უკანონო თვალთვალის ამსახველი „მდიდარი“ საარქივო მასალა ნაციონალების ხელში კვლავაც ბოროტი იარაღია. არქივი ასახავს ცალკეული პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, სექსუალური უმცირესობის ურთიერთობებს, რომლებსაც დღეს კერძო ადამიანები და სამართალდამცავი ორგანოები განკარგავენ. ამდენად, მათი ჩამორთმევა და დაუყოვნებლივი განადგურება საშური საქმეა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც ამას მოითხოვს. ამ სურვილს ისიც აძლიერებს, რომ, რაც უნდა დემოკრატიული პათოსით იყოს გამსჭვალული ხელისუფლება, მას ხელი მაინც წაუცდება ასეთ მასალებზე.
შს-ს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროში უკანონო მოსმენები დასრულებულია. ამის გამო მათ კუდ-ის ორი თანამშრომელი პასუხისმგებაშიც მისცეს. სამინისტროში მასობრივად ხდებოდა ტელეფონების და კომპიუტერების დავირუსება და ამის მსხვერპლი თავად მინისტრიც აღმოჩნდა. კუდ-ში სპეციალური ვირუსები იქმნებოდა და სხვადასხვა კომპიუტერში იგზავნებოდა. მეტიც, კუდ-ს უკანონო მოსმენებისთვის ცალკე დეპარტამენტიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია.
უკვე ცნობილია, რომ შს სამინისტრო ამ არქივის განადგურებას აპირებს, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ამ საქმეებზე გამოძიება დასრულდება. მანამდე კი გაირკვევა, ამ ეტაპზე რომელი მასალის განადგურება შეიძლება და რომელი უნდა განადგურდეს მოგვიანებით.
თავის მხრივ, პრემიერი აცხადებს, რომ, სინამდვილეში, ნაციონალები საზოგადოების ერთ პროცენტსაც არ უსმენდნენ, მაგრამ ასეთ ხმებს შეგნებულად, ხალხის დასაშინებლად ავრცელებდნენ, თითქოს, ყველას უსმენდნენ.
ამ ტიპის არქივის განადგურების მოთხოვნა ერთია, მაგრამ რეალურად ამის განხორციელება გულუბრყვილობად ხომ არ ჟღერს? გადასცემენ კი კერძო პირები დღევანდელ შს სამინისტროს ამ „უნიკალურ მასალებს“, რომელიც მომავალში მათთვის ადამიანების დაშანტაჟებისა და ფულის გამოძალვის შესანიშნავი საშუალება შეიძლება გახდეს?!
ამ საკითხის შესახებ For.ge ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო წარმომადგენლების თანდასწრებით, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და უნდა მოხდეს ამ მასალების განადგურება.
კახა კუკავას თქმით, თუ ხელისუფლება მოინდომებს, შესაძლებელია, რომ ამ კერძო პირებმა მიიტანონ კიდეც შს სამინისტროში ეს მასალები. ხოლო, თუკი ეს ადამიანები აღნიშნული მასალების გადამალვას შეეცდებიან, ხელისუფლებას აქვს ოპერატიული სამსახურის გამოძიების მეთოდები და მონდომების შემთხვევაში, ამის ორგანიზება რთული არ არის.
„შეიძლება, ამ მასალების 100%-ით განადგურება ვერ მოხერხდეს, მაგრამ დიდი პროცენტით განადგურება შესაძლებელია. მესმის, რომ ახალ ხელისუფლებაშიც არიან ჩინოვნიკები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი მდიდარი მასალის განადგურება არ შეიძლება, მაგრამ ჩემს რჩევას თუ მიიღებენ, მაინც აჯობებს, გაანადგურონ, რადგან ეს არის თამაშის წესები. თავის დროზე ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვისთვის უნდოდა, ცოცხები გაეკეთებინა, ამ დროს კი იმ ცოცხებზე თვითონ წამოეცვნენ. ამიტომ, ნუ შექმნიან ისეთ თამაშის წესებს, რომელიც შემდგომში წინააღმდეგ შემოუბრუნდებათ“, - აცხადებს კახა კუკავა და ადასტურებს, რომ უკანონო თვალთვალის არქივი მართლაც მდიდარია და ეს არა მარტო ჰომოსექსუალებს, არამედ ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალებსაც ეხება.
მეტიც, ყველას უთვალთვალებდნენ, ვინც კი გარკვეული ინტერესის საგანი იყო, მათ შორის, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ბიზნესმენებს, არტისტებს და სხვა.
სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის აზრით, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება თუ გვსურს, სამხედრო დიქტატურის ელემენტები უნდა მოვსპოთ და უკანონო თვალთვალი უნდა აიკრძალოს. მართალია, როდესაც არსებობს გარკვეული სიგნალი, შეიძლება ადამიანზე, მის მიმოწერაზე ან მის მოქმედებაზე განხორციელდეს თვალთვალი და ეს ჩვეულებრივი ოპერატიული ღონისძიებაა და აუცილებელიცაა, მაგრამ უკანონო თვალთვალი კანონდებლობით აკრძალული და გონივრულად დარეგულირებელი უნდა იყოს. მით უფრო, იმ პირობებში, როცა აპარატურა არც ისე ძვირი ღირს და ხელმისაწვდომია. ღილიდან დაწყებული, სამკერდე ნიშნებით დამთავრებული, მათი დამონტაჟება პრობლემა არ არის, მათგან დაცვა კი გართულებულია, რადგან ხშირად, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას უამრავ ელექტრონულ ხელსაწყოს, სადაც შეიძლება ჩამონტაჟებული იყოს ეს აპარატურა.
