ზამთრის ტურისტული სეზონი გარდამავალი პრობლემებით მიმდინარეობს. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ვითარება შარშანდელზე უკეთესია, მაგრამ სხვადასხვა პრობლემები - ვირუსის ახალი შტამიდან დაწყებული, ინფრასტურქტურით დამთავრებული - თავის დაღს ასვამს თეთრ ტურიზმს.
გუდაურში მდებარე სასტუმრო „კუადრუმში“ ჯავშნები თითქმის აღარ აქვთ და 22 ნომრიდან მხოლოდ 3-4 ნომერია დაჯავშნილი, ამის მიზეზი კი ვირუსის ახალი შტამია. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი აღნიშნავს, დეკემბერთან შედარებით იანვარში ჯავშნები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში 90%-100%-ით დატვირთულები ვიყავით, ხოლო ახლა 20-30%-ით დატვირთულები ვართ. ახალი წლის შემდეგ ტურისტების კლება საგრძნობია, იანვარში ჯავშანი თითქმის არაა და თებერვალშიც ანალოგიურად, ჯავშნების რაოდენობა ჯერ მცირეა. ვირუსის ახალი შტამი ბიზნესში არასტაბილურ გარემოს ქმნის, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა ერისთავმა.
„კუადრუმის“ დამფუძნებლის თქმით, ფასები 30%-ით შეამცირეს, რადგან ახლა მისი ზრდა სასტუმროს ტურისტებს უფრო მეტად დააკარგვინებს.
არც სასტუმრო „ნიუ გუდაური“ არის უკეთეს მდგომარეობაში. როგორც იქ აღნიშნავენ, დატვირთვა თავიდან ბევრად მაღალი იყო, თუმცა კორონავირუსის აფეთქებამ კურორტი დაცალა და დამსვენებლების გარეშე დატოვა.
„ახალი წლის დღეებში, ცხადია, დატვირთულობა ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ასე რომ ვერ გაგრძელდებოდა მთელი სეზონი, ესეც ცხადია. დაახლოებით, 4 იანვრიდან დაიწყო ეპიდვითარების დამძიმება, ნელ-ნელა დაიცალა სასტუმრო. ეტაპობრივად უდასტურდებოდათ ჩვენს სტუმრებს კოვიდი. როგორც ვიცი, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა განთავსების ობიექტებშიც“, - განაცხადეს „ნიუ გუდაურში“.
შედარებით უკეთესი ვითარებაა სვანეთში, მაგრამ იქ მდგომარეობას სულ სხვა პრობლემა ართულებს. სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებლის, ირაკლი გურჩიანის თქმით, 20 დეკემბრისთვის სვანეთის სასტუმროების უმრავლესობა თითქმის 100%-ით წინასწარ იყო დაჯავშნილი, 22-23 დეკემბრიდან კი რეგიონი დაცარიელდა. ამის მიზეზი რეგიონში კრიპტომაინინგით გამოწვეული პრობლემებია, რომელმაც სვანეთი ენერგოკოლაფსის წინაშე დააყენა.
„ტერორისტული აქტის ტოლფასი იყო ჩვენთვის, ის რაც მოხდა. ჩააბნელეს მთელი სვანეთი და გამომდინარე იქიდან რომ გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა, სასტუმროები გაიყინა. ვინც ჩამოსული იყო წავიდა, ხოლო ვინც სიახლე გაიგო, გააუქმა ჯავშნები“, - განაცხადა გურჩიანმა.
იანვარში ტურისტებმა სვანეთში მოგზაურობა ნელ-ნელა დაიწყეს, თუმცა დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.
„ტურისტები ფაქტობრივად არ გვყავს, ძირითადად შიდა ტურიზმზე ვმუშაობთ, რადგან დანარჩენ მთის კურორტებზე, ანუ გუდაურსა და ბაკურიანში საკმარისი თოვლი არაა, ამიტომ ისინი, ვისაც სრიალი უნდა, მესტიისკენ მოდის“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელმა.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ კოვიდის ახალი შტამი, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორია ტურისტული სეზონისთვის. ხალხი უკვე თავს იკავებს მოგზაურობისაგან.
„შარშანდელთან შედარებით, ბევრად უფრო პოზიტიური მდგომარეობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ხალხი მაინც თავს იკავებს გადაადგილებისა და კურორტებზე მოგზაურობისგან. ამიტომაც, სანამ ეპიდმდგომარეობა არ დასტაბილურდება, ტურიზმის დარგის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.