ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯიმ ინჰოფმა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა ნატოსა და რუსეთს შორის უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გაავრცელეს.
„აქამდე ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია რუსეთის მიმართ სხვა არაფერი იყო, თუ არა დაშოშმინების კამპანია. ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ დაუწესებია თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას - მავნე გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც პუტინის მეგობარი ხელმძღვანელობს. ამასობაში, პუტინი აღმოსავლეთ ევროპაში არასტაბილურობის გაღვივებას განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები და კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა აჩვენოს, რომ შეკავება ძალის დემონსტრირებას ეფუძნება.
„სანქციები უნდა დავუწესოთ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს და უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ დამატებითი ლეტალური დახმარება, მათ შორის საჰაერო და ხომალდსაწინააღმდეგო იარაღის სისტემები, ასევე გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი. გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციის მხრიდან შეცდომა იქნება ცალმხრივი კაპიტულაციებით პუტინის ცუდი ქცევის წახალისება, როგორიცაა რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმი ან წვრთნების შემცირება. ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მხარი დაუჭირეთ რუსეთის შეჭრამდე და არა რუსეთის შეჭრის შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.