დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ერთად იბრძოლებენ დემოკრატიისთვის დიქტატურის წინააღმდეგ.
ავსტრალიაში სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა თავისუფალ სამყაროში ერთად უნდა უპასუხონ გლობალურ საფრთხეებს, გააღრმავონ კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის დემოკრატიებთან და გლობალურ აგრესორებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ეკონომიკურ დამოკიდებულებას იყენებენ, რათა მიიღონ ის, რაც სურთ.
ერთობლივ განცხადებაში ბრიტანელმა და ავსტრალიელმა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობის გამო და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ლიზ ტრასმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინიდან უკან დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.
„კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როდესაც მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე. უკრაინაში შეჭრა მხოლოდ საშინელ ვითარებასა და მსხვერპლს გამოიწვევს, რაც სსრკ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.