა სამხედრო - პოლიტიკურ თანამშრომლობაში. შემოარტყან რუსეთს ცეცხლოვანი რკალი, ხოლო ჩინეთს შეუშალონ ხელი სტრატეგიული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში და წყნარი ოკეანიდან შეაჩერონ მისი ზრდა ამერიკული ფლოტის მეშვეობით, ეს არის სტრატეგია.
ჩვენ ვხედავთ როგორ ხორციელდება ეს სტრატეგია - ჯერ იყო ბელარუსი, ახლა უკრაინა, რომელიც მუდმივი დაძაბულობის კერაა, ორი რევოლუცია მოხდა და ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში - ომისწინა მდგომარეობაა. შემდეგ, სამხრეთ კავკასიური და შუა აზიური ფრონტი - ეს ერთიანი სტრატეგიის ნაწილია. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს დაპირისპირების ზღვარმა გადაიწიოს თავისი საზღვრებიდან და პირიქით, პრობლემები შეუქმნას აშშ-ს მისი ტრადიციული გავლენის ზონებში.
ამ შემთხვევაში უკრაინაში და საქართველოში?
- ცხადია, რუსეთის სტრატეგია ასეთია - ის, ცდილობს არ დაუშვას ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში და თავისთავად, ცხადია, - ცენტრალურ აზიაში. ამავე დროს რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს დაპირისპირების ზონა და აღადგინოს 1997 წლამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ნატო-ს გაფართოების დასაწყისამდე.
რაც არ არის მარტო უკრაინის საკითხი...
- რასაკვირველია. თავისთავად ცხადია, რომ ეს დაპირისპირება ათასგვარ ფორმებს ღებულობს. ეს არის იდეოლოგიური, ინფორმაციული, პოლიტიკური, ასევე მიმდინარეობს სადაზვერვო სამსახურების სამუშაო, მათ შორის რეჟიმების დაქვემდებარება. ეს ყველაფერი ამ ბრძოლის ნაწილია, რომელსაც ათასგვარი ფორმა აქვს. ორივე მხარეს ჰყავს თავისი პოლიტიკური პროქსები ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენ აქ ვხედავთ, როგორც რუსულ გავლენას, ასევე ამერიკულ და დასავლურ გავლენას.
როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა შედეგს მივიღებთ ამ პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად?
- რა თქმა უნდა, ცალკე აღებული რუსეთი ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ საპირწონეს არ წარმოადგენს კოლექტიური დასავლეთისთვის. თუმცა, მას აქვს რამდენიმე კოზირი, პირველი - ეს არის ატომური ტრიადა, მიღწეული წარმატებები ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღის შექმნაში, სადაც ინარჩუნებს ლიდერობას. მეორე - რუსეთი არის უშიშროების საბჭოს წევრი ვეტოს უფლებით. მესამე - რუსეთს შენარჩუნებული აქვს იმპერიული ინსტრუმენტები. კერძოდ, ეს არის არმია, დიპლომატიური უწყებები და სადაზვერვო სამსახურები, რომელებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ საინფორმაციო ომის საშუალებებთან.
ანუ, რუსეთს შენარჩუნებული აქვს გეოპოლიტიკური ცენტრი და მისი ეკონომიკა თანაზომადი არ არის მისი იმპერიული სიძლიერის?
- რუსეთი საბჭოთა კავშირის შემდეგ საკმაოდ დასუსტებულია.საბჭოთა იმპერიის აჩრდილია მისი არმიაც, ფლოტიც და ეკონომიკაც. თავისი შედარებითი სისუსტის კომპენსაციას რუსეთი საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკური მანევრებით ახდენს. კერძოთ რუსეთს ძალიან სერიოზული ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. უკვე საუბარია რუსულ-ჩინური ინტერესების სრულ დამთხვევაზე დასავლეთთან დაპირისპირების საკითხში. ჩინეთი აფინანსებს გაზის ინფრასტრუქტურის მიყვანას იმ დონემდე, რომ მას შეეძლოს ერთიანობაში მოაქციოს რუსეთის გაზგამანაწილებელი სისტემა, რათა მას შეეძლოს ყოველგვარი სირთულის გარეშე ენერგონაკადები გადაისროლოს აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით. ამისთვის, ციმბირის ძალა ერთი, ციმბირის ძალა ორი და ციმბირის ძალა სამი ერთვება მილსადენების სისტემაში, რომელიც მოამარაგებს ჩინეთს, ამ პროექტების მთავარ ბენეფიციარს.
