სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნებზე ოცნებობს, ოპოზიცია - რევოლუციაზე, „ოცნება“ კი იმედიანადაა, რადგან ოცნებას კაცი არ მოუკლავს  

სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნებზე ოცნებობს, ოპოზიცია - რევოლუციაზე, „ოცნება“ კი იმედიანადაა, რადგან ოცნებას კაცი არ მოუკლავს  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ განცხადებას ავრცელებს. მისი მთავარი ადრესატი ამჯერად საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. ყოფილმა მაღალჩინოსანმა მათ მოუწოდა, რომ იმუშაონ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრი ორგანიზაციასთან, რომელთაც ცვლილებები სურთ. როგორც სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, მათი უახლოესი საბოლოო მიზანია, ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს.

„მინდა გირჩიოთ, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ, იმ სახელმწიფო მოხელეებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, ვინც პატიოსნად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიებისა. ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანი იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ჩვენი პოტენციური მოკავშირეა. ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყოველდღიური მომზადება სჭირდება. როგორც პარტიის ცენტრალურ რგოლში მოხდა ცვლილებები, ასევე უნდა მოხდეს ადგილზე გადაჯგუფება, ახალი ხალხის მოზიდვა და ნიჰილიზმის დამარცხება. ჩვენ ვართ დიდ ბრძოლაში - საქართველოს გადარჩენისთვის და ამ ბრძოლის წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს!“, - წერს სააკაშვილი წერილში.

თუმცა, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მოსაზრება გამოითქვა, რომ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიზანს არა თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, არამედ მორიგი რევოლუციის მოწყობა წარმოადგენს. თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ დღეს საზოგადოებაში რევოლიციური განწყობები არ არსებობს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მუხტის აწევა გაუჭირდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არაფერს მოუტანს და ეს იციან პარტიშიც. მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტია შესაძლოა, მორიგი რევოლუციის მოწყობისთვის ემზდებოდეს, თუმცა ეს მუხტი საზოგადოებაში დღეს არ არსებობს.

„საპროტესტო მუხტი ამ შემთხვევაში სააკაშვილს სჭირდება იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ვადამდელი არჩევნები რას მისცემს ოპოზიციას, ეს საკითხი არ ისმის? ყველა გამოკვლევითა და შედეგით ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, ოპოზიცია ვერ მოიგებს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ საპროტესტო მუხტზე აქცენტი რევოლუციისკენ და არჩევნებისკენ მიმავალი გზაა. რევოლუციისკენ მიმავალ გზაზე, ნამდვილად ცოტა მომხრე მიყვება „ნაციონალურ მოძრაობას,“ როგორც ამ პარტიაში, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც ცოტას აქვს ამის სურვილი, რომ მიიღოს პოლიტიკური მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ სარდლობის ქვეშ.

ორგანიზაციულად სამდივნო სტრუქტურა, რაც „ნაცმოძრობამ“ შემოიტანა, იმუშავებს როგორც სტრუქტურა. თუ ერთმანეთის საქმეში არ ჩაერევიან, მაშინ შესაძლოა, რაღაც განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნას, მაგრამ თუ ისევ ისე იქნება, რომ ყველაფერს ერთი ადამიანი გადაწყვეტს და დანარჩენი სტრუქტურები რეალურად არაფერს გააკეთებენ, მაშინ არაფერი შეიცვლება და უბრალოდ, ძველი სახელების განახლება მოხდება.

ორი ასპექტი აქვს რევოლუციის საკითხს - ერთი ის, რომ საზოგადოებაში რევოლუციის მუხტი არ არის და მეორე - აქვს თუ არა საზოგადოებას სურვილი მან რევოლუციური გზით მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა?“ - არც ამის სურვილი არ ეტყობა საზოგდოებას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ერთადერთი მიზნით შევა, რომ მოიპოვოს 50 დეპუტატის ხმა, რათა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ განცხადება პარტიაში გაკეთდა.

აღნიშნულს ასევე შეფასება მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ეს არის გეგმა, გადაწყვეტილება, რომელმაც საგამოძიებო კომისიის შექმნის ფონზე დამატებით, ახალი დააძაბულობის კერა უნდა შექმნას ამჯერად პარლამენტში.

გია ვოლსკის განცხდებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. ამასთან, ვოლსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხშირი ლაპარაკი „შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს“.

„ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ - ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.