„ოცნებამ“ შესთავაზოს გახარიას „ნაციონალებზე“ უკეთესი პირობები და ვნახოთ, მათთან ურთიერთობაზე თუ წავა“

„ოცნებამ“ შესთავაზოს გახარიას „ნაციონალებზე“ უკეთესი პირობები და ვნახოთ, მათთან ურთიერთობაზე თუ წავა“

შეიკრა თუ არა საბოლოოდ გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ალიანსი? უკვე მეორე მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოს“ წევრი ენმ-ის დახმარებით საკრებულოს თავმჯდომარის სკამს იკავებს.

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მე-6 მცდელობამ გაამართლა. თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი გახდა, რომელსაც საკრებულოში მხოლოდ 3 მანდატი აქვს. წალენჯიხა ჩხოროწყუს შემდეგ მეორე მუნიციპალიტეტი ხდება, სადაც საკრებულოს ოპოზიცია მართავს. კორნელი სალია პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით იბარებს.

მომხდარ ფაქტს უკვე მიესალმა ციხიდან მიხეილ სააკაშვილი. „ქართული ოცნებისთვის“ ეს მისი ყოფილი პრემიერის და „ნაციონალური მოძრაობის“ დადასტურებული ალიანსია. გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ ამ ნაბიჯით საკრებულო პარალიზებას გადაარჩინეს.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის რიგში ახლა სამეგრელოს კიდევ ორი მუნიციპალიტეტია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით: „კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გახარია სწორედ იმ ამოცანების ილუსტრირებას ახდენს, რა ამოცანებისთვისაც ეს პარტია შეიქმნა. ყველა იმ ილუზიას, ჭორს თუ მონაგონს, თითქოს გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო და არანაირი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ექნებოდა, ტყუილი აღმოჩნდა.

„გახარიამ ენმ-ის დასრულება დაანონსა და ბოლოს ერთად კოალიციაში არიან. მათი შეხმატკბილებული თანამშრომლობა ჯერ ჩხოროწყუში, შემდეგ კი წალენჯიხაში შედგა. ძალიან ნიშანდობრივია, რომ ამ მოვლენებამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულმა სააკაშვილმა საკრებულოს წევრებს მიმართა და ანუგეშა - მოქმედების მიმართულება მისცა და აგრძნობინა მათგან რა შედეგს ელოდა. ეს გზავნილი გახარიას პაარტიის მხრიდან სწორად იქნა წაკითხული. ამიტომაც მორიგი კოალიცია შედგა და უკვე არაფერი სახელი აღარ ერქმევა.

ვერც ტაქტიკურ სვლას, ვერც სხვა ვერაფერს ვეღარ ვხედავ, რადგანაც ამ ორი პარტიის ერთმანეთთან შერწყმა მოხდა. ოფიცილურად და იურდიულად ყველამ დაინახა, გახარიას რეალური მიზანი, რისთვისაც ის თანამდებობიდან გადადგა. გახარიას და ენმ-ის მიზანი იყო, რომ ე.წ. სარეფერენდუმო ნიშანი 43%-ზე დაბლა დაეყვანათ, რაც მათ ვერ განახორციელეს. დღეს ამ მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტით, ის იმ ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს, რომელიც 2021 წლის არჩევნებზე ნაწილობირვ განახორციელა. საბოლოო ჯამში, ვერ გათვალა, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის ტანდემმა, ძალიან მოკლე პერიოდში ეს 10%-იანი ელექტორალური დეფიციტი იმ ადამიანების ხარჯზე აანაზღაურეს, რომლებიც ადრე ნიჰილიზმით იყვნენ განწყობილები. გახარიას მიერ ხელოვნურად შექნილი დეფიციტის შევსება მაინც მოხდა. ამიტომ ახლა გახარიას სხვა დავალება აქვს შესასრულებელი“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

რა არის გიორგი გახარიას პოლიტიკური ტაქტიკა და ამ გადაწყვეტილებით რისი მიღება სურს? ხომ არ დაკარგავს ის „ქართული ოცნებიდან“ გამოყოლილ ამომრჩეველს, რადგანაც უმეტესობა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა? ამ კითხვებზე ქართველიშვილი გვპასუხობს, რომ პარტია „საქართველომ“ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა, ამიტომ რეგიონალური საარჩევნოდ შექმნილი ოფისები დახურა. პარტიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად გამოშიგნული წარმონაქმნია.

