„პარტიის შექმნის დღიდან გახარია პარტნიორობის ნაბიჯებს დგამს ნაციონალების მიმართულებით... მგონია, რომ თვითონაც არ იცის სად მიდის და რა უნდა“

„პარტიის შექმნის დღიდან გახარია პარტნიორობის ნაბიჯებს დგამს ნაციონალების მიმართულებით... მგონია, რომ თვითონაც არ იცის სად მიდის და რა უნდა“

გიორგი გახარიას პარტიაში გამორიცხავენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ალიანსს, თუმცა განსხვავებულია მოვლენები, რომელიც ორ რეგიონში - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში განვითარდა. ნაციონალებთან პოლიტიკური ალიანსის წყალობით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია გახდა, რომელსაც მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების“ წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

სად მიდის გახარიას გზა და რამდენად სახიფათოა რეგიონში მიმდინარე პროცესები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმების შედეგად, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია გახდა, რომელიც ყოფილი ძალოვანია და სტრუქტურაში შევარდნაძის დროს გამოჩნდა. გახარიას პარტიაში კატეგორიულად გამორიცხავენ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ წალენჯიხა არაა პირველი შემთხვევა, იგივე მოხდა ჩხოროწყუში. როგორ ფიქრობთ, რა თამაშს თამაშობს გახარია და რა მიზანი აქვს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში რეგიონებში ინაწილებს ადგილობრივ ხელისუფლებას - საკრებულოს?

რამაზ საყვარელიძე: როდესაც პირველად გაჩნდა ეს საკითხი, მაშინ გახარიას მხარემ თქვა, რომ რაღაცა საკითხებში ყველასთან ვითანამშრომლებთო. ეს ნიშნავს, რომ არა ზოგადი პოლიტიკური თანამშრომლობა აქვთ მხედველობაში, მათ შორის არის საკრებულოს თავმჯდომარის თემაც. ამის მიუხედავად, ასეთი პასუხი არ მიჩენს იმის განცდას, რომ გახარიამ იცის, რა უნდა და საით მიდის.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა და სად მიდის გახარია დღეს?

- მგონია, რომ თვითონაც არ იცის სად მიდის და რა უნდა. მგონია, რომ მისთვისაც ბუნდოვანია, იმიტომ რომ გახარიასთვის საუკეთესო ვარიანტი და კოზირი იყო მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება და მაგ კოზირს თუკი დაახურდავებს რაღაცებში, დაკარგავს იმის საშუალებას, რომ ადამიანებისთვის მესამე ძალად იყოს გაცნობიერებული. თან, რაც მთავარია, გახარია, პარტიის შექმნის დღიდან პარტნიორობის ნაბიჯებს დგამს ნაციონალების მიმართულებით.

გასაგებია, თავად გახარია იძახის - არც ერთი და არც მეორეო, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალების მიმართულებით იდგმევა ბევრი ნაბიჯი, დაწყებული ნაციონალური ორიენტაციის ჟურნალისტებთან ურთიერთობით, დამთავრებული აი, ამ ბოლო მოვლენებით, რაც წყალს ასხამს კობახიძის წისქვილზე, რომელმაც განაცხადა, რომ გახარია ნაციონალების ფიგურა არისო. მე, პირადად ამის არც მაშინ მჯეროდა და არც ახლა. რაში სჭირდება გახარიას იყოს ნაციონალების ფიგურა, კაცი პრემიერ-მინისტრი იყო! სულ რომ გაიმარჯვონ ნაციონალებმა პრემიერობაზე მეტი რა უნდა მისცენ? ამიტომ, მიჭირს რამე ლოგიკაში ჩავსვა გახარიას სვლები და კარგად არ მესმის, რას აკეთებს და რა პოლიტიკურ ხაზს მისდევს. ვიმეორებ, მას ჰქონდა შანსი მესამე ძალის ხაზი ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ამას არ აკეთებს. საერთოდ რა შეიძლება უნდოდეს, ესეც გაუგებარია.

გახარია ნაციონალების ფიგურა არ არის - არ ეთანხმებით კობახიძის ფორმულას, მაგრამ გახარია, რომელიც რეგიონებიდან იწყებს პოზიების გამყარებას, შეიძლება რუსული თამაშის წესით მოქმედებს, ანუ რუსული ფიგურა უფრო იყოს, ვიდრე ქართული? მით უმეტეს, რომ გახარიას წარსული პირდაპირ რუსეთთან არის კავშირში...

- ცოტა ადამიანი დარჩა საქარველოში ვისზედაც არ ეთქვათ რუსულ ინტერესებს იცავსო და ბუნებრივია, რომ ეს თემა გაჩნდა გახარიას ნაწილში, იმიტომ რომ ბევრი რამ აკავშირებდა რუსეთთან. „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსული ხაზი - არ არის გამორიცხული, რომ ეს ვერსიები ერთმანეთს გამორიცხავდნენ. გვისაუბრია ჩვენ ამ საკითხზე, რომ „ნაცმოძრაობაზეც“ არის ეჭვი, რომ რამდენჯერმე გაატარა რუსული პოლიტიკა.

კობა ნაყოფია - რუსეთის მოქალაქე ჰყავთ პარტიის თავმჯდომარედ, ესეც კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს, რომ ნაციონალებს რუსეთთან თავისებური ურთიერთობა აქვთ. ან რუსეთი - ან „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ერთი მოვლენა იყოს. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, გახარიას შემთხვევაში მასეთ ხაზსაც მკაფიოდ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რუსეთის ხაზი ნამდვილი რომ იყოს, მაშინ გახარიასთვის მომგებიანი იქნებოდა ის, რასაც აკეთებს და აკეთებდა სააკაშვილი.

