სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა და ეს არის პირველი საკადრო ცვლილება „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში.
ამას წინ უძღოდა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავება. ამ ადამიანებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, სამსახურებრივი გულგრილობა და ექსპერტებზე ზეწოლა ედებათ ბრალად. მათთან ერთად სახელმწიფო შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენლებიც არიან დაკავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 54 მლნ ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას. ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 50 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა შპს „მექანიზატორს“ დაევალა. შესყიდვის კონტროლისთვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს „მექანიზატორის“, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები.
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით 10 ათასი ევრო. 2013 წლის იანვარში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლაგეს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი 2 მლნ 500 ათასი ლარი. მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მხილებულნი და დაკავებულნი იქნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შსპ „მექანიზატორის“ დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, აგარარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა. სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვაში მონაწილე სხვა პირების დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება“, - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დავით კირვალიძემ აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და სწორედ ამიტომ მიიღო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.
„გუშინ მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. დაკავებულია სამინისტროს 5-ზე მეტი მაღალჩინოსანი. ამ ადამიანების უმრავლესობა პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრი ჩემი მეგობარი და მასწავლებელიცაა, ამიტომ ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მივმართე მთავრობას, რომ მზად ვარ გადავდგე, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა“, - განაცხადა კირვალიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას კი კირვალიძის ერთ-ერთი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.
უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება თემა, ვის მოუწევდა მთავრობის დატოვება, რადგან პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მინისტრის მიმართ არსებობს კითხვები და იმ ეტაპისთვის ხდებოდა ვითარების გუნდში გარკვევა. ორიოდე დღის წინ კი ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ გაუგებრობის გუნდში ამოწურვის იმედი თითქმის აღარ აქვს და ერთ-ერთი მინისტრის გადაყენება დაანონსა, თუმცა არც პირველ და არც მეორე განცხადებაში თავად მინისტრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მთავრობის წევრებმა დღესაც არ იციან, იყო თუ არა კირვალიძე სწორედ ის მინისტრი, რომლის შესახებაც პრემიერმა განცხადება გააკეთა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, დავით კირვალიძე არის უაღრესად წესიერი და პატიოსანი ადამიანი.
„იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პიროვნება და დიდი იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი კი აღნიშნავს, რომ დავით კირვალიძეს სამართლებრივად თანამდებობა არ დაუტოვებია და მან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და კარგია, რომ მან ევროპული ნაბიჯი გადადგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან გამჭვირვალედ ვმუშაობთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი
დავით კირვალიძის წესიერებაშ დარწმუნებულია თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება დავით კირვალიძის ვაჟკაცურ ბუნებაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ გამოძიების შედეგად ყველაფერი გაირკვევა“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მაინც რა მოხდა და რატომ მოუწია მინისტრის პორტფელზე უარის თქმა სწორედ დავით კირვალიძეს? პრობლემები ბევრ სფეროში არსებობს, მათ შორის ეკონომიკაშიც, რასაც თავად მმართველი გუნდიც არ უარყოფს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება და დასაქმება იყო. მართალია, არც ისე დიდი ხანია, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ამ შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოსულა. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ ერთ-ერთ ვერსიად ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება განიხილებოდა, რაზეც ქართული მედია-საშუალებები მმართველი გუნდიდან გამოსულ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდნენ, მაგრამ თანამდებობის დატოვება სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწია. ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით ივანიშვილს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, ჯერაც უცნობია, დავით კირვალიძეა ის მინისტრი, რომელზეც ის საუბრობდა, თუ კიდევ უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებებს.
ერთადერთი, ვინც პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამბობდა, რომ იცის იმ მინისტრის ვინაობა, ვისაც მთავრობის დატოვება მოუწევს, იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.
ორი დღის წინ for.ge-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ ეს იქნება ეკონომიკური გუნდის მინისტრი. დღეს კი ადასტურებს, რომ სწორედ დავით კირვალიძის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. არეშიძე ვარაუდობს, რომ აქ საუბარი არ არის მართვის არასწორ წესზე, რადგან ზოგიერთი სხვა მინისტრიც ვერ დაიკვეხნის გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, ექსპერტი ფიქრობს, რომ მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება სახნავ-სათესი თანხების გაცემას უკავშირდება.
