უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას და როგორ შეიძლება ეს ოპოზიციამ გამოიყენოს? მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, ქვეყანას ბევრი სოცალური პრობლემა დაუგროვდა, რაც მოსახლეობის სამსახურის გარეშე დარჩენას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს. გაზრდილი გადასახადები და უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა, შესაძლოა, ოპოზიციისთვის კარგი სამიზნე აღმოჩნდეს. თუმცა ანალიტიკოსები For.ge-სთან ამბობენ, რომ ოპოზიციის და ხალხის დღის წესრიგი სრულიად სხვაა. „ნაციონალურ მოძრაობის“ მთავარი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილია, ამიტომ ისინი ხალხის მაჯისცემას ვერ იგებენ და ხალხიც მათ აღარ ენდობა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში რაიმე სახის სოციალური აფეთქება გამორიცხულია.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური აგენტები უკვე მე-5 დღეა გაფიცულები არიან. ჯანდაცვის უწყება კი საკუთარ შეთავაზებებზე პასუხს ელის.
შეწყდება თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფიცულები ჯანდაცვის უწყებაში მინისტრის მოადგილესთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება.
ხელფასის 100 პროცენტიანი ზრდა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება გაფიცულების მთავარი მოთხოვნებია. მხარეებმა მოთხოვნებთან ერთად ის კონკრეტული ნაბიჯებიც განიხილეს, რომელიც სააგენტომ შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგა.
რაც ამ დრომდე ცნობილი იყო, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა და 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის ხელფასი კი - 700 ლარამდე გაიზარდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სოციალური სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც 10-წევრიანი საინიციატივო ჯგუფი შეხვედრის შინაარსს 400-მდე გაფიცულს გააცნობს.
რას სთავაზობს ჯანდაცვის უწყება სოცაგენტებს და სამსახურის თანამშრომლებს, ღიად არც დამოუკიდებელი პროფკავშირები საუბრობენ. „სოლიდარობის“ ქსელის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება უახლოეს ორ დღეში უნდა შედგეს.
პროტესტი ასევე რამდენიმე დღის წინ გორის ჰოსპიტალიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გამოხატეს. ისინი სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. სამსახურიდან ასევე განათლების სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლებაც მოხდა, სადაც მათ განუმარტეს, რომ კონკურსის პირობებს არ აკმაყოფილებენ.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სოციალური პორბლემების გამო ოპოზიციას მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა არ შეუძლია, რადგან ისინი სხვა საკითხებით არიან დაკავებულები. კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარი მიზანი ახლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა.
„თავად ნიკა მელიამაც კი აღიარა, რომ ხალხის პრობლემებს და მაჯისსცემას ასცდნენ. ეს სტრუქტურული ცვლილებები პარტიის შიგნით ამიტომაც განხორციელდაო. ფაქტია, სააკაშვილის ციხეში ყოფნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყურადღების ძირითად ფოკუსად იქცა, ამიტომ სხვა ყოფითი პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, ოპოზიციისთვის გაუფერულდა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს რაც შეეხება, მაგალითად, „ლელოს“ ყურადღება სასამართლო პროცესზე იყო გადატანილი. თვითონ ოპოზიციას სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვს, რის გამოც მნიშვნელოვანი პრობლემებიდან გადახვევა ხდება.
მეორე ამბავია, რომ თავად მოსახლეობაში ეს საპორტესტო მუხტი გააქტიურებული არ არის. ხალხს გარეთ ძალით ვერ გამოიყვან. ამ მოვლენის ახსნა ასე მაქვს - ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფორ დამძიმდა; ყველა მიმართულებით ცუდი სიტუციაა; ამ დროს ჩვენ ნახევრად თავისუფალი ქვეყანა ვართ; ჰიბრიდული რეჟიმში ვართ; ჩვენში ავტორიტარული და დემოკრატიული ტენდეციები არსებობს და, ამიტომ დამძიმებულ სოციალურ ფონს ქუჩაში მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეუძლია გამოიყვანოს. ის ადამიანი, რომელიც თავისუფალი არ არის, ხელისუფლებაზე კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი For.ge-სთან.
