სამშენებლო სექტორმა 2021 წლის კრიზისიდან თავი დაიძვრინა

სამშენებლო სექტორმა 2021 წლის კრიზისიდან თავი დაიძვრინა

სამშენებლო ბიზნესი პანდემიისგან მიღებული ზარალის აღდგენას ნელ-ნელა ახერხებს. მართალია, ამ დროისთვის არსებული მაჩვენებელი არც ისე სახარბიელოა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები უძრავი ქონების ტენდენციას მაინც დადებითად აფასებენ. ყოველ შემთხვევაში, უკან არის მოტოვებული ის დრო, როდესაც დეველოპერები გაკოტრების საფრთხეზე საუბრობდნენ.

ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამშენებლო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, პრაქტიკულად, ნულოვან დონეზეა. შედარებით მცირე და საშუალო დონის პროექტები, რომლებიც 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, სრულად შესრულდა. დიდ პროექტებში თანხის ჩადებისაგან კი ყველა თავს იკავებს. ამან მომავალში, შესაძლოა, პრობლემები გააღრმავოს.

სწორედ ინვესტიციების ნაკლებობაზე საურობს საქართველოს მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.

„ბოლო პერიოდში პანდემია ჩვენს სექტორში არ იგრძნობა, მობილობა აღდგენილია და რაიმე დამაბრკოლებელი რეგულაცია არ არის ქვეყანაში. ყველაზე მეტი პრობლემა არის ინვესტიციები, რომლებიც პრაქტიკულად ნულის ტოლია. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა ნამდვილად არის, 2020 წელს ვერც შევადარებთ, რადგან ეკონომიკა ჩაკეტილი იყო.

2021 წელს გაიყიდა ის ბინები, რომელთა რეალიზაცია შარშან იგეგმებოდა, უბრალოდ, ელოდნენ კონკრეტულ დროს. ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა უკეთესობა არის“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა „კომერსანტთან“ და დასძინა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა შეღავათებმა, რომლებიც დეველოპერულ სექტორს პანდემიურ პერიოდში დაუწესდა. თავის დროზე, მთავრობის ამ ინიციატივამ სექტორში მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა.

დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება ბიზნესმენმა გეგი ქელბაქიანმაც. მისი აზრით, სექტორმა სხვა ბიზნესებთან შედარებით ურთულესი გამოწვევები უკეთესად გადალახა.

„პლუსი იყო ის, რომ სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა და მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა. თუ შევადარებთ იმ სექტორებს, რომლებიც მთლიანად დაიხურა, ბუნებრივია, ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით. მაგრამ პანდემიამ უარყოფითი გავლენა ჩვენზეც იქონია“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება საგარეო გამოწვევებს, სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალური დირექტორი პირველ ადგილზე გლობალურ ინფლაციას ასახელებს.

„გლობალურმა ინფლაციამ პროდუქციაზე ფასები გაზარდა. დღეს ევროსა და დოლარში მასალების ღირებულრბა გაზრდილია 20-30%-ით, რასაც ლარის კურსით გამოწვეული გაძვირება დაემატა და, რა თქმა უნდა, ამან ნეგატიური გავლენა იქონია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი კონტრაქტი ჰქონდა მოგებული კომპანიას პანდემიამდე, მუთ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც იმპორტულ მასალებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქელბაქიანმა და დასძინა, რომ მიუხედავად, ამისა დეველოპერებმა მნიშვნელოვან გამოწვევებს თავი მაინც კარგად გაართვეს.