„შეიძლება, „ნაცებმა“ მასობრივ შიმშილობაზე უარი თქვან, მაგრამ რაღაც ექსცენტრულ საქციელს რომ არ ჩაიდენენ, ამაზე თავს ვერავინ დადებს“

„შეიძლება, „ნაცებმა“ მასობრივ შიმშილობაზე უარი თქვან, მაგრამ რაღაც ექსცენტრულ საქციელს რომ არ ჩაიდენენ, ამაზე თავს ვერავინ დადებს“

ამიერიდან რა სტრატეგიას აირჩევენ „ნაციონალები“?! წარსულს ჩაბარდება თუ არა ის დრო, როცა ზედმეტ იმედებს ამყარებდნენ შიმშილობაზე, რადგან ეგონათ, მთელ მსოფლიოს გული მოუკვდებოდა პარტიულ მოშიმშილეთა დანახვაზე, მიშას გამოხსნისა და ხელისუფლებაში მობრუნებისთვის ზვარაკად რომ ეწირებოდნენ პრეზიდენტყოფილს. თანაც, ეს ყველაფერი ხდებოდა საკუთარი ნების წინააღმდეგ, პარტიული ბრძანების საფუძველზე.

„იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან“, - ეს სააკაშვილის გამოსახსნელად საშიმშილოდ დამჯდარი კობა ხაბაზის სიტყვებია.

შიმშილობის გამო პოეტურ განწყობაზე დამდგარ კობა ხაბაზს წარსული საუკუნის ფრანგი პოეტი ახსენდებოდა და აღნიშნავდა: „ყოველი შიმშილობის დროს ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძიდან“ ერთი ფრაგმენტი მახსენდება, „შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან, კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის“, მაგრამ სააკაშვილისთვის წამოწყებული შიმშილობა ხაბაზისთვის სრულიად განსხვავებული ფენომენი იყო.

მართალია, კობა ხაბაზს ფრანსუა ვიიონი აგონდებოდა, მაგრამ ის კი ავიწყდებოდა, როგორ მთავრდებოდა პარიზიდან განდევნილი ფრანსუა ვიიონის „ანდერძი“: „უკანასკნელად მივყვირი ყველას, შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!“

ეს სწორედ ის სიტყვებია, რასაც „ნაცმოძრაობის“ პერიოდში დაზარალებული ადამიანები ითხოვენ მთავარი „ნაციონალისგან“ და მისი თანამოაზრეებისგან, მაგრამ სინანულის მოლოდინი ამაოა.

სამომავლოდ გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა შიმშილობა ისევ გამოიყენოს ბრძოლის ფორმად, მაგრამ „ნაცმოძრაობას“, როგორც პარტიას, საკუთარი აქტივისტების მოშიმშილეებად გადაქცევა სულაც არ ხიბლავს. ამდენად, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ წინააღმდეგობის სხვა ფორმები შემოგვთავაზოს. ეს იმიტომ, რომ შიმშილობით ვერაფერს მიაღწიეს, გარდა საკუთარი მომხრეების მომდურებისა, რომლებსაც სულაც არ ხიბლავთ ჭამა-სმაზე უარის თქმა გაურკვეველი „იდეალის“ გამო.

ბრძოლის რა მეთოდს შემოგვთავაზებს „ნაცმოძრაობა“ 2022 წელს?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კობა ხაბაზს for.ge-ს მეშვეობით მიმართავს, თუ განწმენდა უნდა, იმარხულოს და მიხედოს თავის სულს, დანარჩენი კი მის სინდისზე იყოს.

„მარხვაზე კარგი კაცობრიობას არაფერი არ მოუგონია. როგორც ისლამი, ისე ქრისტიანობა განსაწმენდად სწორედ მარხვას იყენებს. მარხვას მოჰყვება მერე ზიარება და ზიარების წინ არის აღსარება. „ნაცმოძრაობამ“ დაღალა ხალხი და ქუჩაში არ გამოდიან, ამიტომ მოუწიათ შიმშილობა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, რაც თავისთავად კეთილშობილური ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს შიმშილობა, როგორც პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური პროტესტის ფორმა და ეს ჩემთვის მიუღებელია, ხალხს შეუძლია, იშიმშილოს. შიმშილობა არ არის მიტინგზე გამოსვლა და არჩევნებში მისვლა, ეს არის სერიოზული ამბავი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს ხალხი. ამიტომ სამომავლოდ „ნაციონალები“, ალბათ, აღარ აირჩევენ შიმშილობას ბრძოლის მეთოდად. თუ მაინც შიმშილობას გადაწყვეტენ, ან მოუწევთ სიკვდილამდე შიმშილობა, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ამის გამკეთებლები არიან, ან პატრიარქმა უნდა სთხოვოს, გეყოფათ, თავი დაანებეთ შიმშილობას, უკვე კარგად განიწმინდეთ ყველანი და სუფთები ხართო“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, მიშასთვის გამოცხადებულ შიმშილობას არანაირი ფასი არ აქვს. ერთადერთი, შიმშილობა მაშინაა დასაშვები, როცა ადამიანი საკუთარი თავისთვის და თავისი სიმართლისთვის შიმშილობს. შეიძლება, ადამიანი თავის ინდივიდუალურ სიმართლეს ვერ ამტკიცებდეს და შიმშილობდეს, ესეც მძიმეა, მაგრამ გასაგებია. შიმშილობის პოლიტიკურ ფორმად გამოყენება კი გაუგებარია.

„ადამიანი შიმშილობს მიშასთვის? შიმშილობს და როგორ დავცინო? არავინ არ ღირს არავის საშიმშილოდ. ვერ ვეტყვი ასეთ ადამიანს, შიმშილობაში გაგაძლიეროს ღმერთმაო, შიმშილობაში ვერ გაძლიერდება, დასუსტდება აუცილებლად. ვერც განიწმინდება, მარხვა გამიგია სერიოზული აღმსარებლობისთვის, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის მარხვა არ გამიგია“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს უჭირს იმის განსაზღვრა, „ნაცმოძრაობა“ თავის სამომავლო სტრატეგიად აირჩევს თუ არა შიმშილობას, რადგან ამ ხალხს რა დაარტყამს თავში, არავინ იცის.

„რასაკვირველია, ეს ადამიანები „განიწმინდებიან“ სააკაშვილის წიაღში ცხონებით. კობა ხაბაზი და მისთანები, როგორც ჩანს, სააკაშვილისგან ცხონებას ელოდებიან. ისინი ხომ სააკაშვილის „თავისუფლებისთვის“ იბრძვიან, თავისუფლება კი არ არსებობს გაცნობიერებული პასუხისმგებლობის გარეშე. სამომავლოდაც იქნება თუ არა ე.წ. მასობრივი შიმშილობები, ეს არ ვიცი, „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიის განსაზღვრა ცოტა რთულია. ამ ხალხს რა დაარტყამს თავში, არავინ იცის. შეიძლება მასობრივი შიმშილობა არა, მაგრამ რაღაც ექსცენტრულ საქციელს მათგან ველი. რაიმე ექსცენტრულს რომ არ ჩაიდენენ, ამაზე თავს ვერ დავდებ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.