პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის განცხადებით, კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა.
უკრაინის მე-5 პრეზიდენტის უფლებადამცველი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურა და სასამართლო მისი დაკავების გადაწყვეტილებას მალავდნენ. ადვოკატის თქმით, პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს, დილით ბრუნდება და ითხოვს, სწორედ ამ დღეს ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხდომაზე დასწრება შეძლოს.
„რატომ მალავენ გენერალური პროკურატურა და კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლო, რომ არსებობს დადგენილება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის მიზნით დაკავების შესახებ და გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე? მოსამართლეს, რომელსაც გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა, მოვთხოვთ, სხდომა 17 იანვარს დანიშნოს, რათა ის მივიდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს სხდომაში“, - ამბობს უფლებადამცველი.
ადვოკატის თქმით, პოროშენკოს დაკავების ან სასამართლოში იძულებით მიყვანის საფუძველი არ არსებობს.
„უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ექსპრეზიდენტი მზად არის, ნებაყოფლობით მივიდეს სასამართლოში“, - აცხადებს უფლებადამცველი.
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკოს პარტიაში („ევროპული სოლიდარობის პარტია“) აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.