კანადის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მცირე კონტინგენტი გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Global News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა Global News-ს განუცხადეს, რომ კანადის მცირე კონტინგენტის უკრაინაში ყოფნა ნატოს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილია, უკრაინაში რუსული აგრესია შეაჩერონ და უკრაინის მთავრობის დახმარების გზები განსაზღვრონ.
წყაროები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში გაგზავნილ დანაყოფს ასევე დაევალა კანადის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გეგმების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საზღვართან სიტუაცია გამწვავდება.
კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან პერიოდულად ეხმარებიან უკრაინის უსაფრთხოების ძალებს.