აძაგებდა რუსეთს და საქმე-საქმეზე რომ მიდიოდა, ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედიოდა. მაგალითად, - სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია. ანალოგიური რამ შეეძლო გახარიასაც გაეკეთებინა - მოეპოვებინა ავტორიტეტი, რადგან საწყისი ავტორიტეტი ძალიან დიდი ჰქონდა საზოგადოებაში და მერე გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რაც რუსეთს სურდა. ამ მხრივაც გაუგებარია მისი საქციელი. ანუ, რუსული ვერსიითაც ლოგიკა ვერ ეწყობა.

მაშინ, ვინ არის გახარია? სოზარ სუბარის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთად ცდილობენ დააზიანონ სახელმწიფო ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედოდ სახლმწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვნახეთ, როგორი კრიზისი შეიქმნა ჯერ ჩხოროწყუში, ახლა წალენჯიხაში და კორნელი სალიას ფიგურის შემოყვანაც ამის დასტურია. ოპოზიციაში გადასული გახარია დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესით მოქმედებს, რის გამოც იმდენად დისკრედიტირებულია, მესამე პოლიტიკური ძალა მისგან ვერ შეიქმნება და მაშინ ვინ არის და ვის თამაშს თამაშობს იგი?

- ადამიანები უფრო მეტად გახარიას მხარს უჭერდნენ, იმიტომ რომ დისტაცირებული იყო ნაციონალებთან და არა იმიტომ რომ უპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“. ახლა, წესით, ეს ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. გეთანხმებით, რომ გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს ატარებს. ეს ხაზგასმა რაში სჭირდება, სრულიად გაუგებარია, მით უმეტეს ეს პარტია თავისი სტილითაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი.

ანუ, რაც სოზარ სუბარმა აღნიშნა - დესტრუქციულობა - არ ცდილობს ამ დესტრუქციულობას, არ აქვს საპროტესტო აქციებში ჩართვის ტენდენცია და ა.შ. ანუ, სახელმწიფოში არეულობის მოწყობა თითქოს არ უნდა, მაგრამ დალაგებულ ნაბიჯებას არ დგამს. ამიტომ ვამბობ, რომ გაუგებარია რა უნდა გახარიას. გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, მოქმედების სტილი და გეგმა. ბევრი მინუსი იძებნება ყველა თვალსაზრისით, ამიტომაც არის, რომ წარმატება ვერ მოიპოვა აქამდე „ნაცმოძრაობამ“, მაგრამ გახარიას შემთხვევაში საერთოდ არასწორ სტრატეგიას ვხედავთ. ამიტომ, ჯერჯერობით, რაღაც გაუგებარი ორგანიზაციის, გაუგებარი პოლიტიკური სტილის ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჩხოროწყუ და წალენჯიხა - ჯერჯერობით ამ რეგიონში მყარი პოზიცია აქვს ოპოზიციას. ეს ორი რეგიონი და ეს ასე ვთქვათ, ორხელისუფლებიანობა რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის? ამის ფონზე ძალიან საინტერესოდ და სახიფათოდ ვითარება მოვლენები სამეგრელოში, როდესაც ადამიანების რაღაცა ჯგუფი გამოდის მოთხოვნით, რომ სკოლებში უნდა შემოიტანონ მეგრული ენა და, რომ მეგრეულ ენაზე უნდა შეიქმნას სასკოლო სახელმძღვანელოები. ეს მოვლენა შეიძლება რაიმე კავშირში იყოს ოპოზიციურ გარიგებასთან?

- არ არის გამორცხული. შეიძლება ჩანაფიქრიც არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ, თუკი რომელიმე პროცესსმა მოიკიდა ფეხი, მერე უკვე სხვა პროცესები იმას ეწებება, ან იყენებენ პოლიტიკური ჯგუფები. ასე რომ, რა მიმართულებით წავა ეს პროცესები, ძნელი სათქმელია. თუ თავისუფლად განვითარდა მოვლენები, ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, რომც არ იყვნენ აქამდე დაკავშირებული.

რაც შეეხება სეპარატისულ ტენდეციას, ძალიან ხშირად გახდა კრიტიკის საფუძველი და ამიტომ მეეჭვება, რომ ხელახლა ფეხი მოიკიდოს ამ მოვლენამ. რაც შეეხება ორხელისუფლებიანობის ნიშნებს, შეიძლება იყოს და ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ხელისუფლება როგორ მოიქცევა და იქნება თუ არა ასეთი მკვეთრი დაპირისპირება იმ ოპოზიციურ ფიგურებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკრებულოებს.

ფაქტია, რომ ოდესმე უნდა ვისწავლოთ მუშაობა. სახელმწიფო სამსახურში მყოფი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდნენ, რადგან ქვეყანა ამით ძალიან იზარალებს. პარტიების განსხვავების მიუხედავად, უნდა ვისწავლოთ საერთო საქმის ერთად კეთდება. არ არის გამორიცხული, რომ საკითხის ასე დაყენებაში უფრო დიდი როლი ჰქონდეს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

 

 

Maverick ბატონო რამაზ,
ასეთი ნაბიჯებით ხომ არ ცდილობს ბატონი გასხარია ნაციონალების "ერთობის" შიგნიდან აფეთქებას, ანუ ქართულად მოაზროვნე ნაციონალების თავის გარშემო შემოკრებას????
2 წლის უკან