მისივე თქმით, რაც უფრო მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შველას ხელისუფლებისგანვე ელოდება. კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის და ამ სოციალური უკმაყოფილო მუხტის სამართავად სხვადასხვა სოციალურ დამხარებებს აძლევს. რაღაცა საზრდოს აწვდის იმისთვის, რომ ეს საპროტესტო მუხტი არ გააქტიურდეს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თემას, ამან უკვე ჩაიარა. სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა და მეტს ვერაფერს იზამს. მან როგორც ოპოზიციური მხარდამჭერი გააქტიურა, ისევე ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზებაც მოახდინა. ამ ტალღამ თავისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა და გადაიარა. სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი აღარ არის. სოციალურ მუხტს ის ვეღარ გააღვივებს. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, როდის შეიძელბა ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოხდეს. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, როგორიც 20 ივნისს იყო. ეს მუხტი გროვდება და როდესღაც ასეთი აფეთქება იქნება. თუმცა როდის და რა ფორმით ძალიან რთული სათქმელია. ახლა ამ მუხტს ჯერ ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, გაფანტული საპროტესტო ენერგიის შეკრება ჯერ არ მომხდარა“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი კი ფიქრობს, რომ ხალხის სოციალურ პროტესტს ხელისუფლების შეცდომები განაპირობებს და არა ოპოზიცია. ამიტომ, თუკი ხალხმა არ ჩათვალა, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომებს უშვებს და პასუხი უნდა მოეთხვოს, მანამდე პოლიტიკური პარტიები ამ მუხტს ვერ შექმნიან. ალაფიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ხალხი გაბრაზდა და მუხტმა იფეთქა, სულაც არ არის საჭირო ასეთ საპორტესტო განწყობას სათავეში ოპოზიცია ჩაუდგეს. ამიტომაც მათ როგორც არ უნდა მოინდომონ, ხალხს თუ სურვილი არ ექნება, ისინი ამ მუხტს ხელოვნურად ვერ შექმნიან.
„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვნახეთ როგორი საპროტესტო მუხტი იყო, რომელიც პოლიტიკოსებისგან მართული არ ყოფილა. თუკი პრობლემა ხალხში არ გაჩნდა, იქ რაიმეს ხელოვნურად ოპოზიცია ვერ შექმნის. ჩვენთან პოლიტიკა დიდი ხანია კრიზისშია და ამაზე არავინ საუბრობს. პარტიები გვეუბნებიან, რომ დემოკრატიას აგიშენებთო და თავად შიგნით დემოკრატია არ აქვთ. სიტყვიერად ამბობენ, რომ ვიღაცა აირჩიეს და თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ამას თავისივე პარტიის წევრებს არ ეუბნებიან. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეორგანიზაცია დაიწყო, ყრილობა მოიწვიეს? პარტიის წევრებს ამაზე რამე კითხეს? - არა. რაღაცა ვიწრო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო. იგივეს ხელისუფლება აკეთებს. ერთ დღეს არჩევნების დროს ერთ კანდიდატურას ასახელებს და მეორე დღეს სრულიად სხვით ცვლიან. ამიტომ ერთ მხარეს საზოგადოებაა დარჩენილი და მეორე მხარეს რაღაცა გაერთიანებები, რომლებსაც სახელად პარტიები ეწოდება“, - ამბობს ალაფიშვილი for.ge-სთან.
კითვხაზე უნდა ველოდოთ თუ არა სოციალურ აფეთქებას ევროპის ქვეყნების მსგავსად საქრათველოში და რატომ არ გამოდის ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი ამ პრობლემების გასაპროტესტებლად ქუჩაში, ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი თავად სახელმწიფოა. სრუწლოვანი მოსახლეობის ორი მესამედი საჯარო სექტორშია დასაქმებულია. ამიტომ 3 50 000 ადამიანი და მათი ოჯახის წევრები დამოკიდებულია მმართველ გუნდზე. შესაბამისად, ამ ხალხის ქუჩაში სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოყვანა ჭირს.
„ნებსით თუ უნებლიედ, ხალხი ამ სამსახურებზე მიჯაჭვულები არიან. ქუჩაში არ გამოდიან იმის შიშით, რომ ეს მცირეხელფასიანი სამსახურებიც არ დაკარგონ. ამიტომ პოლიტიკური ლოიალობა ყველა მმართველ ძალას გარანტირებული აქვს. ეს ახლა არ არის შექმნილი. ამაზე წინა ხელისუფლების დროსაც ვსაუბრობდი. ახლა მთავრობა, როცა ბიზნესიდან ფულს ვეღარ გამოიმუშავებს და ამდენი ვალები გვაქვს, იძულებულია კადრები შეამციროს. ეს გარდაუვალია, ამას სოციალური გავლენა ექნება, მაგრამ რამდენად გამოვა ხალხი ამის გამო ქუჩაში, ეს რთული სათქმელია“, - ამბობს ალაფიშვილი for.ge-სთან.