აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი 12 იანვარს უკრაინას ვიზიტით ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, უილიამ ბერნსი უკრაინის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკები განიხილა.
14 იანვარს, ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მტკიცებულება აქვს, რომ ის ძალები, რომლის გამოყენებასაც რუსეთი აპირებს, გაწვრთნილნი არიან ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავენ.
13 იანვარს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად.
ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და ევროპელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.