ამის გარდა, რუსეთი ჩინეთს ეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში და ეს ტექნოლოგია აქვს მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს, ჩინეთი ამ შემთხვევაში ხდება სრულფასოვანი ზესახელმწიფო, რომელსაც ექნება ისეთივე გლობალური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, როგორიც აქვს აშშ-ს და რუსეთს. ამავე დროს რუსეთი მონაწილეობს 3+3-ის ფორმატში, სადაც საქართველო გარკვეული მიზეზების გამო არ არის წარმოდგენილი და ამ ფორმატში მას აქვს ურთიერთოებები ორ რეგიონალურ ზესახელმწიფოსტთან , თურქეთთან და ირანთან. ვხედავთ, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ რეგიონიდან განდევნონ, არარეგიონალური აქტორები, მიუხედავად მათ შორის არსებული წინააღმდეგობებისა. ახლახან ვნახეთ ირანის პრეზიდენტის ვიზიტი და იქ მისი გამოსვლა. ამავე დროს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა ძალას წარმოადგენს ირანი.
მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ბირთვული იარაღი?
- რა თქმა უნდა, ის ძალიან შორს წავიდა ბალისტიკური რაკეტების და საერთოდ იარაღის ფართო სპექტრის წარმოების საკითხში. ირანი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და ამავე დროს, ის მარტო 85 მილიონიანი სახელმწიფო არ არის, ის წარმოადგენს 200 მილიონიან შიიტურ სამყაროს, რაც სხვა მნიშვნელობას ანიჭებს ირანს, როგორც გეოპოლიტიკურ აქტორს. აქედან გამომდინარე, ის მოსაზრებები, რომ დასავლეთს შეუძლია რუსეთი სვიფტიდან ამორიცხოს და მის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციები შეიმუშაოს, რომ რუსეთი ატაროს თავის ჭკუაზე, ეს გულუბრყვილობაა. მიუხედავად კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დისბალანსისა, რუსეთი არ არის მარტო რუსეთი. ძალთა განლაგება სულ სხვა ელფერს იძენს და სულ სხვა რაკურსით უნდა დავინახოთ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელზეც ვისაუბრეთ. უკრაინის საკითხი ლოკალური არ არის, ის გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. როგორ გადაწყდება უკრაინაში პრობლემა, დიდწილად განაპირობებს გეპოლიტიკურ დინამიკას.
ფაქტია, რომ აქ იოლად არავინ არაფერს დათმობს და აქიდან გამომდინარეობს საფრთხეც. როგორ ფიქრობთ, მივიღებთ რუსეთ-უკრაინის ომს, მით უფრო, როცა რუსეთი ღიად ამბობს, რომ არ დაუშვებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას?
- ვფიქრობ, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა. ომის ალბათობა ძალიან მცირეა, ვინაიდან ორივე მხარეს გარანტირებულად შეუძლია გაანადგურონ ერთმანეთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმე გვექნება პოლიტიკურ დაპირისპირებასთან, მულტისექტორალურ ვაჭრობასთან, რომელსაც თან ახლავს მუქარა, სისხლი და უამრავი სხვა რამ. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზესახელმწიფოები დიდი ხანია პირდაპირ ვერ ომობენ ატომური იარაღის არსებობის გამო და ომობენ პროქსების მეშვეობით. ანუ, მოკავშირეები ომობენ. მაგალითად, სირიაში ვაკვირდებოდით რუსულ-თურქულ დაპირისპირებას, ერთის-მხრივ სისხლი იღვრვება თურქეთისა და რუსეთის პროქსებს შორის.
