ლაზიკა, საქართველოს ნაცვლად, შესაძლოა, სომხეთში აშენდეს

ლაზიკა, საქართველოს ნაცვლად, შესაძლოა, სომხეთში აშენდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, დავით კარტოზია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ „ლაზიკის“ 250 მილიონიან პროექტზე უარი თქვა, რის გამოც მის განხორციელებას სომხეთში აპირებს.

კარტოზია აცხადებს, რომ უკვე გადაწყვეტილია, აღნიშნული პროექტი წაიღონ არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში, ასევე, ერაყის მთავრობისგან იგრძნობა ძალიან დიდი სურვილი.

უფრო მეტიც, ქართველი ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ, ალბათ, სხვა ქვეყნებშიც მოახდენს ჩანაფიქრის პრეზენტაციას და, შესაძლოა, „ლაზიკის“ პროექტი აფხაზეთშიც წაიღონ.

მისი თქმით, ყველასათვის გასაგებია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ლაზიკას“ სახელი გაუტეხა, თუმცა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად უწყის მისი ბრძოლების შესახებ სააკაშვილთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ავანტურისტულს უწოდებს იმ განცხადებას, თითქოს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ „ლაზიკის“ 250 მილიონიან პროექტზე უარი თქვა. მისი თქმით, უბრალოდ, ხელისუფლებამ ამ პროექტის დაკონკრეტება მოითხოვა.

როგორც გიორგი ვოლსკიმ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 250 მილიონიან გარანტირებულ ინვესტიციაზე უარის მთქმელი არცერთი მთავრობა არ არის, მათ შორის, - არც საქართველოს ახალი ხელისუფლება, თუმცა სერიოზული დეტალური განხილვა უნდა მოხდეს, თუ ვინ არის რეალური ინვესტორი, კონკრეტულად ვინ ახორციელებს ინვესტიციას და რას გულისხმობს პროექტი.

„დავით კარტოზია ამბობს, რომ ლაზიკის იდეა მას მოპარა სააკაშვილმა, თუმცა არავითარი ანტაგონიზმი მისი პროექტის მიმართ ახალ მთავრობას არ ჰქონია. უბრალოდ, მან ეს პროექტი პოლიტიკურ ჯგუფში განსახილველად შემოიტანა. არადა, მთავრობის ეკონომიკურ ჯგუფთან უნდა განხილულიყო. მე არ ვარ ეკონომისტი და არ ვიხილავ ბიზნესპროექტებს, ამიტომ მე ამ საკითხში არაფერ შუაში არ ვარ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, საქართველოში მართლაც უნდა ჩატარებულიყო პოლიტიკური კონფერენცია მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე, თუმცა იგი შემოდგომისთვის გადაიდო. ამაში ჩართულნი იყვნენ ამერიკული სამეცნიერო ინსტიტუტები და, ასევე, ირაკლი კაკაბაძე. კარტოზიას ჰქონდა წინადადება, ამ პროექტის ფარგლებში განხილულიყო ბიზნესპროექტი „ლაზიკა“, თუმცა ამ ბიზნესპროექტს უფრო ღრმად შესწავლა და განხილვა სჭირდება ეკონომიკურ ჯგუფთან, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.

ვოლსკის თქმით, ლაზიკასთან დაკავშირებით სააკაშვილის დროსაც არსებობდა კითხვები. ამიტომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს და არავინ არ უნდა თქვას, რომ თურმე 250 მილიონი მიდევს ჯიბეში და საქართველოში მივდივარო.

ამდენად, გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის დროს ქართული საზოგადოების მხრიდან დაწუნებული ეს პროექტი განხორციელდეს, თუკი ის საინტერესო და რეალური იქნება.

რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის დაინტერესებას ამ საკითხით, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს, თუ სად განხორციელდება ეს პროექტები და ეს ყველაფერი საკუთარი თავის რეკლამირებას უფრო ჰგავს.

„კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად დავით კარტოზიამ გადაწყვიტა, საქართველოს მთავრობას დააბრალოს 250 მილიონ ლარზე უარის თქმა, მაშინ, როცა მთავრობა ამ საკითხის განხილვაში ჩართულიც არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

For.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია სომხეთსა და აზერბაიჯანში ლაზიკის აშენება, ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრნენ.  