„ამ პარტიას მხოლოდ ორი სახელი დარჩა - ერთი გახარიასი და მეორე იურდიულად - პარტია „საქართველოსთვის“. ახლა ამ მცირე ამოცანებით არიან დაკავებულები, რაც ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს ახარებს. ამიტომ მისმა მილოცვამ ციხიდან ყველას დაასწრო. დღეს ამ სირცხვილით ის 10%-იანი ელექტორატის დიდი ნაწილით იკვებება. მინდა დავიჯერო, რომ ის ხალხი, რომლებიც გახარიასთან გადავიდნენ და იფიცებოდნენ, სად ნაცები და სად ჩვენო, მე მგონი, ეს ხალხი გახარიას გამოეყოფა. გახარია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე 1%-საც ვეღარ გადააბიჯებს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია ძალიან საინტერესოა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გახარიამ თავიდანვე განაცხადა ამ ორ ძალას შორის ბალანსირებას აპირებდა. შესაბამისად, მოთხოვნა წამოაყენა და თქვა, რომ ამისთვის საკრებულოს თავმჯდომარეები, მისი პარტიიდან უნდა ყოფილიყვნენ. ძაბირაძე ამ ფაქტს, ჩვეულებრივ პოლიტიკურ მანევრად აღიქვამს და არ ფიქრობს, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში იმყოფება.

„ჩვეულებრივ ნორმალურ ქვეყანაში, პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი ურთიერთობა გასაკვირი არ არის. ჩვენთან კი ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უკვე ღალატად არის მონათლული. „ოცნებამ“ გახარიას იგივე შესთავაზა? არც ერთი და არც მეორე მხარე ამ ბალანსირებას არ ემხრობა. ამიტომაც გახარია ჩემი აზრით, ძალიან სწორად იქცევა, რადგან მას თავისი ხედვა აქვს. ის თავის ოქროს მანდატებს სწორად იყენებს და პოლიტიკურად ვაჭრობს.

„ოცნებამ“ უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ იგნორირება გაუკეთოს. ჩვეულებრივი გზით წავიდა და გახარიას „ნაციონალობას“ სწამებს. საინტერესოა, თუკი 2024 წელს მან უმრავლესობა ვერ აიღო და კოალიცია დასჭირდა, მაშინ რა ხდება, „ოცნება“ თანამშრომლობაზე არავისთან წავა? მთავრობა როგორ უნდა დააკომპლექტოს? თუკი ეს 2024 წელს მისაღები იქნება, ახლა წალენჯიხაში და ჩხოროწყუში მიუღებელი რატომ არის? პირიქით, „ოცნებამ“ შესთავაზოს გახარიას „ნაციონალებზე“ უკეთესი პირობები და ვნახოთ, მათთან ურთიერთობაზე თუ წავა. ეს ხომ მარტივი გადასამოწმებელია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარიას ერთ რამეში გაუმართლა, რომ ეს ჯერჯერობით ადგილობრივ დონეზე ხდება. ამასთანავე, საინტერესოა, მოლაპარაკების შემდეგ ეს კოალიციური საკრებულოები როგორ იმუშავებენ. ამასთანავე ძაბირაძე ამბობს, რომ იგივე მოსალოდნელია რუსთავში და სენაკშიც. ამიტომ ბევრი რამ ამაზეც იქნება დამოკიდებული. თუკი საკრებულოებმა მართლაც კარგად იმუშავეს და ეს მოსახლოებამ დაინახა, წამგებიანი გახარიასთვის კი არ იქნება, პირიქით, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.

„რაც შეეხება მის გაუჩინარებას, მე როგორც მგონია, მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შექმნაა. მას უნდა, რომ მის გუნდს მოსახლეობაში ცნობადობა ჰქონდეს. ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მის პარტიას განვითარება სჭირდება. ის ხალხი, ვინც გახარიასთანაა და საჯაროდ ჩნდებიან, მაინც აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან, ვიდრე პოლიტიკური სპექტრის. გახარია 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მასზე ზეწოლა იქნება და თუ ის ამ ზეწოლას გაუძლებს, მაშინ მისი სახით საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას მივიღებთ. ამას რამდენად შეძლებს ვნახოთ“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.