„ამ ხალხს დააცადონ, რომ სტრატეგია დაგეგმონ და განახორციელონ, თუ არადა 2008 წლის ომის მსგავსი რამ მოხდება, როცა გიგი უგულავა ომის ბედს წყვეტდა“

„ამ ხალხს დააცადონ, რომ სტრატეგია დაგეგმონ და განახორციელონ, თუ არადა 2008 წლის ომის მსგავსი რამ მოხდება, როცა გიგი უგულავა ომის ბედს წყვეტდა“

რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნა და შეაჩერებს თუ არა ეს დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას? თუ პირიქით, შესაძლოა, ახალი განხეთქილების მიზეზი სწორედ 12 კაცისგან შემდგარი სამდივნო გახდეს? ანალიტიკოსები for.ge-სთან ეჭვობენ, რომ ენმ-ში დაწყებული რეორგანიზაცია პარტიას რაიმე ახალ გზას მისცემს, რადგან გადაადგილებებს აზრი არა აქვს, თუკი თავად პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკა და პათოსი არ შეიცვალა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“ ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს. კერძოდ, ახალ სამდივნოს წარმოადგენენ: გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, გენერალური მდივნის მოადგილე - ადმინისტრაციული საკითხების მდივანი - ზურა მელიქიშვილი, საგარეო საკითხთა მდივანი - თინათინ ბოკუჩავა, ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი, რეგიონალური მდივანი - გიორგი ბოტკოველი, საორგანიზაციო მდივანი - ბაჩო დოლიძე, იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი - ლევან ბეჟაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი - ნიკა ობოლაძე, სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი - ანა გოგოლაძე, ანტიკორუფციული საკითხების მდივანი - ლევან ხაბეიშვილი, პოლიტიკური მდივანი - აკაკი მინაშვილი, მედიასთან ურთიერთობის მდივანი - გიორგი პატარაია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს და ფიქრობს: „ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ წინ ის ადამიანები წამოიწევიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“.

ვოლსკი იმასაც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედას.

„ცალკეულ ლიდერებს, დეპუტატთა ჯგუფს ამის სურვილი რომც ჰქონდეთ, იდეები გაუწბილდებათ როგორც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა. რეალურად პერსპექტივას იმისას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმუშავებს და თუნდაც ცალკეულ საკითხებზე მწვავე დებატებში შემოვა, ვერ ვხედავ. თუ ეს მაინც მოხდა, ბოდიშსაც მოვიხდი!“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

„ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას“, - ასე ეხმიანება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგი.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში, რადგან 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი ამ მიმართულებით, რომელიც ხელიდან გაუშვა ოპოზიციამ.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციის დღის წესრიგში კვლავ რჩება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, მაგრამ ამის პარალელურად საჭიროა ყველა მიმართულებით მუშაობა.

„წარმატებას ვუსურვებ მათ ახალ სამდივნოსთან დაკავშირებით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი და განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში. ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული, ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა“, - განაცხადა სამნიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სამდივნოში ძველი პერსონები ნამდივლად არიან, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი ამ ფორმით მუშაობა მოხერხდა, მაშინ ფუნქციები განაწილდება. ეს კი ამ ჯგუფის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ხელს შეუწყობს. თუმცა რამდენად მიეცმა ამ ადამიანებს თავისუფლად მოქმედების საშუალება საყვარელიძეს ამაზე საუბარი უჭირს.

„თუკი პარტია თავის დღის წესრიგს არ შეცვლის, ამ სამდივნოს თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მიეცემა, მაშინ არაფერს აზრი არ ექნება. თუ პარტია ისევ ქუჩის აქციების ხაზის გაგრძელებას აპირებს, მაშინ პიარის მიმართულებით დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ამ დროს ვხედავთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ამ პარტიას ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქვს. ამიტომ პიარის მიმართულებით სამდივნოს ვინც ხელმძღვანელობს, გამოდის, რომ ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა საერთოდ პარტიის ბედ-იღბალზე უნდა აიღოს. ამ ხალხს უნდა დააცადონ, რომ ეს სტრატეგია დაგეგმონ და განახორციელონ. თუ არ დააცდიან და მხოლოდ სახელებს დაირქმევენ, მაშინ 2008 წლის ომის მსგავსი რამ მოხდება, როცა ქალაქის მერი გიგი უგულავა ომის ბედს წყვეტდა. იქ ერეოდა, სადაც მისი საქმე არ იყო. ანალოგიურ შედეგს „ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს. თუ ისევ ქაოსი იქნება და პარტიაში ვისაც რა ვალდებულება აქვს, ის არ გააკეთა, უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, გინდ მდივნები დაირქვან და გინდ ქრისტეს მოწაფეები, შედეგი არ ექნებათ“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი დილემის წინაშე დგას, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა ვერ მოახერხეს. როგორც აღმოჩნდა ყველა გეგმა, რაც მათ დაგეგმილი ჰქონდათ, წყალში ჩაეყარათ. ამიტომ ახალი სტრატეგია სჭირდებათ.

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ენმ-ზე განაწყენებულია და ამბობს, რომ პარტიამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა ვერ შეძლო. კი, მაგრამ როგორ უნდა მოეზიდათ ხალხი? კარგი, მიტინგზე ფულით ჩამოიყვანენ, მერე რა უნდა ქნან? ადამიანები შენს მიმართ დადებითად უნდა იყვნენ განწყობილები და უნდა გენდობოდნენ. ახლა ენმ-ს საკუთარი ელექტორატიც კი გაურბის და ქუჩაში რა ხალხის გამოყვანაზეა საუბარი? ალასანიამ პარტიას უსაყვედურა ხალხის მობილიზება რატომ ვერ მოახერხეთო, ის კი არ უსაყვედურა, ხალხის ნდობა რატომ არ მოიპოვეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესების მიმართ საღი ანალიზი და შეფასებები ალასანიასაც არ გააჩნია, მიუხედავად მისი გამოცდილებისა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბება რა მიზანს ემსახურება მისთვის ცოტა რთული გასაგებია. ანაჯაფრიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რაღაცა ახალი დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა პარტიას არანაირ პოზიტივს არ მატებს, არც მის მუშაობას გააუმჯობესებს. რაც შეეხება ახალ სახეებს პარტიაში, ანჯაფარიძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები ძველისგან დიდად არ განსხვავდებიან.

„არ მგონია, რომ პარტიაში ახალმა დამატებით სტრუქტურის შექმნამ რამე ძირეული ცვლილებები მოიტანოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეები ძველ სახეებზე რადიკალურები არიან. მათმა პარტიაში მისვლამ საზოგადოებას რაიმე განსხვავებული და ახალი არაფერი მისცა. ამის მიზეზი პარტიის პოლიტიკაა. რატომ და რის გამო გადაწყვიტეს, რომ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნაა საჭირო, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ამან ენმ-ის მუშაობაზე რამე რადიკალური გავლენა მოახდინოს და ცვლილება მოიტანოს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

 

 

 

amo ხო, ხო გვარების რა ჩამონათვალია! შენ დაუკარ . . .
2 წლის უკან
ჯარჯი სკკპ ცკ- ს გადაუნოკრეს მდივნების რაოდენობით))) თან, რამდენჯერმე. ყოჩაღ.. აწი ეშველებათ
2 წლის უკან
ჯარჯი სკკპ ცკ- ს გადაუნოკრეს მდივნების რაოდენობით))) თან, რამდენჯერმე. ყოჩაღ.. აწი ეშველებათ
2 წლის უკან