დანიის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, კლაუს ჰიორტ ფრედერიქსენს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს.
ექსმინისტრი არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციის გაჟონვაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის საზიანოდ არაფერი გაუკეთებია. ფრედერიქსენი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2016-2019 წლებში იკავებდა.
მანამდე ანალოგიური ბრალდებით დააკავეს დანიის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი ლარს ფინდსენი.
დანიური მედიის ცნობით, 2020 წელს ყოფილმა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურისა (FE) და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) თანამშრომლობაზე, კერძოდ, ამერიკელების მიერ ჯაშუშობისთვის დანიული საკაბელო ქსელების მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრა.
დანიის სისხლის სამართლის კოდექსი „სახელმწიფოს მონაწილეობით საიდუმლო მოლაპარაკებების ან რეზოლუციების შინაარსის გამხელა“ სახელმწიფო ღალატს უტოლდება და 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.