26 მაისს სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება. თუმცა, მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები იქნება წარმოდგენილი.
ვიცე-პრემიერის, გიორგი მაგველაშვილის ინფორმაციით, 26 მაისი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება და ძირითადად, სამხედრო ელემენტი წარმოდგენილი იქნება დათვალიერების სახით.
„სამხედროები არ ჩაივლიან და აღლუმი არ იქნება, თუმცა იქნება ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები, განსაკუთრებით ავიაცია და ჩვენი სამხედროები - ის ხალხი, ვინც გვიცავს და ვინც ქართულ სახელმწიფოებრიობის მდგრადობას ქმნის, ჩვენთან ერთად იქნებიან“, - აცხადებს მარგველაშვილი.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი დიდი სურვილი გუნდის წევრებმა გაიზიარეს, რომ 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართოს და არა სამხედრო აღლუმი.
მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და მას სახალხო ზეიმის სახე უნდა მიეცეს.
„რატომ არ ჩატარდება სამხედრო აღლუმი? - დღევანდელი პოზიციით აგრესორი ქვეყანა არ ვართ და ვართ თავდაცვაში. თან, მთავარსარდალის ქმედებებს თუ გადავხედავთ - იგივე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ, აღლუმებს და მათ შორის 2011 წლის 26 მაისის აღლუმს, ამის შემდგომ აღლუმის ჩატარების სურვილი არ მქონდა“, - აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, 26 მაისს აღლუმის ნაცვლად, სახალხო ზეიმის ჩატარება არ არის მიმართული იმ ტრადიციის წინააღმდეგ, რომ აღლუმი მთავარსარდალმა უნდა ჩაიბაროს.
„ამ მთავარსარდალს რა ფასიც აქვს, ქართველებმა კარგად ვიცით. აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემი გადმოსახედიდან, რას ჩაიბარებს მთავარსარდალი. მაგან უკვე ძირითადი გამოცდა ჩააბარა და ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი მთავარსარდალი. პრიმიტიული სვლები - მიიღებს აღლუმს თუ არ მიიღებს, მის პიროვნებას არც არაფერს მოაკლებს და არც მოუმატებს. სახალხო ზეიმის ფარგლებში, 26 მაისს ჯარისკაცებს უფრო კარგი საშუალება ექნებათ, ტექნიკა გამოიტანონ რეგიონებში და ხალხს აჩვენონ და არა ის, რომ ტანკები გამოვიყვანოთ და ასფალტი კიდევ ერთხელ გავაფუჭოთ“, - დასძენს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, ნაციონალები აღლუმის არჩატარებას პრეზიდენტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მთავრობას არ სურს აღლუმი ქვეყნის პირველ პირს ჩააბაროს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, წინა ხელისუფლების მიმართ არის ზიზღი, რაც გამოიხატება სახელმწიფო სიმბოლოებისადმი უარყოფითი და ცინიკური დამოკიდებულებით.
„ეს ეხება სიმბოლოებსა და საგარეო პოლიტიკას. თავდაცვის მინისტრს მოვუწოდებ ბევრ რამეზე რეაგირება გააკეთოს, თორემ, იმ ძალების მხრიდან პოზიციის დაფიქსირება ძალიან გვიანდება, რომელთაც თავი პროდასავლურ ძალებად მიაჩნიათ“, - აცხადებს კანონმდებელი.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია აღლუმის არჩატარებას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე ადგილზე ღონისძიებების ჩატარება გაცილებით მეტი დაჯდება, ვიდრე აღლუმი.
„მთავრობას არ სურს, რომ აღლუმი პრეზიდენტმა ჩაიბაროს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოღონდ სახლემწიფომ ჯარი წარმოადგინოს და ოღონდ აღლუმი ჩატარდეს, ის ქვეყანას დატოვებს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის დღესაც იმხელა შიში აქვთ, რომ ურჩევნიათ აღლუმს გვერდი აუარონ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ეს დღე ღირსეულად უნდა აღინიშნოს და ყველას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ 26 მაისი საერთო დღეა.
„ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიდის და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე ზრუნავს, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავს დაესხას, არამედ თავისი ტერიტორიები დაიცვას, ამ კუთხით კარგი იქნება თუ ამ მიღწევების დემონსტირება მოხდება. კარგი იქნებოდა, რომ აღლუმი ჩატარებულიყო, მაგრამ მთავრობის გადასაწყვეტია 26 მაისი როგორი ფორმით იქნება აღნიშნული. გვპირდებიან, რომ ეს იქნება ლამაზი ღონისძიებები, მაგრამ ვნახოთ, რა გამოუვათ“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა.
უნდა ჩატარდეს თუ არა 26 მაისს სამხედრო აღლუმი, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის აღლუმებსა და ზეიმებს საფუძვალდ მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა ედოს და იმ რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობაა, აღლუმი არ უნდა ჩატარდეს.
„არმია და ჯარი სახელმწიფოს ესთეტიკად ითვლება, მაგრამ დღეს, საქართველო ცუდ მდგომარეობაშია და ყოველი ფართომასშტაბიანი აღლუმის ჩატარება დიდი თანხა ჯდება. პირადად მე, ზომიერების მომხრე ვარ და არა ზარზეიმის, რადგან აღლუმებს საფუძვლად მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა ედოს. შესაბამიად, ასეთ რთულ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი ადამიანი უმუშევარია, რა გვაქვს საზეიმო?! მგონი, გავიარეთ, როდესაც ყველა საშუალო დონის - თვითმარქვია რეჟისორი თუ მუსიკოსი ამ ზეიმებსა და აღლუმებზე მდიდრებოდა“, - აცხადებს ცინცაძე.
რაც შეეხება ნაციონალების შეფასებას, რომ აღლუმი პრეზიდენტის გამო არ ტარდება, პოლიტოლოგი ამ პოზიციას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ თუ ეს არის მიზეზი, ერთი საათით ტრიბუნასთან ყოფნა პრეზიდენტის ავტორიტეტს არც გაზრდის და არც შემაცირებს.
„არ მგონია, რომ მთავრობა ასე დაწვრილმანდეს. თუ ვინმეს არ სიამოვნებს, რომ სააკაშვილი ორი საათი ტრიბუნასთან იდგეს, ეს უნდა მოთოკოს. ვფიქრობ, რომ მთავრობა პრაგმატიზმით ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ქვეყანას, რომელმაც ომი წააგო და დამარცხდა, მორალური უფლება აქვს, რომ იტრაბახოს?! რა არის ზეიმი? - ეს არის ძალის დემონსტრაცია და ჩხუბის შემდეგ, მუშტებს აღარავინ იქნევს. წაგებული ომის შემდეგ, ძალის დემონტსრაცია ვის გაუგია?!“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
ახალი მთავრობის პირობებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად - თუ რამდენად შთამბეჭდავი ღონისძიებები ჩატარდება, ეს 26 მაისს გამოჩნდება, თუმცა, საგულისხმოა ის, სამხედრო აღლუმის არჩატარებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე რატომ არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.