ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„სამშვიდობო ოპერაცია დასრულდა. ამოცანები შესრულებულია“, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის მეთაურმა, გენერალმა ანდრეი სერდიუკოვმა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები ყაზახეთის შესაბამის უწყებებს იმ ობიექტებს გადასცემენ, რომელსაც აქამდე იცავდნენ.
11 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის დასრულება გამოაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანას 10 დღე დასჭირდება.
10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.