სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამამ ზოგიერთ მეწარმეს რიგი მაქინაციების ჩატარების სურვილი გაუჩინა. ვინაც წადილი აისრულა, საბოლოოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საკბილო გახდა. დანაშაული საკმაოდ მძიმეა და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს. საქმე ეხება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.
სააგენტომ ფონდიდან მიღებული დაფინანსებით გლეხებს დაურიგა სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლებითაც მათ საჭირო სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის შეძენა პროექტში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში შეეძლოთ. „მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერებში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს.
კერძოდ, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს რეალურზე ნაკლებ ფასად, აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ, რომ თითქოს, ფერმერმა ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი და ინვენტარი მიყიდეს. ამის შემდეგ ვაუჩერების ბანკში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად პროგრამის მონაწილე მეწარმეებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი“, - აღნიშნა სუხიაშვილმა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საქმეს სწავლობს, ვისაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ევალებოდათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო კი განმარტავს, რომ არაერთხელ აცნობა საზოგადოებას და მედიას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა პროექტში მონაწილე 27 მეწარმე.
„ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით დააკავეს 10 მეწარმე. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით ორი მნიშვნელოვანი პროექტი - მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი - ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებისთანავე მასში ჩართვის საშუალება მიეცა ყველა მეწარმეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის რეალიზაციას ახორციელებს. მთლიანობაში პროექტში მონაწილეობს 810 სავაჭრო ობიექტი. მეწარმეებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, სადაც მკაცრად განისაზღვრა მხარეების პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები.
აღნიშნული პროექტების დაწყების დღიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შეიქმნა და აქტიურად მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პროცესში ჩართული ყველა მონაწილე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს.
მთლიანობაში, სხვადასხვა დარღვევის გამო, დაჯარიმდა პროექტში მონაწილე 27 მეწარმე. სააგენტო თანამშრომლობს ფინანსთა სამნისტროს საგამოძიებო სამსახურთან პროექტის განხორციელებაში ჩართული პირების საქმიანობაში არსებული შესაძლო მაქინაციების გამოსააშკარავებლად და აღსაკვეთად“, - აცხადებენ სამინისტროში.