- მეორეს მხრივ, ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევენ და მეგობრობას ეფიცებიან. ცხადია, რუსეთი არ დაუშვებს ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებას უკრაინაში და საქართველოში. მას ამისთვის აქვს ინსტრუმენტები და ამავე დროს ფლობს უპირატესობას ხმელეთზე, რაც ასევე მყარი არგუმენტია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო ძალთა განლაგებაზე, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციების წარმოება აბსოლუტურად გამორიცხულია ნატო-ს მხრიდან. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ აშშ-მა სახმელეთო ოპერაცია აწარმოოს რუსეთის წინააღმდეგ?! ეს აბსულუტურად გამორიცხულია.
თუმცა, არის ასეთი მოლოდინი, რომ უკრაინის გამო აშშ შესაძლოა ჩაერთოს კონფლიქტში და ამის მოტივად ასახელებენ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას...
- ბაიდენმა ანეგდოტური განცხადება გააკეთა - მცირედ თუ შეიჭრებიან, მაშინ არაფერს მოვიმოქედებთ, მაგრამ თუ ძალიან შეიჭრებიან, მაშინ დიდ სანქციებს დავუწესებთო. ეს, რა თქმა უნდა, ბაიდენის სტილშია. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ავღანეთის ფიასკოს შემდეგ, ასეთ არარეალისტურ მოსაზრებებს აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ხელში არის უპირატესობა?
- ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ხალხი არ არის ომისთვის მზად, ვერავითარი იარაღი თავისით ვერ იომებს. არც ამერიკის და არც ევროპის საზოგადოებრივი აზრი არა თუ მზად არაა ომისთვის, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მით უმეტეს რუსეთის წინააღმდეგ. ეს გამორიცხულია და თან, ამას დასჭირდება ძალების კოლოსალური მობილიზაცია. ვისაც ესმის რუსეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა და წარმოუდგენია რუსეთთან ომის შედეგები, ის, რა თქმა უნდა, არ იტყვის, რომ ამერიკელები, ან ინგლისელები კონვენციურ ომზე იფიქრებენ რუსეთის წინააღმდეგ.
გვახსოვს 2008 წელს რა საოცარი გონების დაბნელება სუფევდა საქართველოში, როდესაც ერთი ამერიკული გემი შემოვიდა და წარმოიდგინეს, რომ ომს გააჩაღებდა. რუსეთს ჰყავს ძალიან ძლიერი არმია და ამავე დროს მათი საბრძოლო განწყობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, არანაირი სამხედრო ოპერაციებისთვის უკრაინის გამო ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობა მზად არ არის, ეს გამორიცხულია. ვერანაირი საინფორმაციო კამპანია ამას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა, გამორიცხული არც არაფერია და მათ შორის ის, რომ საკუთრივ უკარაინაში მოხდება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომლითაც რუსეთს წამოიკიდებენ სამხედრო ოპერაციაზე.
თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი წამოიკიდეს სამხედრო ოპერაციაზე, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
- ასეთ შემთხვევაში რუსეთისთვის დადგება მძიმე შედეგი, ვინაიდან დასავლეთი მიიღებს ძალიან ბევრ კოზირს. ვფიქრობ ნერვების თამაში გაგრძელდება. რუსეთს აქვს ცდუნება, რადგან კარგად ესმის, რომ კონვენციური ომით და ფრონტალური შეტევებით შენთხვევაში მას, სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევებ უკრაინის შეიარაღებული ძალები. მაგრამ რუსეთს ასევე ესმის, რომ მას ამ ოპერაციის შემდეგ ექნებათ ძალიან ბევრი პრობლემა. აქედან გამომდინარე, დიდი ომის შანსი ძალიან მცირეა. თუმცა, ალბათობა ყოველთვის არსებობს. ბევრი ომის გვახსოვს კაცობრიობის ისტორიაში, რომლის დაწყებას არაფერი მოასწავებდა და შემდეგ უამრავი ადამიანი და სახელმწიფო ემსხვერპლა ასეთ ომებს. ასე რომ, ომის დაწყების ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა, ეს გამორიცხული არ არის.
დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად დასუსტებულია ამერიკის პოზიციები და ამის ფონზე, რამდენად მყარია რუსეთის პოზიციები?
- საერთოდ, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ყველა სუპერ გაერთიანებას როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი თუ ევროკავშირი, აქვს თავისი შიდა პრობლემები. აშშ შევიდა კრიზისში, რაც განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ბაიდენ-ტრამპის დაპირისპირება, რომელიც ასახავს ყელაზე მძიმე შეურიგებელ ღირებულებით დაპირისპირებას ამერიკულ საზოგადოებაში. ამ დაპირისპირების განმუხტვის შესაძლებლობა ძალიან ნაკლებია თვითონ ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება და 2024 წლისთვის, ალბათ, მიაღწევს თავის პიკს. ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი ამერიკის დაშლასაც კი ვარაუდობს 2024 წლის არჩევნებისთვის. გადავხედოთ რა ღირებულებითი დაპირისპირება მიმდინარეობს აშშ-ში ამ დამახინჯებულმა ლიბერალიზმა, ძალადობრივმა დე-გენდერიზაციამ და კრიტიკული რასიზმის თეორიამ საერთოდ ყოველგავარი საფუძველი მოუსპო ტრადიციულ ამერიკულ საზოგადეოებას, რომელიც ვეღარ აღიქვამს თავის თავს იმ ამერიკაში, რომლის მოქალაქედ ის დაიბადა და გაიზარდა.
ამერიკის ხელისუფლების ეს კომიკური ფიგურები ძალიან ცუდ მომავალს უქადიან აშშ-ს და ამის ნათელი მაგალითია ავღანეთი, სადაც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა წარმოუდგენელი დარტყმა მიაყენეს საკუთარ იმიჯს და ამაზე პასუხი არავინ აგო. ამას ემატება უთანხმოებები ევროპელ სახელმწიფოებთან, ევროპაში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესები და პრობლემების მატება მთელს პერიმეტრზე. დღეს ანტიამერიკული განწყობები პიკს აღწევს. უდიდესი პრობლემები აქვს აშშ-ს სამხრეთ ამერიკაში, ეძაბება ურთიერთობა მექსიკასთან, არაფერს ვლაპარაკობ ვენესუელაზე, ბოლივიაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, კოლუმბიაშიც კი, რომელიც აშშ-ს ფორპოსტი იყო სამხრეთ ამერიკაში.
დღეს, მთავარი დაპირისპირება ჩინეთსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ეს დაპირისპირება თავის ინტერესებში, ისევე როგორც ის პრობლემები, რომელიც აქვს კოლექტიურ დასავლეთს და მის ლიდერს - აშშ-ს. მისი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალური გააკეთოს იმისათვის, რომ მოხდეს მოკავშირეების ინტერესების დაპირისპირება, რაც ხშირად გამოსდის.
რუსეთ-ამერიკის და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების პროცესში, სად არის საქართველოს ადგილი და რამდენად მზარდია საფრთხე, რომელსაც ასევე ღიად აქვს გაცხადებული ნატო-ს წევრობის სურვილი?
- ცხადია, რუსეთი შეეცდება არ დაუშვას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ამ ეტაპზე უკრაინას და საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს. ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკიც კი გამორიცხულია. მიკვირს, ამდენი წლის შემდეგ რატომ არის ეს დისკუსიის თემა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ჯერ ვერ შევალთ. ხან აბიტურიენტები ვართ, ხან ასპირანტები და ხან დოქტორანტები. აქედან გამომდინარე, ღიად და საჯაროდ უნდა ვთქვათ, რომ გეოპოლიტიკური ძალთა განლაგება გამორიცხავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.