აკადემიაში ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა (ვიდეო)

აკადემიაში ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა (ვიდეო)

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსმენელებმა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გავლა დაასრულეს. 

კურსი 11 თვის მანძილზე გრძელდებოდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ. კურსზე ჩარიცხული 84 სამხედრო მოსამსახურიდან, დასრულება მხოლოდ 48 მსმენელმა შეძლო.

მომზადების გავლის შემდეგ მათ ოფიცერთა პირველადი სამხედრო წოდება, „ლეიტენანტი“ მიენჭათ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის ფარგლებში, მსმენელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო-საჯარისო ტაქტიკა, საცეცხლე მომზადება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ისინი ასევე, სამთო, ჯავშანსატანკო და საარტილერიო მომზადების სპეციფიკასაც გაეცნენ.

წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გადასცა. კურსდამთავრებულები შეიარაღებული ძალების მოძღვარმა, მამა დავითმა დალოცა და წარმატებები უსურვა. ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.