შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სასამართლოზე შეტევა ტრადიციაა, მაგრამ უფრო დაბალი დონეა ინდივიდუალურად შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ, რაც მიუღებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
„ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა ან მისი შეურაცხყოფა. მსგავსი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან შემდეგ ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდამჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც ჩვენი ქვეყნის სამწუხარო გამოწვევაა. ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება. სასამართლოს წინააღმდეგ შეტევა აბსოლუტურად მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც შეტევა ხდება ინდივიდუალურად, მოსამართლეების წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია“, - სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის და საუბრის დროს მიემართა მოსამართლისთვის და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის.
ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია და ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც. მისი თქმით, მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ყოფილი მაღალჩინოსნის შს სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე.
„მიდის მუდმივი მუშაობა, რომ სასამართლოშიც როგორმე შემოიტანონ ისეთი ტენდენცია, რასაც ჰქვია ამ სისტემის პოლიტიზაცია. „შავი სიების“ შედგენა და ამ სიაში მოსამართლეთა ჩაწერა, რომლებმაც სააკაშვილის გაგებით აწყენინეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამორალურობისა, რომელსაც მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვება“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რომ გრძელდება პოლიტიკურ პროცესებში ისეთი სერიოზული სახელმწიფო ინსტიტუტის ჩათრევა, როგორიც სასამართლო ხელისუფლებაა, ამის შესახებ საუბარობს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომლის თქმით, ბანალური თემა მოიფიქრეს ახლა, რომ რამენაირად მოსამართლეების ამბოხი გაამართლონ. ეს არის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მოსამართლეების მიმართ, რაც 2021 წელს მიიღო საკანონმდებლო ორგანომ, როდესაც მოსამართლეს ეზღუდებოდა პოლიტიკური განცხადებისა და პოლიტიკური შინაარსის შემცველი წინადადების საჯაროდ გამოხატვა, რაც თავისდაუნებურად მოსამართლის თვითშეზღუდვას გულისხმობს და მოსამართლე უნდა იყოს დეპოლიტიზებული. მისი თქმით, ეს მოიყვანეს მიზეზად და 14 მოსამართლე ცდილობს ეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს, თითქოს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ხორციელდება ძალადობა კანონის სახელით.
„სინამდვილეში გრძელდება პროცესი, რომელსაც ჰქვია მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიზებული გახდეს და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ეს სათავისოდ გამოიყენოს. სასამართლო სისტემაში დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შეტანა, გაააქტიურა რა ძველი კავშირები მოსამართლეებთან და დაიგეგმა სპეცოპერაცია მოსამართლეები რიგითი სააკაშვილის და საკუთარი კარიერის გადასარჩენად. მთავარი შემსრულებელი „ნაცმოძრაობასთან“ და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილია, რომლის კანდიდატურა პარლამენტმა არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. ამის შემდეგ გაბრაზებული მესხიშვილი „ნაცმოძრაობის“ სატელიტად იქცა.
მისი მეუღლე დავით მესხიშვილი წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის მაღალჩინოსანს შსს-ში, ჯერ იყო საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილედ 2006-2008 წლებში, ხოლო შემდეგ 2008-2012 წლებში იყო შსს-ს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროს აკადემიის რექტორი მოგეხსენებათ იყო „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. უკვე კრიტიკულ პერიოდში, 2012 წელს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იმის გამო, რომ როგორც შსს-ს სანდო კადრს და გამოცდილ ზონდერს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოეხდინა ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზება ადგილზე.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცოლ-ქმარი მესხიშვილები მერაბიშვილის ახლო გარემოცვის და დეკანოიძის უახლოესი ადამიანები არიან და ეხლაც სწორედ მისგან იღებენ ინტენსიურად დავალებებს, შუამავლის მეშვეობით. სწორედ დავით მესხიშვილს აქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ სუბიექტებთან და სწორედ დეკანოიძეა ამ პროცესების პოლიტიკური კურატორი „ნაცმოძრაობიდან“. ეს რომ ორკესტრირებული და შეთანხმებული სქემაა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ, რომ სწორედ ქეთევან მესხიშვილის პირველ საპროტესტო ფეისბუქ-პოსტს მყისიერად, რამდენიმე წუთში ციხიდან გამოეხმაურა პატიმარი სააკაშვილი და მოუწოდა აშშ-ს მთავრობას მოსამართლეებისთვის სანქციების დადებისკენ, რათა გაძლიერებულიყო მეამბოხე მოსამართლეების პოზიციები, რომლებმაც პირველად ხმა ამოიღეს“, - აცხადებს ქადაგიძე.
