„სააკაშვილის თემა არ იარსებებს, აორთქლდება მეორე დღესვე, როგორც კი „ქართული ოცნება“ სხვა საკითხებზე დაიწყებს მუშაობას. სააკაშვილი არის რეზინის თოჯინა, რომელსაც ბერავს და ბერავს „ქართული ოცნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი.
როგორი იქნება 2022 წელს საქართველოს პოლიტიკური მომავალი? მთავარი მოვლენები ისევ სააკაშვილის პერსონის ირგვლივ იტრიალებს, რომელიც დღის თემა იყო 2021 წლის მეორე ნახევარში, თუ ექსპრეზიდენტი მილევად რეჟიმში გადავა და მომავალ წელს მაინც დაგვანებებს თავს?
- სააკაშვილი არ დაგვანებებს თავს მანამ, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ დაანებებს თავს სააკაშვილს. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, გაამართლოს თავისი არაფრის კეთება, უუნარობა, უპასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ჩაფლავებულია, ყველაფერი პარალიზებულია და ამას აბრალებს სააკაშვილს. სააკაშვილის თემა არ იარსებებს, აორთქლდება მეორე დღესვე, როგორც კი „ქართული ოცნება“ სხვა საკითხებზე დაიწყებს მუშაობას. სააკაშვილი არის რეზინის თოჯინა, რომელსაც ბერავს და ბერავს „ქართული ოცნება“, რათა ყურადღება მიიპყროს. სინამდვილეში, უნდა გაასამართლონ და გააპანღურონ სააკაშვილი უკრაინაში და დასრულდება ეს თემა, მაგრამ „ოცნებას“ ეს არ აწყობს. მათ სჭირდებათ ცოცხალი სააკაშვილი ციხეში. ჩვენ, ყველანი, კი ვუყურებთ ამ ვოდევილს.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი დეპრესიაშია. ეს ნიშნავს, რომ ის მიხვდა სიმართლეს და გააცნობიერა, როგორც ცალკეული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „გოიმივით ააგდეს და ჩამოიყვანეს საქართველოში?“
- ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნებაა“ მთავარი, ვიდრე სააკაშვილი. მე მაინტერესებს, როდის გააცნობიერებს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანაა სამართავი და არა ის ფაქტი, როგორია სააკაშვილის მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიხედოს ქვეყანას, რადგან 2022 წელი ძალიან რთული იქნება ქვეყნისთვის, რუსეთი ამ წელიწადში გადადგამს ძალიან სერიოზულ, აგრესიულ ნაბიჯებს. რუსეთი გადასულია შეტევაზე, მან წაუყენა ულტიმატუმი ამერიკას, ნატოს და ევროპას, ამ დროს კეთილი ინებოს საქართველოს სახელმწიფომ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, ბოლოს და ბოლოს, სად არის - რუსეთთან, თუ დასავლეთთან?! ეს იქნება სერიოზული ამოცანა, რადგან რუსეთი ამდენ ხანს, 30 წელი მთვლემარე რეჟიმში იყო და ამასობაში მუშაობდა კიდეც, იქ საქართველოს წაართვა ტერიტორიები, იქ უკრაინას, ახლა გადავიდა შეტევაზე და უკვე დასავლეთს სთხოვს, მან მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ. ეს მოხდება 2022 წელს, არ გადავა 2023 წელს. ამიტომ ჩვენი სახელმწიფო ჩამოყალიბდეს, მიდის თუ არ მიდის ნატოში. თუ მიდის, გაანძრიოს ყველა ორგანო.
ბაიდენი ესაუბრა პუტინს და პრინციპულად დაუსვა საკითხი, უკრაინას თუკი ხელს დააკარებს, შესაბამის მკაცრ პასუხს მიიღებს.
- მაგრამ მიდის რუსეთი ამ შესაბამის მკაცრ პასუხებზე, რუსეთს უღირს უკრაინის ოკუპაცია შესაბამის პასუხად. სტალინიც კი არ აშანტაჟებდა ასე მსოფლიოს, როგორც პუტინი აშანტაჟებს დღეს. ეს სერიოზული გამოწვევაა.
ეს ბაიდენის ფაქტორითაა განპირობებული? პუტინმა დაინახა მისი სისუსტე?
- კი დაინახა, მაგრამ მარტო ბაიდენი არ არის, აქ გამოწვევებზეა საუბარი, პუტინი მაინც გააკეთებდა ამას. პუტინმა იმიტომაც გაიხანგრძლივა თავისი ვადა, რომ წამოწოლილი ყოფილიყო? მას უნდა აღადგინოს იმპერიის ნანგრევები და ნარჩენები. სამსართულიანი სახლი რომ დაინგრევა, პატრონი ჩამონგრეულ აგურებს აგროვებს, იმ აგურებისგან ორსართულიანი სახლი მაინც ავაშენოო. დაახლოებით ამავეს აკეთებს პუტინი. ახლა ის ორსართულიანი სახლიც დაენგრა რუსეთს, მაგრამ ნანგრევებს აგროვებს, ერთსართულიანი სახლი მაინც ააშენოს. ამიტომ აშანტაჟებს დასავლეთს, რომ იქნება დიდი ომი. სინამდვილეში, შეიძლება პატარა ომი იყოს, შეიძლება სულაც არაფერი არ იყოს. რუსეთს უნდა, რამოდენიმე თემა წაართვას დასავლეთს. პირველ რიგში, გაზი გაიყვანოს, ბოლოს და ბოლოს, ლეგიტიმაცია მოახდინოს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის, მეორეც, დასავლეთმა უკან წაიღოს სიტყვები ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე.
ნატო უკან წაიღებს ამ სიტყვებს?
- უკან არ წაიღებს, მაგრამ ნატომ შეიძლება არც არაფერი გააკეთოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს უნდა პუტინს. მას უნდა, ბაიდენმა უთხრას, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიტყვას უკან არ წავიღებ, მაგრამ იცოდე, რომ არც გავაწევრიანებთ საქართველოსა და უკრაინას, სიტყვასაც დავტოვებთ და საქმესაც არ გავაკეთებთო. პუტინს ეს აწყობს. ბოლომდე ვერ გადაუვლის დასავლეთს, ამიტომ დასავლეთი კი არ უნდა გაჩუმდეს, უნდა მიიღოს საქართველოც და უკრაინაც, მაპი უნდა მისცეს 2022 წელს, 2022 წელს თუ არა, 2023 წელს აუცილებლად. თუ ეს პასუხი არ გასცა დასავლეთმა პუტინს, მაშინ ძალიან იმარჯვებს და ილაღებს მოსკოვი თავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამდენად, 2022 წელი გეოპოლიტიკურად გადამწყვეტია.
წინათ ნატოში ჩვენს გაწევრიანებას განსაკუთრებით გერმანია ბლოკავდა, ამ საკითხში მერკელის ფაქტორი იყო გადამწყვეტი. თავის დროზე ჯორჯ ბუში არც მალავდა, რომ მერკელთან მისი ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო. მერკელის ფაქტორი ამჟამად აღარ არსებობს. ამით რამე შეიცვლება ჩვენს სასარგებლოდ?