გიორგი თავდგირიძის თქმით, არქივის განადგურება აუცილებელია, მაგრამ მისი სრულყოფილი განადგურდება რთული თემაა. მით უფრო, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოცულობის ინფორმაციაზეა საუბარი, არავის დაუთვლია ეს ინფორმაცია და ვერაფრით ვიქნებით დარწმუნებულნი, სრულად განადგურდა თუ არა ეს მასალები. ამდენად, მაინც დარჩება „კუდები“. ამიტომ ყველაზე მარტივია სპეციალური კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ასეთი ტიპის ჩანაწერების გამოყენებას აკრძალავს.
ექსპერტს ისიც აეჭვებს, რომ, თუ რომელიმე უწყების ამარა დარჩა საზოგადოება, შესაძლებელია, ამ უწყებაში მოკალათებულმა ცალკეულმა პირება შეძლონ შემდგომი სარგებლობისთვის ამ მასალების დატაცება-მითვისება.
მეტიც, გიორგი თავდგირიძის სიტყვით, სიმართლის გამოაშკარავება კარგია, თუნდაც იმავე ბედუკაძის საქმე, როცა კერძო პირმა მოახერხა მასალების ფლობა, მნიშვნელოვანი იყო რეჟიმის დემონტაჟისთვის, თუმცა რეალურად არანორმალური მოვლენაა, როცა კერძო პირმა ასეთი მასალების ხელში ჩაგდება მოახერხა, რომ არაფერი ვთქვათ, ამ ფაქტების არსებობაზე.
„ჩვენ რთულ რეგიონში ვიმყოფებით. გარკვეულწილად, ოპერატიული ღონისძიებები მოითხოვს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ინფორმირებულნი და ეფექტურები იყვნენ მუშაობისას, ამიტომ მათ სჭირდებათ ტექნოლოგიური აღჭურვაც, საკანონმდელო ბაზაც, რომლითაც მათ არ გაურთულდებათ მუშაობა. ოპერატიული თვალსაზრისით, თუ ვინმეს „დამუშავება“ მიმდინარეობს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის, ასეთი მასალები უნდა დაარქივდეს და მკაცრად იქნეს დაცული, რომ საზოგადოებას ხელში არ ჩაუვარდეს და არ მიადგეს ჩრდილი უდანაშაულო ადამიანის ღირსებას“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ კომპრომატის საშუალებით ადამიანებს აიძულებენ, გარკვეული ქმედება ჩაიდინონ და რაც უფრო ცნობადი სახეა მათი სამიზნე, მით უფრო მნიშვნელოვანია მასზე კომპრომატების ფლობა. თუმცა სხვადასხვა საჭიროებისთვის გამორიცხული არ არის, ჩვეულებრივი ადამიანების დაშანტაჟებაც, რადგან ე.წ. უფასო მუშახელი ყველას სჭირდება, როცა უსინდისობასთან გვაქვს საქმე.
ექსპერტის აზრით, შს სამინისტროსა და თავდაცვის უწყებას ექნება ასეთი ტიპის არქივები, ასევე, პროკურატურასაც შეიძლება ჰქონდეს და ასევე, შეიძლება გააჩნდეს ნაცმოძრაობის რომელიმე ჯგუფს, რომელიც არცერთ ძალოვან უწყებაში არ ყოფილა, მაგრამ ჰქონდათ აპარატურის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა და ახორციელებდნენ კიდეც ჩანაწერებსა და თვალთვალს. გიორგი თავდგირიძე არც იმას გამორიცხავს, რომ შეძლებულ პირებსაც ჰქონდეთ ასეთი მასალები.
თუმცა, ერთია ამ მასალების მოძიება და სრულად განადგურება, და მეორეა, მისი გამოყენების აკრძალვა კანონმდებლობით. ამიტომ, როგორც კი მათი გამოყენება მოხდება, მისი გამავრცელებელი დასჯილ უნდა იყოს.
„საკმაოდ მცირე გაბარიტებიანი კომპაქტური მოწყობილობებია, მინიატურული ხელსაწყოებიდან დაწყებული, ვიდეოკამერებით დამთავრებული, პროგრამული უზრუნველყოფაც იაფი გახდა. თუ ადრე ეს ჩანაწერი ჩამწერ ლენტებზე ხორციელდებოდა, დიდ მოცულობას იკავებდა და მცირე ინფორმაციას იტევდა, დღეს დიგიტალიზირებული ინფორმაცია ფიზიკურად მცირე მოცულობას იკავებს. მარტივი იქნება, თუკი ავკრძალავთ მის გამოყენებას და შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც მას ბოლომდე გამოიძიებს“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი და მიიჩნევს, რომ ასევე მკაცრად უნდა ისჯებოდეს შანტაჟი, რაც უკანონო თვალთვალის დანაშაულის პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.
ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აღნიშნულ მასალებს ყოფილი მაღალჩინოსნები ისევ ინახავენ და მათ გამოიყენებენ შავი პიარისა და იმ ადამიანების კომპრომეტირებისთვის, ვისთან მიმართებითაც ასეთი მოსმენები ხორციელდებოდა. ამიტომაც ამ არქივის განადგურების ინიციატივა დროულია. მით უფრო, რომ მოსმენები დღესაც ხორციელდება.
„პირადად ჩემს მიმართ კვლავაც ხორციელდება მოსმენები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლების შს სამინისტრო, უბრალოდ, ეს ისევ კონტროლირებადია სააკაშვილის მომხრე ძალების მიერ, რომელთაც ისევ გააჩნიათ აპარატურა. ამიტომ უნდა მიხედონ კერძო დეტექტიურ სამსახურებს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ყოფილი მმართველი ძალის კონტროლქვეშ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დააბრუნონ თვალთვალის ამსახველი მასალები, შესაბამისი ზომების მიღება უნდა მოხდეს, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.