თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვას სთავაზობს, რათა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიმდინარე ესკალაცია განიხილონ.
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ნებისმიერი როლი შეასრულოს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა განმუხტოს.
იბრაჰიმ ქალინის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და ისინი თურქეთში მიიწვია, რათა დეესკალაციის გზები განიხილონ.
18 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია და მან ეს კრიზისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა განიხილოს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია, რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, რუსეთმა უნდა გადახედოს მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საკუთარ ვითარებას. რეგიონი ომს ვეღარ შეეგუება და ასეთი ნაბიჯი არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ვლადიმერ პუტინთან უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.