„პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ!“

„პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ!“

სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე, რომელიც მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, აქციის ორგანიზატორი 15-მდე ახალგაზრდა დააკავეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და გზის სავალი ნაწილი იძულების წესით დაატოვებინა. შედეგად, სტუდენტები, რომლებმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული, სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის წევრები სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით „ლაბორატორია 1918“-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მშვიდობიან მანიფესტაციაზე, როდესაც სტუდენტები ღირსეული შრომის უფლებებს ითხოვდნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები აწყობდნენ პროვოკაციას, პოლიციამ დააკავა „ლაბორატორია 1918“-ის 15-ზე მეტი აქტივისტი, დანარჩენები ცემეს, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია.

„პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ! თუ დაუყოვნებლივ არ გამოუშვებენ ყველა უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს, მიიღებენ სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას! თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ლაბორატორია 1918“-ის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები იგინებოდნენ და აქციის მონაწილეების პროვოცირებას ცდილობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განარტებით, აქციის დაშლა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ დემონსტრანტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის დროს პოლიციამ ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტი, ანი ჭანკოტაძე და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე დააკავა. ორივე მედია-საშუალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათმა თანამშრომლებმა პოლიციას განუმარტეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ ისინი მაინც დააკავეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ, რომ აქცია სასტიკად დაარბიეს, თუმცა თავად დაკავებულმა „ლაბორატორია 1918“-ის წევრმა, ლევან აბაშიძემ for.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, სერიოზულად დაშავებული არავინ არის. კითხვაზე, პოლიციის თანამშრომლებმა მართლაც სცემეს თუ არა აქციის მონაწილეებს, იგი პასუხობს, რომ ცემა არ ყოფილა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს იძულების წესით დაატოვებინეს გზის სავალი ნაწილი, ძალის გამოყენებით ჩასვეს აქციის ორგანიზატორები საპატრულო მანქანებში და უკანონოდ დააკავეს. აბაშიძის განმარტებით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მათ თავაზიანად ექცეოდნენ, თუმცა დაკავების პროცესში დაკავებულთა ნაწილს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება - ზოგს ტანსაცმელი აქვს შემოხეული.

„აქციის მსვლელობისას ჩვენ ვერ ვეტეოდით ტროტუარზე, რა დროსაც მანიფესტანტებს უფლება აქვთ, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პოლიცია კი გვაიძულებდა, რომ ტროტუარზე გვევლო. ამის ნიადაგზე წარმოიქმნა მცირე დაპირისპირება, რის შედეგადაც გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.

მისივე განმარტებით, დღევანდელი აქცია ოფიციალურად სანქცირებული არ იყო, მაგრამ ვინაიდან მანიფესტაციის მონაწილეთა ოდენობა დიდი იყო, ქართული კანონმდებლობის თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ, გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ მათ მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა და უკანონოდ დააკავა.

ამ დროისათვის ყველა დაკავებული განთავისუფლებულია. ლევან აბაშიძის თქმით, დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მათი საქმის სასამართლოში განხილვისას პროცესზე გამოცხადდებიან.

„ლაბორატორია 1918“-ის კიდევ ერთი წევრი, თინა ყიფშიძე ამბობს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს მთელი მსველობის განმავლობაში აკონტროლებდნენ, რომ გზის რაღაც ნაწილზე ევლოთ, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არ უშვებდნენ.

„გზის რაღაც ნაწილზე ვმოძრაობდით, დანარჩენ ნაწილზე კი მანქანები დადიოდნენ. რაღაც მომენტში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს გზიდან გადავყავდით, ერთ-ერთი გოგონა წაიქცა და მას პოლიციელმა ხელი მოარტყა, თუ რაღაც მოხდა, ეს ზუსტად არ ვიცი. დემონსტრანტებმა რომ ეს დაინახეს, მათ შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ და ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა“, - ამბობს თინა ყიფშიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრების, გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლებას.

„დღეს, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. აქციის მსველელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის და რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც მოხდა კანონის ფარგლებში მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

დღევანდელ მოვლენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეისწავლოს აღნიშნული ინციდენტი, კერძოდ მნიშვნელოვანია დადგინდეს:

1. უქმნიდა თუ არა რეალურ დაბრკოლებას რუსთაველის გამზირზე მოძრავ ავტომანქანებს აქციის მონაწილეთა მსვლელობა,

2. ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,

3. ჰქონდა თუ არა ადგილი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას საპატრულო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებით,

4. რამდენად ადეკვატური სანქციები იყო გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შეიძლებოდა თუ არა სხვა უფრო მსუბუქი მეთოდების გამოყენება სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

განცხადება გაავრცელა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამაც და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების დაკავებისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების შესწავლა მოითხოვა.

რა თქმა უნდა, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს და აქციის დაშლა თავისთავად ცუდი ფაქტია, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში აქციის დაშლა და დარბევა. საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი აქციის დარბევა გვახსოვს და სწორედ ეს გახდა წინა ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების და ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ, ეს გამოცდილება ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებულ კადრებში არსად ჩანს აქციის დარბევის და მითუმეტეს, აქციის მონაწილეების ცემის ფაქტები.