ვიქტორია ნულანდი: ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნის გზას არ აირჩევს

ვიქტორია ნულანდი: ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნის გზას არ აირჩევს

ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნის გზას არ აირჩევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

„სწორედ რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი. სწორედ რუსეთმა შეაგროვა 100 000 ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან. სწორედ რუსეთმა მოამზადა უკრაინისთვის დივერსიისა და დესტაბილიზაციის ვარიანტები. სწორედ რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ნატოს შესახებ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში უკრაინა აგრესორი არ არის.

„სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და ძალის გამოყენებით მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და აგრძელებს ომს უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არ აპირებს რაიმე ფორმით რუსეთს დაემუქროს. მას მხოლოდ მშვიდობიანი, დემოკრატიული და ევროპული მომავალი სურს თავისი ხალხისთვის. შეერთებული შტატები ურყევი რჩება ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნის გზას არ აირჩევს. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომლის ერთადერთი მიზანი მისი წევრების დაცვაა. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ცალკეულ ასპირანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირეს ეხება. არავის აქვს ხმა ან ვეტო ამ გადაწყვეტილებების მიღებისას. დიპლომატია საუკეთესო ვარიანტია უკრაინის, ევროპისა და თავად რუსეთისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. აშშ ევროპის შესახებ გადაწყვეტილებებს ევროპის გარეშე არ მიიღებს“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

მისი თქმით, თუ რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უზარმაზარ საფასურს დაუწესებენ.