„უჩა ნანუაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს“

„უჩა ნანუაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს“

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახალ დეტალებს ახმოვანებს. საპარლამეტო უმცირესობა ომბუდსმენს უპასუხისმგებლობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშუალებს. უმრავლესობა კი, ლოპოტას ხეობის მოვლენების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ უფრთხის.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ეთნიკურ ჩეჩნებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები საელჩოების საშუალებით  გადასცეს.

„საუბარია იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად, საქართველოს საელჩოების გამოყენებით, ჩეჩნებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის გადაცემა ხდებოდა. არაერთი მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათზე იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს წარმოშობს. ანუ, ჩნდება ეჭვი, რომ მათ ვიღაც დაეხმარა. სწორედ ამიტომ, თითოეული ასეთი კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებასა და შესწავლას ვითხოვ“, - განუცხადა for.ge-ს ომბუდსმენმა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა პარლამენტში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, დაღუპული ასლან მარგოშვილის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობაც წარადგინა.

„საქმეში არის მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ მისცა მათ იარაღი. საინტერესოა ისიც, თუ რატომ გაქრა მონაცემთა ბაზიდან მარგოშვილის სახელზე დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი?! ასევე, საინტერესოა ის, უნივერსიტეტიდან რატომ არის  მისი მონაცემები გამქრალი?! ანუ, რატომ მოხდა მისი კვალის გაქრობა?! არ მინდა, შედეგებზე ვისაუბრო, არამედ ყურადღებას მიზეზებზე ვამახვილებ“, - აცხადებს სახალხო დამცველი.  

ამას გარდა, უჩა ნანუაშვილი იმ კონკრეტულ ქვეყნებს ასახელებს, სადაც ამჟამად, ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე ჩეჩნები იმყოფებიან.

„რამდენიმე ადამიანი, ვინც  ამ სპეცოპერაციას გადაურჩა, ევროპის ტერიტორიასა და სირიაში იმყოფება“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ლაფანყურის მოვლენებზე საუბრისას, ომბუდსმენი აქცენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აკეთებს და ამბობს, რომ ლაფანყურის მოვლენებში მონაწილე პირების ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.

„ეს ხალხი გამოძიებას იმიტომ არ ენდობა, რომ საქმეში ძველი გამომძიებლები არიან ჩართული. ბუნებრივია, ნდობის პრობლემა დგება. როდესაც, ადამიანები იღუპებიან და სიცოცხლის უფლება არის ხელყოფილი, გამოძიება უნდა ჩატარდეს და არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანანმდებობის პირთან მიდის კვალი“, - დასძინა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება კომისიის შექმნას, ნანუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობამ უნდა განმარტოს და წარადგინოს არგუმენტები  რატომ არ ქმნის კომისიას.

„სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში საზოგადოებისთვის ახალი არაფერია ცნობილი. პროკურატურას პირველივე დღიდან გამოძიება უნდა დაეწყო, რაც არ მომხდარა და ეს ამ საქმეში კიდევ ერთი დარღვევაა. რატომ არიდებს უმრავლესობა საპარლამენტო კომისიის შექმნას თავს, არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცოდით სექტემბერში, დღესაც იგივე ვიცით. თუ გამოძიებას აქვს რაიმე შედეგი, მაშინ ეს შედეგი დადონ და თუ არა, კეთილი ინებონ და კომისიას მუშაობის საშუალება მისცენ“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

პარლამენტი ლაფანყურის მოვლენების შესწავლით დაინტერესდება თუ არა, ამაზე მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებენ, როდესაც ანგარიშის მესამე, შემაჯამებელი მოსმენა გაიმართება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტი დადგენილებას მიიღებს და ამის შემდეგ იმსჯელებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის რეკომენდაციაზე.

„ადამიანურად, სამართლებრივად და პოლიტიკურადაც ძალიან რთულია, როდესაც  ისეთ უმძიმეს დანაშაულებზე ისმენ ანგარიშს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. მესმის, რომ უმცირესობას ასეთი მწვავე რეაქცია აქვს, მაგრამ როდესაც, ადამიანის სიცოცხლე ხელყოფილია და ლაფანყურის სპეცოპერაციას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, არავის აქვს უფლება, რომ ეს საქმე არ იყოს გამოძიებული. რასაკვირველია, გამოძიება უნდა ჩატარდეს, რადგან ბევრი დეტალია გასარკვევი“, - აცხადებს ბესელია.

საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უმცირესობა. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ნანუაშვილი საკუთარ „ფანტაზიაზე“ დაყრდნობით წერს.

როგორც for.ge-ს აკაკი მინაშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველი ანგარიშში იდუმალ წყაროებზე დაყრდნობით საუბრობს, რომლის სარწმუნოობა არავინ იცის.

„ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ის, რომ რუსეთის ფედერაცია და სახალხო დამცველი საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებენ, ეს ნათელს ჰფენს იმას, ეს თუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს. სამწუხაროა, რომ ამას ხელისუფლება და პრემიერი სიხარულით ხვდებიან. ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, მაგრამ საინტერესოა, სახალხო დამცველმა საიდან წარადგინა მარგოშვილის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა?! ნანუაშვილი აცხადებს, რომ ამ მოწმობით დასტურდება, რომ საქართველო ტერორისტებს ამზადებდა, მაგრამ ეს არის სისულელე. არავინ არ იცის, მარგოშვილის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა მართლაც ამოღებულია თუ არა ბაზიდან და მონაცემები გამქრალია თუ არა უნივერსიტეტიდან. ნანუაშვილი უპასუხისმგებლო განცხადებებს ავრცელებს, რითაც ზიანს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხებასა და დასავლურ განვითარებას აყენებს. რაც შეეხება პასპორტების თემას, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ეს არის მისი ფანტაზია.  ის, რომ საქართველო ამზადებდა ტერორისტებს, ეს აბსურდია“, - დასძინა მინაშვილმა.

მართალია, მმართველი ძალა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს, თუმცა, For.ge-ს ინფორმაციით, უწყებაში კომისია არ შეიქმნება. როგორც კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განგვიცხადა, ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოში „დენთის“ შეტანა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე, რომელიც გასული წლის აგვისტოში ჩატარდა, სახალხო დამცველი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ანგარიშში წერს და აცხადებს, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებში სერიოზული დარღვევები იკვეთება და შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს.

მისი ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა მარტიდან დაიწყო და  საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, ჰპირდებოდნენ - საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.