სააკაშვილს ძალიან მოეწონა ეს აზრი, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუმძიმოს პრეზიდენტყოფილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისთვის უჩვეულო სულიერ სავანეში - მონასტერში გაგზავნით, თანაც მოუნანიებლად. ამის მიუხედავად, ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) 6 მარტს, დიდმარხვის დაწყების წინა დღეს, სინანულის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. სავარაუდოდ, მეუფე ნიკოლოზის ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამ დღეს უნდა შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი და მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში შინაპატიმრობაში გადაიყვანონ.
ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე მეუფე ნიკოლოზმა ელვის უსწრაფესად ირაკლი ღარიბაშვილს სამების ეკლესიის საკურთხეველთან მეხსიერების ბარათი გადასცა, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენდობის კვირას წარმოთქმული პატრიარქის ქადაგებებია ჩაწერილი. მეხსიერების ბარათის პრემიერისთვის გადაცემით მეუფე ნიკოლოზმა შეახსენა ღარიბაშვილს შენდობის საჭიროება, რაც ისევ და ისევ მიშასთვის თავისუფლების მინიჭებაში უნდა გამოვლენილიყო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, მეუფე ნიკოლოზთან შეუძლია წავიდეს და ეს მოხდება 6 წლის შემდეგ. მანამდე კი სააკაშვილის ეკლესიასთან დაკავშირება სულხან-საბას იგავთან „მგელი მოძღვრად“ ასოციაციებს იწვევს.
„ნაცმოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი მადლობელია მეუფე ნიკოლოზის, მაგრამ არც შინაპატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს იგი, არამედ უნდა იყოს გარეთ, თავისუფალი.
რამდენადაა შესაძლებელი, სააკაშვილი შინაპატიმრობის იარლიყით თავისუფლებაზე აღმოჩნდეს და ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქია ნაცპოლიტიკოსთა მისვლა-მოსვლის ადგილად გადააქციოს? ამის შესახებ for.ge-ს თეოლოგი ლევან აბაშიძე ესაუბრა.
მეუფე ნიკოლოზის წინადადებასთან დაკავშირებით მორწმუნეები ფიქრობენ, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიურად უფრო რთული იქნება, იცხოვროს მონასტერში მონანიების გარეშე. რა შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში?
- ჩემი აზრით, საეკლესიო პირი არ უნდა ერეოდეს სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. არ არის ეს მათი საქმე, თუმცა რადგან მეუფე ნიკოლოზმა შესთავაზა ასეთი რამ ხელისუფლებას, შესთავაზა და მეტი არაფერი, ამით არაფერიც არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვყავს სასამართლო ხელისუფლება, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს ან არ შეიწყალოს სააკაშვილი, ასე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და არა რომელიმე ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის ნებით. ჩვენ რომ გვყავდეს სულთანი, სულთანს შეუძლია, რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ, თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა ვიცხოვროთ სამართლებრივი წესებით. თუ 47 ეპისკოპოსიდან ერთი რაღაცას იტყვის, ეს არაფერს ნიშნავს.
რამდენად რთულია მონასტერში მონანიების გარეშე ცხოვრება? უფრო არ გაუჭირდება სააკაშვილს ისეთ გარემოცვაში გადასვლა, რომელსაც მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე არც იცნობდა და, როგორც ამბობენ, პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა სწორად?
- მე ეს არ ვიცი, მაგრამ აქ მთავარია, რომ ადამიანს მიუსაჯეს ციხეში ჯდომა 6 წლის მანძილზე. მე მინდა, კანონის უზენაესობა იყოს ჩემს ქვეყანაში. როგორც მოქალაქე, ისე ვამბობ ამას და არა, როგორც თეოლოგი. მაშინ სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, დავარქვათ ამას ციხე, მიენიჭოს მას ციხის სტატუსი, მონასტერში გამოიყოს რაღაც ადგილი, იმას სჭირდება დაცვა, სჭირდება გარკვეული პირობები, ეს უკვე იურისტების გადასაწყვეტია.
ყოფილა შემთხვევები, როცა დანაშაულის ჩამდენი პირები გადაუყვანიათ მონასტრებში? მახსოვს, თავის დროზე პატრიარქის ინიციატივა იყო, მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ პირებს მონასტერში მოეხადათ სასჯელი. რა შემთხვევაში ხდება ასეთი გამონაკლისი ეკლესიის წიაღში?
- არ ვიცი. შეიძლება, ეს მომხდარა ოდესღაც, ვთქვათ, მე-12 საუკუნეში. დავით აღმაშენებელმა შესაძლოა, რომელიღაც აჯანყებული თავადი, ან რაღაც დანაშაულის ჩამდენი ეპისკოპოსი გაამწესა მონასტერში, მაგრამ იმ პერიოდში საეკლესიო სამართალი და სახელმწიფო სამართალი არ იყო გაყოფილი. ახლა ვერ წარმომიდგენია, თუკი 21-ე საუკუნეში ვართ და თანამედროვე სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა, წარსულის მაგალითები არ გამოგვადგება.
სხვათა შორის, დავით აღმაშენებლის ვაჟის - დემეტრე პირველის დავით გარეჯის მონასტერში აღკვეცის ფაქტია საინტერესო. შვილის აჯანყების შემდეგ, რომელმაც დემეტრე პირველს ტახტის წართმევა დაუპირა, დემეტრე (დამიანე) ბერად აღიკვეცა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუში, იამბიკო „შენ ხარ ვენახი“ დაწერა. სააკაშვილისგან ასეთი რამ არ არის მოსალოდნელი.
- დიახ, ასეთი ფაქტები წარსულში ხდებოდა, მაგრამ ახლა სხვა ეპოქაა, სულ სხვა ქვეყანაა ახლანდელი საქართველო. შეიძლება, სააკაშვილის მენტალობისთვის უფრო ადვილი იყოს მონასტერში ცხოვრება, რადგან ციხე მაინც ციხეა, დაკეტილი კარია, ციხეში მცხოვრებთა ფსიქოლოგია სულ სხვა რამეა, მაგრამ ეს ერთი მიტროპოლიტის გადასაწყვეტი არ არის.
მიშასთან დაკავშირებით ეგზორციზმიც ახსენეს ირონიის კონტექსტში, რადგან ეგზორციზმი დემონების გამოდევნას გულისხმობს ადამიანიდან.
- ალბათ, ეგზორციზმი იმიტომ ითქვა, რომ ეგზორციზმი ნიშნავს, როცა ადამიანი ეშმაკეულია, ეშმაკის გამოდევნა ეკლესიაში განსაკუთრებული ლოცვებით სრულდება. ზოგადად, არსებობს შინაპატიმრობა. ალბათ, ისიც შეიძლება, რომ შინაპატიმრობა მიესაჯოს ადამიანს მონასტრის კედლებში. მაშინ უნდა გაირკვეს, რა არის ეს შინაპატიმრობა, რომელ სახლში უნდა მოიხადოს პატიმარმა ეს სასჯელი და შეიძლება თუ არა მონასტერი ჩაითვალოს შინაპატიმრობის ადგილად, თუკი ადამიანს სამაჯურს გაუკეთებენ. თუმცა ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.