ბიზნესმენებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საინტერესო მესიჯი შემოგვთავაზა, რომელიც ინვესტორებისთვისაც, ქართველი ბიზნესმებენისთვისაც და საზოგადოებისთვისაც საყურადღებოა.
პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება აუცილებლად გაიოლდება.
„ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ბაზარი არის ცარიელი და შესავსები. ბიზნესის წარმოება იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე არის ევროპასა და ამერიკაში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი განმარტავს, რომ საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა იქნება ბიზნესის კეთების კუთხით, იქნება აუცილებლად სუფთა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო, ისეთივე თავისუფალი, როგორიც არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
„ჩემი ინიციატივით იქმნება სამი ფონდი, რომელიც ჩადგება ბიზნესის სამსახურში და საინტერესოს გახდის ჩვენ ბაზარს. ყველაზე საინტერესო იქნება თანაინვესტირების ფონდი... ასევე საქართველოში კომპლექსური გადასახადი არის 16% და ამ მხრივ ქვეყანა არის მეოთხე ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პრემიერმა.
ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ფონდების შექმნა ქართული ეკონომიკისთვის მართლაც მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება ლიკვიდური სახსრები რაც დღეს არ აქვს და სერიოზული პრობლემაა.
„ეს ქართული ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხოლო უცხოურ ინვესტიციებს სჭირდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დაპირებები უფრო დამაჯერებელი იყოს“, - მიიჩნევს ჯგერენაია.
რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს, რაც უკვე გადაიდგა ეკონომიკაში, ჯგერენაია დადებითად, თუმცა, არასაკმარისად მიიჩნევს.
„შედარებაც არ არის, ნებისმიერი ბიზნესმენი გეტყვით, რომ ძალიან გამარტივებულია მათი საქმიანობა იმ მხრივ, რომ არც გეკითხებიან, რას აკეთებ. თუმცა, ბაზრის კუთხით ბევრი რამ დასანგრევია. ჯერ, არც-ერთი მონოპოლია არ არის დანგრეული და ბაზარი შეზღუდულია. ბაზარზე შესვლისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობის პრობლემა კვლავ აქტუალურია და ამ ყველაფრის მოგვარება ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, - მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, პირველ რიგში, შეიცვალა ის, რომ ბიზნესი თავისუფლად გრძნობს თავს, არავინ არ აყაჩაღებს და არ ზღუდავს. მეორე, ტყემალაძის განმარტებით არის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის კუთხით ფონდების შექმნა, იგივე, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შექმნილი კონცეფცია, რომელიც ინვესტორებისთვის დიდი სტიმულია.
„მათ უჩნდებათ განწყობა, რომ თუკი სახელმწიფო ამდენს ხარჯავს ეკონომიკისთვის, ეს მათი ბიზნესების განვითარებისთვისაც ერთგვარი გარანტია იქნება. როდესაც პარტნიორად და თანამონაწილედ სახელმწიფო ევლინებათ, ეს ბევრად დიდი სტიმულია და უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებენ“, - მიიჩნევს ტყემალაძე.
რაც შეეხება პრობლემებს, რაც ჯერ კიდევ აფერხებს ქართულ ბიზნესსაც და ინვესტიციებსაც, არც ისე ბევრია, თუმცა - გადამწყვეტი მნიშვნელობის. ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ მთავარი პრობლემა, ეს არის ბაზარზე დაშვება.
„ლაპარაკი არ არის ბიზნესის გახსნის სიმარტივეზე, არამედ - თავისუფალი ბაზრის პრინციპების შესაბამისად, ბაზარზე დაშვებაზე. მეორე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა დავა და ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს სასამართლოთი, არა პროკუტრატურით და ვინმეს ჩარევით და რაღაც წერილებით. საკუთრების ხელშეუხებლობა არის ის, რასაც აღიარებს მთელი ცივილიზებული მსოფლიო და საქართველომაც უნდა აღიაროს. ნებისმიერი ნაბიჯი, სამართლიანობის აღდგენის პრინციპის სახელით თუ სხვა, თუ გამჭვირვალედ, სასამართლოში არ მოგვარდა, ყოველთვის იქნება სალაპარაკო. ეს არის ის ორი პრობლემა - ორი უზარმაზარი ორმო, რომელიც არსებობს საქართველოში და ინვესტიციებს აფერხებს“.
როდესაც ბიზნესზეა ლაპარაკი, ჯერ კიდევ ჩნდება კითხვები იმ გავლენის ჯგუფების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში ცდილობენ ფეხის მოკიდებას.
პრემიერს არაერთხელ უთქვამს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ „ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს, ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ჩინოვნიკების დანიშნულება იქნება ხელი შეგიწყონ ნებისმიერ ბიზნეს წარმოებაში. ამ მხრივ, პირობები იქნება არანაკლები, ვიდრე არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში“.
პრემიერის ასეთი განცხადებების მიუხედავად, დიდი ხანია, მაგალითად, ხუხაშვილისა და ქართული ბიზნესის ფამილარულ ურთიერთობებზე ლაპარაკი ისმის და ერთ-ერთ ტელეეთერში ბიძინა ივანიშვილსაც კი მოუხდა ამ თემაზე საუბარი. ზურაბ ტყემალაძე თვლის, რომ ასეთი საუბრები გარდამავალი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც ადამიანებს რაღაც ეჭვები უჩნდებათ.
„როცა ქვეყანაში ყველა ბიზნესი მონოპოლიზირებული იყო და აბსოლუტური ჩარევები ხდებოდა, დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ ჩარევის მცდელობებს რაღაც ფრაგმენტული ხასიათი აქვს, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და დამერწმუნეთ, ეს ფრაგმენტული მომენტებიც მალე მოისპობა“.
ტყემალაძე თვლის, რომ თუკი ვინმეს კიდევ წასცდება ხელი და ისევ დაიწყებს იმ ძალადობრივი სქემების აწყობას, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ის აუცილებლად წაიტეხს კისერს“.
„მგონია, რომ ეს არასწორი წარმოდგენების ბრალია, გარდამავალი პერიოდია და ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ცდილობს რაღაცა აუგოროს და ცუდი თქვას, ზოგს უნდა, რომ უფრო მეტი ახლობლობა მოიპოვოს ვიღაცასთან და სხვა დაძიროს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ხმებს არანაირი საფუძველი არ აქვს. დაველოდოთ და ყველა ვნახავთ, რა როგორ დალაგდება. ყველას ჰგონია, რომ თუ ადრე რომელიღაც კლანი რაღაცას აკონტროლებდა, დღესაც სადღაც ვიღაც ზის და ის აკონტროლებს ყველაფერს. თუმცა, თუ ასეთ საქციელს ექნება ადგილი, დამერწმუნთ, რომ ყველა წაიტეხავს ცხვირს“, - აცხადებს ტყემალაძე.
ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ კულუარებიდან გამოსული ხმები მხოლოდ ჭორია, თუმცა ნელ-ნელა კონკრეტული ფაქტებიც გროვდება, მაგრამ ზურაბ ტყემალაზე თვლის, რომ ამ კუთხით საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი ხდება. მაგალითად, კეზერაშვილის კომპანიაში საგანელიძის ძმისშვილის დირექტორობის ფაქტს მარტივად ხსნის:
„ამ სადაზღვევო კომპანიის დირექტორი საგანელიძის ძმისშვილი არჩევნების შემდეგ არ გამხდარა, ვიცნობ ამ ახალგაზრდას და აქედან გამომდინარე ვიცი. ახლა მოხვდა ყურადრების ცენტრში, რაკი საგანელიძის ძმისშვილია“,- განმარტავს ტყემალძე.
გავლენის ჯგუფების შესახებ სხვა წარმოდგენა აქვს ექსპერტ დემურ გიორხელიძეს, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის გუნდში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზეც მუშაობდა. გიორხელიძე თვლის, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკურად მოერევა გავლენის ჯგუფებს, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას ვერაფერი შეაფერხებს.
დემურ გიორხელიძე: საქართველო შეიძლება გახდეს საყრდენი რეგიონალური ქვეყანა, სადაც რეგიონის მასშტაბით ინვესტიციები განხორციელდება. კონცეფციის დონეზე ეს ყველაფერი საკმაოდ კვალიფიციურადაა გაწერილი, თუმცა ამ ყველაფერს შესრულება უნდა. ბიძინა ივანიშვილმა რაც განაცხადა, ძალიან კარგი და რეალურად განხორციელებადია და ამ ყველაფერს წინ ხელისუფლების ნების გარდა არაფერი უდგას.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი უკვე თავისუფალია?
- დღეს ბიზნესი საქართველოში ბოლომდე თავისუფალი არ არის, არსებობენ ჩრდილოვანი გავლენის ჯგუფები, ძალიან ოდიოზური პიროვნებები, ამის თაობაზე ძალიან ხმამაღლა ვისაუბრე ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ამიტომ, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბრწყინვალე განცხადებები წინააღმდეგობაში მოვა ამ ოდიოზური ჯგუფების ინტერესებთან და მთავარი ის არის, რამდენად შეძლებს ივანიშვილი თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად დათრგუნოს და კანონის ფარგლებში ჩააყენოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც დღეს მისი სახელით მოქმედებს და საკმაოდ არაკეთილსინდისიერად იქცევა, მათ შორის - ბიზნესში.
რამდენ ჯგუფზეა ლაპარაკი?
- არის ერთი-ორი, საკმაოდ სოლიდური ჯგუფი, რომლებიც არაფორმალური მმართველები არიან ქვეყნისა და იმაზე მეტ უფლებას აძლევენ თავს, ვიდრე ეს ინსტიტუციონალურ, ძალიან მაღალი რანგის მოხელეებს ხელეწიფებათ. საკმაოდ ცნობილ რამეს ვამბობ, ახალი არავისთვის არ არის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, შესანიშნავია ბატონი ბიძინას განცხადებები და ამაში მას სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არაფორმალური მართვით, არაფორმალური გავლენის ჯგუფებით ამ საქმის გაკეთება შეუძლებელია.
მხოლოდ ინსტიტუციონალური ცვლილებები, მხოლოდ ინსტიტუციონალური აქტორებით და არანაირი გვერდითი, ჩრდილოვანი ფიგურები - საქმეს დაღუპავს ასეთი ჯგუფების არსებობა, რადგან ისინი თუ თამაშის იმ წესებით ითამაშებენ რაც ყველასთვის საერთოა, აღმოჩნდება, რომ საპნის ბუშტებივით გასკდებიან, რადგან რეალურად ბევრი არაფერი შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ, ეს ჯგუფები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ის, რაზეც ივანიშვილმა ისაუბრა, არ გაკეთდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, შესაძლებელია, რომ ორ-სამ წელიწადში ქვეყანა მართლაც ფეხზე დადგეს.
გავლენის ჯგუფებში თუ ხუხაშვილს გულისხმობთ, მასზე ბევრს ლაპარაკობენ, სხვა რომელი ჯგუფია?
- იცით, რომ მორიდებული კაცი არ ვარ და თითის გაშვერით შემიძლია ლაპარაკი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, მთავარია, რომ ყველანაირად ხელი შეეწყოს პრემიერ-მინისტრს, რომ ის რაც განაცხადა, მხარდაჭერილი იყოს. მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა ასეთი ტიპის საქმეებს ვერ გააკეთებს, ეს უნდა იყოს ღია.
საზოგადოებასთან სრულ თანხმობაში არსებული პროგრამა იწერება, მეც ვარ ერთ-ერთი მონაწილე იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ შესანიშნავი სტრატეგია იქნება. რაკი მთავრობის მეთაურისგან მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს, ამ სტრატეგიის ფარგლებში იმოქმედოს.
ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი მოერევა გავლენის ჯგუფებს და ეყოლება თანამოაზრეთა ძალიან პროფესიონალური ჯგუფი, გარწმუნებთ, ორ-სამ წელიწადში შეცვლილ ქვეყანას ვიხილავთ, ისეთს, რომ ვერც ვიცნობთ.
ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ზოგიერთი ჯგუფი ძველ, საკმაოდ გავლენიან ჯგუფებთანაც ასოცირდება. ჯერჯერობით, მათ ხელშია ყველაფერი, რადგან ამ დროის განმავლობაში, ახალი ჯგუფები ვერ წარმოიქმნებოდნენ. დღევანდელ სიტუაციაში ასეთი ჯგუფები ვერც გაჩნდება ქვეყანაში თუ პრემიერ-მინისტრმა ძალიან არ მოინდომა.
რატომ ვერ გაჩნდება?
- უბრალოდ, დღეს არ არის ამისი არანაირი საშუალება, რომ ახალი ძლიერი ჯგუფები გაჩნდეს, ბანკები ჩაკეტილია, ფინანსური ინფრასტრუქტურა არ არის, ბიზნესის დამწყებს არანაირი ხელშწყობა არ აქვს, ათასობით ადამიანს საქმის დაწყების საშუალება არ აქვს, სოფელი ისევ მიტოვებულია და თაღლითური სქემა იქნა შემოგდებული, რომელიც უფრო ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე რეალურად, სოფლის მხარდაჭერისათვის. ნახეთ სოფელში რა ამბავია, ვერავინ ვერფერს ვერ იღებს, ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს, თუმცა მოსურნე ბევრია.
სხვათა შორის კულუარებში უკვე ლაპარაკობენ ერთ-ერთი გავლენის ჯგუფზე, რომელიც აქტიურად ცდილობს სოფლის მეურნეობაში „ხელის ჩაყოფას“
- არავინ არ დაუშვებს, ვგულისხმობ გავლენის ჯგუფებს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ესენი იმპორტზე ორიენტირებული გავლენის ჯგუფები არიან. საკუთარი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაასამარებს მათ ინტერესებს. სამწუხაროდ, ერთი-ორი მინისტრი ფარულად იმპორტიორების ხელშემწყობია და ისე აკეთებს, თითქოს, რაღაცის განვითარება უნდა, მეორე მხრივ ყველაფერი ბლოკირებულია.
ამიტომ, როცა 80% ქვეყნის ეკონომიკისა და სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი იმპორტზეა ორიენტირებული და ადამიანები მილიონობით დოლარს კიდებენ ხელს დაუმსახურებლად, ბუნებრივია იქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ხისტ, პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღსავსე ნებაზე, რომ ეს ჭაობი დაინგრეს. ამ ჭაობის დანგრევა ელემენტარულად შეიძლება, მთავარია იყოს ნება. რაკი ივანიშვილმა ასეთი ნება გამოხატა, ახლა მთავარია ხალხი, ვინც დაანგრევს ასეთ მახინჯ სისტემას და გარწმუნებთ, ზუსტად ისეთი ქვეყანა გვექნება, როგორიც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
განვლილ პერიოდში რა ცვლილების გამოყოფა შეიძლება, რა გახდა ბიზნესისთვის სერიოზული შეღავათი?
- ის, რაც უკვე განხორცილელდა, არის პირველი დიდი ნაბიჯი - დღეს ბიზნესს არ ეშინია, რომ ვიღაც მოვა, ღამე სადღაც წაიყვანს და ნოტარიუსთან თავის ქონებას გადააფორმებინებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რაიმე შეიცვალა. დიახ ქონებას აღარ ართმევენ ხალხს, მაგრამ ჩაკეტილი საბანკო სისტემა, სხვა ინსტიტუტები, ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება. სამართლებრივი ინფრასტრუქტურაც ჯერ მოწესრიგებული არ არის, რომ თავისუფალ მეწარმეობას შეუწყოს ხელი.
ჯერჯერობით, ის, რასაც პრემიერი აცხადებს და რასაც მის მიერ დანიშნული ზოგიერთი მაღალჩინოსანი აკეთებს, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.