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუკი ქართველი ბიზნესმენის პროექტით ვინმე დაინტერესდება, თუმცა საკითხავია, სომხეთში სად უნდა ააშენონ ლაზიკა, რადგან ეს ქვეყანა, საქართველოს მსგავსად, წყალუხვი ნამდვილად არ არის. ხოლო, თუ საუბარია იმაზე, რომ სომხებს ან აზერბაიჯანლებს ლაზიკა უნდა ავუშენოთ ჩვენს ტერიტორიაზე, ეს გამორიცხულია.

„შესაძლოა, ჩვენს მეზობლებს უნდათ, ჩვენთან შავ ზღვაზე ააშენონ ლაზიკა, რადგან სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც სჭირდება კარიბჭე ევროპაში გასასვლელად, მაგრამ ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნება. რაც შეეხება ერაყს, ეტყობა, ეს ქვეყანა მიაწერეს ამ პროექტს, რათა ქართველი ბიზნესმენის საქმიანობას ღირებულება აუწიონ“, - აცხადებს არქიტექტორი.

მისი თქმით, საზოგადოდ, არქიტექტურაში არსებობს ერთი ჩვეულებრივი წესი, რომ პროექტი დგება ადგილთან შესაბამისობაში. ადგილი კარნახობს არქიტექტორს, როგორ უნდა მოიქცეს და ვარგა თუ არა პროექტის ამ ადგილას განხორციელება, თორემ შესაძლოა, ჩანაფიქრი თავისთავად მნიშვნელოვანი იყოს.

„მე ლაზიკის პროექტი თავიდან ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საქართველოში ამ პროექტმა არ გაამართლა და იქ ქალაქის აშენება არ შეიძლებოდა ორი მიზეზის გამო. კერძოდ, ეს არის გადამფრენი ფრინველების ზონა, გადამფრენ ფრინველებზე კი მთელი მსოფლიო ზრუნავს და ცდილობს მათთვის ასეთი ზონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ბერიას დროს კოლხეთის ჭაობის დაშრობის კამპანია წამოიწყეს, თუმცა ეს ადგილი ხელშეუხებელი დარჩა. დღეს კი მისი ხელაღებით ამოშრობა ეკოლოგიურ კატასტროფას ნიშნავს“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

ამასთან, ბრაზილიის მაგალითს იხსენებს, რომლის უზარმაზარი ტერიტორიაც ჭაობებს უჭირავს, მაგრამ მათ ხელს არავინ ახლებს, რადგან იქაურებმა იციან ჭაობების ეკოლოგიური ღირებულება. არადა, ბრაზილიის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობისთვის ამ ადგილებზე დამკვიდრება კარგი პერსპექტივა იქნებოდა.

მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ მართალია, სომხებს დიდი ტბა აქვთ, მაგრამ ცოტა პარანოიდული სიტუაციაა და დაუჯერებელია სომხეთი ამით დაინტერესებულიყო. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი თქმით, გაუგებარია, აზერბაიჯანში როგორ მოხერხდება ამ პროექტის განხორციელება, რადგან ზღვაზე გასასვლელი არც იქ არის. ფაქტობრივად, კასპიის ზღვა იგივე ტბა არის, ოღონდ - ძალიან დიდი ტბა. ამდენად, კავკასიის ტერიტორიაზე მხოლოდ შავ ზღვას აქვს ერთადერთი გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაზე.

„ერთი რამ ვიცი, რომ ამდენი თანხა ტყუილად არ ჩაიდება, თუ განსაკუთრებული ინტერესი არ იქნება გარკვეული წრეებიდან. ალბათ, გარკვეული ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართაც იყო. ჭორის დონეზე ვიცი, რომ ლაზიკის მიმართ ინტერესი ჰქონდათ, რადგან საქართველოს ამ ტერიტორიაზე არაჩვეულებრივად საინტერესო ნაპირია, სამხედრო გემებისა და დიდი გემების მისაღებად ბუნებრივად კარგი მისადგომია და პორტისთვის დამუშავება არ სჭირდება. ეს ადგილი ძალიან ღრმაა და მძიმე სატრანსპორტო გემების მიღება შეუძლია. თუმცა ყოველთვის მეგონა, რომ ფოთი იყო მისახედი და არა ლაზიკის ტერიტორია“, - აცხადებს გია ბუღაძე.

მხატვრის თქმით, თუკი ამერიკაში მცხოვრებ ამ ქართველ ბიზნესმენს ამდენი ფული აქვს, უმჯობესია, არა მარტო ფოთს, არამედ ანაკლიას, მცხეთას და თბილისის ისტორიულ უბნებს მიხედოს.