„შეიძლება არასწორად იყო ინფორმაცია შეგროვებული, შესაძლოა არასწორად იყო ეს თანხა განაწილებული, ზუსტად ვერ გეტყვით. ყური მოვკარი, რომ რაღაც ტექნიკის შემოყვანას უკავშირდებოდა ეს ამბავი. მოკლედ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ სისტემის არასწორი მართვა მოხდა, არამედ იმაზე, რომ ვიღაცამ (ვგულისხმობ სამინისტროს თანამშრომლებს) სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, ოღონდ რომელ საკითხთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
იგი ფიქრობს, რომ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა პრემიერს პრეტენზია კირვალიძესთან. ექსპერტი დადებითად ახასიათებს დავით კირვალიძეს, ამბობს, რომ ის კარგი პროფესიონალი და წესიერი ადამიანია.
პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მომხდარ მოვლენებზე ბუნებრივი რეაქცია იყო, როგორც ხელისუფლების, ასევე მინისტრ კირვალიძის მხრიდან და ეს იყო არა ორ-სამდღიანი კვლევის შედეგი.
„როდესაც ასეთ მასობრივ კორუფციას აწყდები პასუხად იმ ქველმოქმედებისა, რასაც დაზარალებული გლეხების მიმართ აქვს ადგილი, რასაკვირველია, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივი. როდესაც სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს უპატიოსნესი მაღალპროფესიონალი, თურმე სისტემური კორუფცია ახასიათებს, მაშინ ცხადია, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე ამ სისტემის პირველმა პირმა უნდა აიღოს, რაც მოხდა კიდეც“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და აქვე დასძენს, რომ კირვალიძისგან სხვაგვარი ქმედება გაუკვირდებოდა კიდეც ყველა იმ ადამიანს, ვინც მას პირადად იცნობს.
ცისკარიშვილის თქმით, დიდი ალბათობით სწორედ დავით კირვალიძეს ეხებოდა პრემიერის ნათქვამი იმასთან დაკავშრებით, რომ ერთ-ერთი მინისტრის მიმართ არსებობდა კითხვები. ექსპერტი განმარტავს, რომ ცხადია პრემიერ-მინისტრმა სხვაზე ადრე იცოდა საგამოძიებო პროცესის შესახებ და ფლობდა ინფორმაციას, რომელიც მას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა.
რაც შეეხება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ვინაიდან საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, დავით კირვალიძემ უბრალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.
„დანაშაული ამ სფეროში შეიძლება იმიტომ მომხდარიყო, რომ სწორედ აქ იყო ყველაზე დიდი ფინანსები აკუმულირებული. როგორც ჩანს, ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით პატიოსანი მიდგომა ვერ იყო უზრუნველყოფილი, მაგრამ ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ ვაკეთებთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და სანამ არ დასრულდება, ისიც კი არ ვიცი, არის აქ დანაშაულის ნიშნები, თუ არა“, - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.
იგი ვერ აკონკრეტებს, ბიძინა ივანიშვილი დავით კირვალიძეს გულისხმობდა თუ არა, როდესაც აცხადებდა, რომ ერთ-ერთ მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუხდებოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოხიძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობაში აბსოლუტურად ყველა სამინისტრო სტაგნაციის მდგომარეობაშია და ერთადერთი სამინისტრო, სადაც რაღაც მოძრაობა შეიმჩნეოდა, ეს სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო.
„ეს მოძრაობა, რა თქმა უნდა, თავისთავად კარგს არ ნიშნავს, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა გაირკვეს, რა ედო საფუძვლად ამ მოძრაობას. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის მცდელობას, რომ მინისტრის გადადგომა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების (რომლებსაც ისინი რატომღაც ბარათებს უწოდებენ) დარიგებაში რაღაც ხარვეზებს დაუკავშირონ, ვერანაირად ვერ დავუშვებ“, - ამბობს ბობოხიძე.
მისი თქმით, ამ პროცესში ხარვეზები ნამდვილად იყო, კერძოდ, გლეხს რაც უფრო დიდი მიწა ჰქონდა, ის მეტს ღებულობდა, ვიდრე შედარებით უფრო ღარიბი, ხოლო უღატაკესმა გლეხებმა, რომლებსაც მიწა საერთოდ არ გააჩნდათ, ვაუჩერი საერთოდ ვერ მიიღეს. აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ვისაც 2500 კვ. მეტრზე ნაკლები ფართობის მიწა აქვს, ასეთ გლეხებს ბარათები არ მიუღიათ, მაგრამ თუკი კირვალიძეს ამას უთვლიან ხარვეზად, მთავრობას შეუძლია ამ კატეგორიის გლეხებსაც მისცეს ბარათები და ისინი ამ ბარათებს საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენებენ.