სასჯელაღსრულების სამინისტროს რუსთავის N16 დაწესებულების 13 ყოფილი თანამშრომელი სამინისტროს მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს და მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. ციხის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი დეპარტამენტიდან 26 აპრილს უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაითხოვეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, არჩილ ნიკოლაიშვილს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ.
როგორც ციხის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატი, ვლადიმერ ტაბაღუა განმარტავს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც მსჯავრდებულებმა იგრძნეს თავისუფლება (რადგან შეწყდა მათი წამება და მათზე ზეწოლა), ე.წ. „მაყურებლებმა“ წამოყვეს თავი და თავიანთი გავლენის ზრდაზე ზრუნვა დაიწყეს. ადვოკატის თქმით, ისინი ციხის თანამშრომლებისგან მათი უკანონო მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ და თუ ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება, შემდეგ წერენ საჩივარს, თითქოს, ციხის თანამშრომლები მათ უფლებებს ლახავენ. სამინისტრო კი ვითარების გარკვევის ნაცვლად ასეთი საჩივრების საფუძველზე ციხის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს. ამის გამო დღეს ციხის თანამშრომლები ორმაგ წნეხს განიცდიან, როგორც პატიმრებისგან, ასევე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, რადგან ადმინისტრაციამ თავისი თანამშრომლები მსჯავრდებულების პირისპირ დატოვა.
ადვოკატი ტაბაღუა აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების წახალისებას ეწევიან ის ადამიანები, ვინც სასჯელაღსრულების მინისტრის მთავარი დასაყრდენია, ანუ გენერალური ინსპექციის უფროსი სუბელიანი და მისი პირადი შემადგენლობა.
იურისტის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები პატიმრების ამგვარი საჩივრების საფუძველზე წერენ ყალბ დასკვნებს, რომელთა საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან უკანონოდ უკვე 100-ზე მეტი თანამშრომელია დათხოვნილი.
ვლადიმერ ტაბაღუას თქმით, 26 აპრილს სამსახურიდან დათხოვნილ 13 თანამშრომელზე გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილია დასკვნა, რომელსაც მინისტრი სუბარი აწერს ხელს და ამ დასკვნაში ამ ადამიანების მიმართ შეთითხნილი ბრალდებებია აღწერილი. კერძოდ, მათ აბრალებენ, რომ N16 დაწესებულებიდან პატიმრების ბადრაგირების პროცესში დარღვევები ჩაიდინეს. დასკვნის თანახმად, ციხიდან პატიმრების ბოლო ბადრაგირება 21 აპრილს გვიან ღამით განხორციელდა, რის შემდეგად ციხის დირექტორმა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გასცა ზეპირი განკარგულება, რომ ყველა საკანი დაკეტილიყო, მაგრამ ამ 13-მა თანამშრომელმა დირექტორის ბრძანება არ შეასრულა, თვითნებურად გააღო მე-18 საკნის კარი, გამოიტანა იქიდან აკრძალული ნივთები და პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა ეს საკანი.
„ხაზს ვუსვამ, ამ 18-ე საკანში მოთავსებულები იყვნენ ე.წ. „მაყურებლები“, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის და სასჯელაღსრულების სამინისტრის მიერ იყვნენ წახალისებულები. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მყავს მინისტრი და მისი მოადგილეები, მე ვსაუბრობ გენერალური ინსპექციის უფროს სუბელიანზე, მონიტორინგის სამსახურის უფროსზე, არჩილ ნიკოლაიშვილზე და დეპარტამენტის უსაფრთხოების უფროსზე, გია ჯანიაშვილზე. ეს ადამიანები ხედავდნენ, რომ ციხეს „მაყურებლები“ აკონტროლებდნენ და არავითარ რეაგირებას ამაზე არ ახდენდნენ. იბადება კითხვა, თუკი ამ საკანში მსხდომ პატიმრებს ჰქონდათ რაიმე აკრძალული ნივთები, როგორ ფიქრობთ, ისინი ამ ნივთებს ციხიდან გასვლის შემდეგ საკანში დატოვებდნენ? მეორეც, რაში შეიძლებოდა გამოეყენებინათ პირადი სარგებლობისთვის საკანი ციხის თანამშრომლებს? დააგირავებდნენ, გააქირავებდნენ, თუ გაყიდდნენ? ეს არის სრული აბსურდი და ამ დასკვნაში კიდევ უამრავი სიყალბეა ჩაწერილი“, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, დასკვნაში წერია, რომ პატიმრების ციხიდან გადაყვანის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების უფროსმა, გია ჯანიაშვილმა და თავად N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა, გია მუკბანიანმა 22 აპრილს შემოიარეს ციხე და ნახეს, რომ ყველა საკანი დაკეტილი იყო, გარდა მე-18 საკნისა. სინამდვილეში კი ციხის 13 თანამშრომელს, რომლებიც უკანონოდ დაითხოვეს სამსახურიდან, ამ საკნის კარი ღია დახვდათ და მათ უბრალოდ მოისვენეს ამ საკანში, რისი უფლებაც მათ აქვთ. ადვოკატის თქმით, არც ის არის დადგენილი, რა აკრძალული ნივთები იყო ამ საკანში, ვინ გააღო რეალურად საკანი და ა.შ. იურისტი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლებს უბრალოდ ხელი შეაწმინდეს, რადგან ამ დასკვნის შედგენისას ციხის ისეთი თანამშრომლებს ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები, რომლებიც ციხის გარეპერიმეტრზე მუშაობენ და რეალურად შეუძლებელია სცოდნოდათ, ციხის შენობაში რა ხდებოდა.
N16-ე დაწესებულების თანამშრომელი, ლევან დადიანი აცხადებს, რომ გია ჯანიაშვილმა და გია მუკბანიანმა მართლაც შეამოწმეს ციხე, ნახეს, რომ მე-18 საკანი ღია იყო და მასში ციხის თანამშრომლებს ეძინათ, მაგრამ პრეტენზია ამის გამო არავის გამოუთქვამს. შემდეგ კი ბრალი დასდეს ამ თანამშრომლებს, რომ მათ დირექტორის ბრძანება არ შეასრულეს.
„გენინსპექციის დასკვნაში წერია, რომ 22 აპრილს გვიან ღამით მორჩა პატიმრების განაწილება და ამის შემდეგ დირექტორმა გასცა განკარგულება, რომ ყველა საკანი დაკეტილიყო. დავუშვათ და ეს მართლაც ასე მოხდა, პირადად მე და ჩემი ცვლა 22 აპრილს, დილის 11 საათზე გამოვედით ციხიდან და ამის შემდეგ იქ აღარ ვყოფილვართ და როგორ შეიძლება, რომ ამავე დღეს, საღამოს საათებში გამოცემული სიტყვიერი განკარგულება გაგვეგო და თან არ შეგვესრულებინა, როდესაც უბრალოდ ადგილზე აღარ ვიმყოფებოდით?“, - აღნიშნავს დადიანი.
N16-ე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, გიორგი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის და მისი კოლეგები საკნის კარის გაღებაში დაადანაშაულეს, ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსთან, არჩილ ნიკოლაიშვილთან დაიბარეს. ამ უკანასკნელმა კი მასთან მისულ თანამშრომლებს უთხრა, რომ ახსნა-განმარტება მისი კარნახით უნდა დაეწერათ, რაზეც მათგან უარი მიიღო. შემდეგ კი სამსახურიდან დათხოვნით და დაჭერით დაემუქრა.
„ნიკოლაიშვილმა ახნა-განმარტების ჩამორთმევისას გვკითხა, რატომ დაიშალა ციხეო, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არ ვიცოდით, რადგან ამას ჩვენ არ ვწყვეტთ და ამის შესახებ ციხის ადმინსიტრაციისთვის უნდა ეკითხათ. ამის შემდეგ ნიკოლაიშვილმა გვითხრა, ჩვენ რასაც გეტყვით, იმას დაწერთო, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ და ვუთხარით, რომ დავწერდით მხოლოდ სიმართლეს. ამაზე ნიკოლაიშვილმა გვიპასუხა, - იცით ჩვენ ვინ ვართ და ვის ეჯახებით, მე პროკურატურიდან გადმოვედი და დაგიჭერთო. ამის გამო ის სამსახურიდან დათხოვნით დაგვემუქრა“, - ამბობს კოჭლამაზაშვილი.
მისი თქმით, არჩილ ნიკოლაიშვილი ციხის თანამშრომლებისგან ითხოვდა, დაეწერათ, რომ N16 დაწესებულებაში სიტუაციას პატიმრები აკონტროლებდნენ, შედიოდა აკრძალული ნივთები და ა.შ. მაგრამ ამის დაწერაზე მათ უარი თქვეს, რის შემდეგაც ნიკოლაიშვილმა მათ კარი ჩაუკეტა და გარეთ აღარ უშვებდა, ამასთანავე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ კი მისი მუქარა აასრულა და ეს ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს. ისინი სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ, რათა ვითარება პირადად გააცნონ, რადგან ფიქრობენ, რომ სუბარი შეცდომაშია შეყვანილი და იმედი აქვთ, რომ მინისტრი უკანონობას აღკვეთს.