პროფესიული განათლების პროფესიულ კავშირსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის პროფესიულ განათლებაში სოციალურ პარტნიორობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ განცხადება დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარემ, დენიზ დავითაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ და განათლების მინისტრმა შაშკინმა პროფესიული განათლება პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. ამიტომ ამ სფეროს ხელახლა შექმნა სჭირდება, რათა აგრარული სექტორი, ტურიზმი, მშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა და სხვა დარგები კვალიფიციური კადრებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
დენიზ დავითაშვილის შეფასებით ამჟამად განათლების სამინისტროს საკმაოდ კვალიფიციური ხელმძღვანელობა ჰყავს, კერძოდ კი, მინისტრი მარგველაშვილი და მისი მოადგილე, პროფესიული განათლების კურატორი, ქეთევან ნატრიაშვილი.
„ჩვენსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმის ხელმოწერა მიზნად ისახავას იმას, რომ განათლების სამინისტროსთან ერთობლივად განვახორციელოთ პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება, რეგიონალურ და დარგობრივ დონეზე ჩავატაროთ ერთობლივი კვლევები პროფესიული განათლების დღევანდელი და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ პროფესიულ კოლეჯებსა და დამსაქმებელთა შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას, რომ დამსაქმებლებმა პროფესიულ სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკების დროს ფასიანი სამუშაო ადგილები გამოუყონ და ა.შ.“, - ამბობს დენიზ დავითაშვილი.
მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ კახა ბაინდურაშვილთან ერთად ეს საქმიანობა უკვე დაგეგმილია და დღესასწაულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში შექმნილ ვითარებას გაეცნობიან და ამის შესახებ განათლების სამინისტროს მოახსენებენ.
პროფკავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მისმა ორგანიზაციამ მიმართა რეკომენდაციებით, თუ რა უნდა გაკეთდეს პროფესიული განათლების სფეროში. დავითაშვილის თქმით, კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ უნდა შევიდეს ცვლილებები, უნდა შემუშავდეს და ახლებურად ამუშავდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, სამინისტრომ პროფესიული განათლების დეპარტამენტი უნდა გააძლიეროს, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კერძოდ, დენიზ დავითაშვილი ამბობს, რომ ამ დეპარტამენტის ექვსკაციანი შემადგენლობა 14 თანამშრომლამდე გაიზარდა და კადრები კონკურსის შედეგად იქნებიან შერჩეულები.
დენიზ დავითაშვილის თქმით, პროფკავშირის მონაწილეობით 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დასაფუძნებელი პროფესიული კოლეჯების დაფინანსება არის გადაწყვეტილი და ამისთვის განათლების სამინისტრომ სერიოზული მუშაობა ჩაატარა.
პროფესიული განათლების პროფკავშირს მიუღებლად მიაჩნია 2011 წელს 23 უმაღლესი სასწავლებლისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭება. დავითაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას მაშინვე ურჩია, ეს არ გაეკეთებინა, რადგან არც ერთ ამ უმაღლეს სასწავლებელს არც საწარმოო ბაზები, არც ადამიანური რესურსი გააჩნია და პროგრამებსაც ვერ შეიმუშავებდნენ. დენიზ დავითაშვილის თქმით, როდესაც პროფკავშირი დაინტერესდა, რა პროგრამებით აპირებდნენ ეს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების მიცემას, ამ სასწავლებლების რექტორებმა უპასუხეს, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა, რაც პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით აბსურდია, რადგან შეუძლებელია უმაღლეს სასწავლებელში შეიყვანო სტუდენტი, თუკი არ იცი, რა პროგრამით ხელმძღვანელობს ის. დავითაშვილი ამბობს, რომ პროფესიული განათლების მისაღბად ამ უმაღლეს სასწავლებლებში შექმნილია 1, 3, 4, და 10-კაციანი ჯგუფები მაშინ, როდესაც არსებობს ნორმატივი, რომ ჯგუფი 20-კაციანი უნდა იყოს და ეს ნორმატივი არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში დაცული არ არის.
დაბოლოს, პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე ითხოვს, რომ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს ის ოთხი საუკეთესო პროფესიული კოლეჯი („იკაროსი“, თელავის, გორის და ოზურგეთის პროფესიული სასწავლებლები), რომლებიც მისი თქმით, კახა ბენდუქიძემ სახელმწიფოს წაართვა.
„კახა ბენდუქიძემ და დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც შაშკინი ვალდებულებას იღებდა, ამ ოთხი კოლეჯის პრივატიზაცია ერთ ლარად გაკეთებულიყო და 100%-ის დამფუძნებლობის უფლებით აგრარული უნივერსიტეტისთვის, ანუ ბენდუქიძისთვის გადაეცათ. 2012 წელს ეს ვერ განხორციელდა, რადგან ჩვენმა პროფკავშირმა შესაბამისი მიმართვები გააკეთა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე. ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ მათ მიმართა, რომ 50%-იან დამფუძნებლობაზე უარი ეთქვათ, რათა სამინისტროს დაეფინანსებინა სწავლება ამ კოლეჯებში და მიეღო ზომები იქ სათანადო სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის, რადგან კანონი უკრძალავს სამინისტროს, რომ გარდა სსიპ-ებისა, ასეთი საქმიანობა სხვა სასწავლებლებში განახორციელოს, ბენდუქიძე ამ კოლეჯებს მაინც არ თმობს“, - აცხადებს დენიზ დავითაშვილი.
იგი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, დაავალოს შესაბამის უწყებებს, რომ შეამოწმონ ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის განკარგულების კანონიერება. საუბარია იმ დოკუმენტზე, სადაც გილაური აცხადებდა, რომ მოწონებული ყოფილიყო საქართველოს განათლების სამინისტროსა და ააიპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმება, როდესაც ეს შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ ყოფილა.
„შეიძლება პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწეროს ისეთი დოკუმენტის მოწონებას, რომელიც ჯერ არ გაფორმებულა? სწორედ ამ ვითარებას იყენებს დღეს ბენდუქიძე ძალიან კარგად, მაგრამ მას ეს ყველაფერ ცუდად დაუმთავრდება, რადგან ერთი თეთრიც კი არ ჩაუდია არც ერთი კოლეჯის რეაბილიტაციაში, სასწავლო პროცესის სრულყოფაში და დღეს სურს, სახელმწიფოს ოთხი კოლეჯი წაართვას. ბენდუქიძეს ჰგონია, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მოვუწოდებ, ეს კოლეჯები სახელმწიფოს უკან დაუბრუნოს, რადგან ის თვითონაც ვერ ამუშავებს მათ. ლექტორებს სრული ჯგუფის სწავლების ხელფასს აძლევს და ამ დროს ისინი 2 და 3-კაციან ჯგუფებში კითხულობენ ლექციებს. ეს კი ფინანსური უწყებების დაინტერესების საგანი თუ გახდება, დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი დარღვევა აღმოჩნდება“, - აღნიშნავს დენიზ დავითაშვილი.