მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაია არ დაამტკიცა. პრეზიდენტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე მიწერილ ოფიციალურ წერილში განმარტავს იმ მიზეზსს, რატომ ამბობს უარს წარმოდგენილ კანდიდატზე.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანდიდატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად მიმაჩნია,“ - ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.
აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ის სასამართლოში გაასაჩივრებს.
„სააკაშვილის წინააღმდეგ პარტია საჩივარს სასამართლოში შეიტანს. კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა, რასაც მყარი არგუმენტები სჭირდება,“ - ირწმუნება ვახტანგ ყოლბაია.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს აფხაზეთის ა-რ უმაღლეს საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივისა და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრები მიმართავენ სპეციალური განცხადებით, რომ ბათილად ცნონ 8 აპრილის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ისინი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„მივმართავთ აფხაზეთის ა-რ უმაღლეს საბჭოს, რომ ბათილად ცნოს თავისივე უკანონო გადაწყვეტილება. თუ ისინი უარს იტყვიან და არ დაემოჩილებიან საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, მაშინ მივმართავთ სასმართლოს და ადმინისტრაციული წესით მოვითხოვთ ბათილად ცნონ ის 8 აპრილის დადგენილება, რომლის მიხედვით ვახტანგ ყოლბაია დღეს არის აფხაზეთის ა-რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი ძალისგან იყო ნაკარნახევი.
უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კონსტუტუცია და კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ. რომელიც შეზღუდვებს აწესებს იმ პირებზე, რომლებიც წარსულში იყვნენ კომუნისტური პარტიის მაღალი თანამდებობის პირები. ამ შემთხვევაში არის ამის დეფინიცია და შესაბამისად სასამართლო ძალიან მარტივად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც ამ არგუმენტებს ჩვენ მივაწვდით და აუცილებლად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას“ წევრი ლაშა ფარულავა.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონდარღვევაში ადანაშულებს, სამართალმცოდნე მალხაზ პატარაია.
„მე ვიცი ასეთი ადამიანი ვლადისლავ არძინბა, რომელიც არ ემორჩილებოდა კანონს, არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მათ შორის, არ ემორჩილებოდა შიდა შეთანხმებებს. ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ანალოგიურს აკეთებს უმაღლესი საბჭო. ორი მესამედის გარეშე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვერ დაინიშნებოდა. არძინბამ მაშინ იპოვა გამოსავალი დაარღვია კანონი და დანიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვინმე ზარანდია. ამ შემთხვევაშიც, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გვერდი აუარა კანონით დადგენილ წესებს, დანიშნეს არა უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე, არამედ მოვალეობის შემსრულებელი.
მან თქვა, რომ არ დაემორჩილება პრეზიდენტს და ოქტომბრამდე იქნება მოვალეობის შემსრულებელი...
- მე მოვისმინე მისი ეს განცხადება. ეს ნიშნავს, რომ ის სამართლებლივ დაუმორჩილებლობას აცხადებს როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე კანონის მიმართ. ზუსტად ასევე იქცეოდა არძინბა, როდესაც ის ჩვენი დეპუტაციის ხელშეწყობით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონმდებლობა. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიას სახით.
როგორ ფიქრობთ, რატომ დაარღვია უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუცია. არ იცოდნენ თუ მიზანმიმართულად მოხდა მათი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა?
- დეპუტატს სანამ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუჩერდება, არ შეიძლება მან დაიკავოს თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს ნამდვილად უნდა სცოდნოდა ჩვენს დეპუტატებს. გარდა ამისა, კანონი რომელიც მათ დაარღვიეს, ეს არის თავისუფლების ქარტია, ეს არის შედარებით ახალი დოკუმენტი და შეიძლება არც კი ახსოვდათ ამ ფაცი-ფუცში. ან შეიძლება საერთოდ არა აქვთ წაკითხული.
ამ ქარტიის მე-8 და მე-9 მუხლებში არის თანამდებობრივი ჩამონათვალი, ამ მუხლების თანახმად რაიკომის ყოფილ მდივანს არ აქვს უფლება დაიკავოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრის თანამდებობა.
ბატონმა ვახტანგმა დებატების დროს თქვა, რომ კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, კანონდებლობით პრეზიდენტი ამტკიცებს. ეს ძალიან ელემენტარულია და უნდა იცოდეს. სამწუხაროდ, პუტინის ფილიალი შექმნეს აფხაზეთის სტრუქტურაში.
ვიდრე უმაღლესი საბჭო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რეინტეგრაციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ის ამ თანამდებობაზე ისურვებდა ვახტანგ ყოლბაიას. ზაქარეიშვილმაც არ იცოდა, რომ არღვევდა აფხაზეთის კონსტიტუციას და თავისუფლების ქარტიას?
- ზაქარეიშვილის ნათქვამი, ჩემი აზრით, შავი პიარია. აქ არის მეორე მომენტი, არის დავით ფაცაციაც, რომელიც არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, რომლის კოალიციაში შედის ზაქარეიშვილის პარტია. მან, ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ გაატარა თავად ეს დანიშვნა. ის აბსოლუტურად სწორი იყო თავის არგუმენტებში სამართლებლივი თვალსაზრისით. საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა რა პრეტენზიაც ჰქონდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორი განმარტება მივცეთ ამ ფაქტს ახლა ჩვენ? „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი უკანონოდ ლობირებს ყოლბაიას, ხოლო მეორე ნაწილი ამ უკანონობაში ვახტანგ ყოლბაიას ამხელს. აბსურდული ვითარებაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შიდა ბრძოლის შედეგი.