- გერმანიაში ახალი მთავრობა მოვიდა, მერკელიც რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მიმხვდარიყო, რუსეთი როგორი უტიფარია და როგორ გადადის შეტევაზე. ამიტომ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ამაზე საქართველომ უნდა იმუშაოს, მაგრამ არ მუშაობს საქართველო. საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თურქეთთან მუშაობაა საჭირო, წუწაობა იყო დღემდე. ვინმეს ახსოვს, საერთოდ, გარეჯი? არადა, წინა არჩევნები სულ დაგვახურეს თავზე გარეჯის თემა. რამე შეიცვალა? ერთი მტკაველი მიწა შეიცვალა იქით ან აქეთ? არაფერი არ შეცვლილა. წინასაარჩევნო კამპანიაზე ვახურდავებთ ასეთ მნიშვნელოვან თემებს და დავძაბეთ ურთიერთობები აზერბაიჯანთან. იმის ნაცვლად, შევკრათ რეგიონი და ერთიანი იყოს თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ასეთ საკითხებზე ვხურდავდებით. ამ დროს დავითგარეჯი საუკუნეები არსებობს. ჩვენ არ ვიქნებით საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ გარეჯი იარსებებს. არჩევნებს წააგებდნენ, დავითგარეჯის თემა რომ არა. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი თემა ააგორეს და დაახურდავეს არჩევნებზე, მერე დაავიწყდათ ეს თემა. ყველაზე დიდი, რაც გააკეთეს, გააუქმეს მელაშვილის სამსახური. ამიტომ 2022 წელს გვჭირდება მეტი სითამამე თურქეთთან, აზერბაიჯანთან თანამშრომლობისთვის, სომხეთის ინტერესების გათვალისწინება. 2022 წელს გეოპოლიტიკურად ბევრი სიახლე იქნება, მაგრამ საქართველოში არაფერი შეიცვლება, ვიქნებით ისე, როგორც მოვდივართ 2016 წლიდან, რადგან გვყავს ძალიან დოყლაპია ოპოზიცია, სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა არაფერი რომ არ აინტერესებთ და გვყავს უუნარო, გაზულუქებული, არაფრის მკეთებელი „ქართული ოცნება“. შეჩერებულნი ვართ და ვუყურებთ ამ ორ ანტისახელმწიფოებრივ ძალას.
თქვენ ამბობთ, რომ უნდა იმუშაოს „ქართულმა ოცნებამ“ მაპის მისაღებად უცხოელებთან, აქვს კი მმართველ ძალას რესურსი, სიახლე შესთავაზოს საზოგადოებას?
- რესურსების მეტი რა არის, სურვილი არ აქვთ, გამოცდილება არ აქვთ, კომპეტენტურობა არ აქვთ. ძალიანაც რომ მინდოდეს, ვმართო თვითმფრინავი, ვმართავ? საოპერაციოში რომ შემიშვან, გავაკეთებ ოპერაციას? პირიქით, მოვკლავ პაციენტს. მათ უნდათ, ქვეყანა მართონ, მაგრამ არ შეუძლიათ. გახსოვთ, მშვენიერი ფილმი - „დაკარგული სამოთხე?“ ლაზარე ბატონის ულვაშებს რომ აგროვებდა, ბატონი პატიოსან სიტყვას ეუბნებოდა, ულვაშს მოიძრობდა და აძლევდა, ქართველებისთვის ადრე ულვაში სიტყვის გაუტეხლობის ნიშანი იყო, ლაზარე გახსნიდა ცხვირსახოცს და შეინახავდა ბატონის ასობით ულვაშს, ახლაც „ქართული ოცნება“ გვარწმუნებს, რომ მომავალი წელი სრულფასოვანი აღდგენის წელი იქნება, ეს არის ივანიშვილის მორიგი ულვაში. დღეს საქართველო არ არის რუსეთის სატელიტი, როგორც ბელორუსია. ამიტომ თუ ბელორუსიის როლი აირჩია საქართველომ, მაშინ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ სერიოზული ნახტომი არ იქნება რუსეთისკენ და, თუ არ დაბრუნდება ტოტალური კორუფცია (ახლა კორუფცია ელიტურია), თუ კრიმინალი არ დაბრუნდება, ქურდების პარპაში არ იქნება, თუ გეოპოლიტიკური გამოწვევები რუსეთისკენ არ გადაიხრება, „ქართული ოცნება“ ძალიან მშვიდად მივა 2024 წლამდე. მთლიანობაში, სამი გამოწვევა უნდა აიცილოს „ქართულმა ოცნებამ“, არ უნდა იყოს ხილული ჩახუტება რუსეთთან, ქურდული სამყარო არ უნდა დააბრუნოს და არ უნდა დააბრუნოს ტოტალური კორუფცია. მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიმეოროს შევარდნაძისა და სააკაშვილის შეცდომები. შევარდნაძის დროს იყო ტოტალური კორუფცია და რუსეთის ორბიტაზე იყო საქართველო, სააკაშვილის დროს კი იყო სისხლისღვრა, ადამიანის უფლებების დარღვევა და წამება. დანარჩენი - მოსულა.