მისი თქმით, თავის მხრივ მესხიშვილებს ასევე ახლო ურთიერთობა აკავშირებს ელენე ხოშტარიასთან, თინა ბოკუჩავასთან, გიორგი ბოტკოველთან და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებთან, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, მის მოადგილესთან გიორგი ბურჯანაძესთან.
„საინტერესოა, რომ ქეთევან მესხიშვილის მული, მანანა მესხიშვილი ასევე მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გარდა ამისა მოსამართლეა აგრეთვე მათი ნათესავი ხათუნა ჯინორია. ცხადია, ეს 2 მოსამართლეც ამ პროტესტს შეურთდნენ. ანუ რძალ-მულის და მათი ნათესავის კოორდინირებული პროტესტით სასამართლოში ცდილობენ არეულობის შეტანას. თუმცა ნათესავები და ოჯახის წევრები მხოლოდ ესენი არ არიან. დანარჩენზე - მოგვიანებით. რეალურად აქამდე თუ პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ეხლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში.
საინტერესოა, რომ ამ მოცემულობაში ვითარების ერთ-ერთი კოორდინატორის როლი უკავია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს და მის მეუღლეს გვანცა წულუკიძეს, რომელიც ამავე ორგანიზაციაში მუშაობს. მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვინიერაძე უხმოვანებს ფეისბუქის მეშვეობით. მშვენიერიძე და მისი მეუღლე გვანცა წულუკიძე აჯანყების ტექნიკურ უზრუნველყოფაშია ჩართული. მყისიერად რომელიმე მოსამართლის მიერ საპროტესტო პოსტის დადებისთანავე, მას მიეწოდება და იგი ამ პოსტებს ასახავს და აქვეყნებს თავისსავე ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე წუთში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ.
ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ იგრძნობა მოსამართლეებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება და თვლის, რომ პროცესზე ეს არც უნდა იგრძნობოდეს.
„რაც შეეხება შეტევას სასამართლოზე, ეს არის მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკაში შეათრიონ სამართალი, ან სამართალს მოახვიონ პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მიშას ის დრო ენატრება, როცა ჯიბეში ჰყავდა ჩასმული სასამართლო და პროკურატურა. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს აბსოლუტურად თავისუფალია სასამართლო ყველანაირი პოლიტიკური გავლენებისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივ საქმეებზე ეს არ იგრძნობა, შეიძლება იგრძნობოდეს საქმეების 10-5-2%-ზე სადაც არის ხელისუფლების ინტერესი, მაგრამ ის, რომ ტოტალურად როგორც იყო სააკაშვილის დროს, როცა არც სჭირდებოდათ გაფრთხილება, როცა იმათ იცოდნენ, რომ პროკურატურის სიტყვა კანონი უნდა ყოფილიყო. დღეს ასეთი ვითარება არაა. როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა ენატრებათ, ოღონდ თვითონ უნდა იყვნენ პროკურორების როლში და თვითონ უნდა იძლეოდნენ ბრძანებებს. სხვანაირად მათ ვერ წარმოუდგენიათ სასამართლო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.
ა/ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი განშტოებაა, სწორედ მის ჩამოშლაზე მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული მოსამართლეთა კორპუსი, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა სასამართლო სისტემაში.
„სწორედ ამ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს სახელმწიფოს ჩამოსაშლელად. ამ რეჟიმს სჭირდება გასამართლება, არ სჭირდება შეფასებები და სასამართლო პროცესები, იმიტომ რომ აძლევენ მინიმალურ სასჯელებს, გამოდიან გარეთ და ისევ იწყებენ სახელმწიფოს ნგრევას. ამ ადამიანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებს და ვისაც ჰქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, უნდა აეკრძალოთ საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა. სხვა შემთხვევაში ამათ აქვთ უზარმაზარი ფული, დაფინანსება და კაცმა არ იცის, რომელი სახელმწიფოდან. ასევე, არ ჩამოაშორეს ბიზნესს და შესდით უამრავი ფული, რასაც იყნებენ არა კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, ამისი არგაკეთება არის დანაშაული. რეჟიმი უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდნენ პოლიტიკას მრავალი წლით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.