მარინე მიზანდარი: „ორი ეკლესიაც შეიძლება დაიტბოროს და ცოტა მეტიც“

მარინე მიზანდარი: „ორი ეკლესიაც შეიძლება დაიტბოროს და ცოტა მეტიც“

იმაზე, დაიტბორება თუ არა პარხალი და ოთხთა; რა ზიანი მიადგა იშხანს, იქ ჩატარებული სამუშაოების გამო; რა შედეგი მოაქვს ტელეარხების თანხლებით „პარტიზანულ“ ჩასვლას თურქეთის საქართველოში; ითვალისწინებენ თუ არა თურქეთთან მოლაპარაკების პროცესში პატრიარქის წინადადებებს ქართულ ტაძრებთან დაკავშირებით; რას აკეთებს კულტურის სამინისტრო ქართული ტაძრების აღდგენის საქმეში იუნესკოს ჩასართავად; რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ მცხეთა იუნესკოს სიიდან არ ამოირიცხოს; გამოცხადდება თუ არა მშენებლობაზე მორატორიუმი, მეორე იერუსალიმად აღიარებულ ქალაქში და რა შემთხვევაში დაიწყება მუზეუმების რევიზია, for.ge კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარს შეხვდა და ესაუბრა.

თურქეთში ყოფნისას გაარკვიეთ მართლა დაიტბორება თუ არა პარხალი და ოთხთა, იესუფელის კაშხლის მშენებლობის გამო?

მარინე მიზანდარი: სამინისტროში ამგვარი კითხვა არ დამისვამს, რადგან იქ სხვა ისეთ თემებზე მქონდა დებატები, რომ ეს უბრალოდ, გამომრჩა, მაგრამ ჩვენი საელჩოს თანამშრომლებს ველაპარაკე და ვიცი, რომ არ იტბორება.

იესუფელის რაიონში არსებული რომელი სამი პატარა ეკლესია იტბორება? ამის შესახებ განცხადებები ხელოვნებათმცოდნეებმა გააკეთეს.

- იქ შუასაუკუნეების ციხესიმაგრეა, რომლის ფარგლებში არის დარბაზული ტიპის პატარა ეკლესია, კედლის მხატვრობასაც შეიცავს. რამდენადაც ვიცი, აი, ამ ეკლესიას დატბორვა ემუქრება, ან წყალი თითქმის კიდესთან მივა, რის გამოც კედლის მხატვრობა ძალიან დიდი რისკის ქვეშ იქნება, თუ მთლიანად არ დაიტბორა. ამ საკითხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა, რადგან ერთ-ერთი მუხლი ძეგლების კვლევას და პასპორტიზაციას ითვალისწინებს.

კიდევ რომელი ორი ეკლესია შეიძლება დაიტბოროს?

- ორი ეკლესიაც შეიძლება დაიტბოროს და ცოტა მეტიც, რადგან იქ დარბაზული ტიპის პატარ-პატარა ეკლესიებია.

რა ტიპის ზიანი მიადგა იშხანს, ბოლო დროს განხორციელებული სამუშაოების გამო?

- არ ჩატარებულა გეოლოგიური, არქეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევები, რაც ყველანაირი სარესტავრაციო და ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიის თანახმად, წინ უნდა უძღვოდეს ნებისმიერ სარესტავრაციო პროექტს. ჩვენს რეკომენდაციებში ყურადღება ამ საკითხებზეც არის გამახვილებული. არაფორმალური წყაროებით შევიტყვეთ, რომ გეოლოგიური კვლევა უკვე დაიწყეს. იქ მუდმივად რატომ არ არის თქვენი სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მაშინ, როცა ამას ახერხებს ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა?

- ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლის მუდმივად იქ ყოფნა რთულია, მაგრამ ვცდილობთ ეს საკითხი დადებითად გადავჭრათ. რაც შეეხება ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ვიღაცეების პარტიზანულად ჩასვლას, ტელევიზიების თანხლებით, ეს ძალიან საშიში ქმედებაა. მოლაპარაკებას დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს, რადგან არა აქვთ თურქეთის კულტურის სამინისტროს თანხმობა. ამგვარი პარტიზანული ჩასვლები, არც ჩვენთან არის შეთანხმებული.

მართალია ხელნაწერთა ცენტრი განათლების სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ რაღაც კოორდინაცია ხომ უნდა არსებობდეს?!

- განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებში დავრეკე, ვითარება გავაცანი, ავუხსენი, რომ საჩოთირო მდგომარეობა გვაქვს.

თუმცა, იქ ჩასვლას ვერავის დაუშლით.

- რასაკვირველია, ვერ დავუშლით, მაგრამ ყველას ვთხოვთ გაგებით მოეკიდნონ არსებულ ვითარებას, მით უმეტეს, რომ იშხანსა და ოშკთან, ისევე, როგორც დანარჩენ ქართულ ძეგლებთან მიმართებაში, მხოლოდ თურქეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი.

არ გეთანხმებით.

- რატომ?

მაგალითად, რატომ არ ხელმძღვანელობთ ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციით?

- და რას იზამთ, სასამართლოში უჩივლებთ და 5 წელი დაელოდებით?! ამასობაში აღარც ოშკი იქნება და აღარც იშხანი.

თურქეთი ხომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და თუ ჩვენ გვახსენებენ ამა თუ იმ ვალდებულებას, რატომ არ უნდა მოეთხოვოს თურქეთს ზემოხსენებული კონვენციით ქართული ტაძრების დაცვა, მოვლა?

- ძველ თბილისში, ჩვენს ცხვირწინ კლდის უბანი, რომ დაინგრა, ჩაბეტონდა და ბულდოზერებით და ტრაქტორებით, რომ გადაუარეს ჩვენივე კულტურულ მემკვიდრეობას, დავიცავით?! ჩვენც გვაქვს ვალდებულებები და გავაკეთეთ რამე?! ამიტომ ვამბობ, რომ კეთილი ნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ აცხადებენ ქართველი ხელოვნებათმცოდნეები, რომიმ ჯგუფს ვერ გაჰყვა ვიღაცეები, იმიტომ რომ 150 დოლარი არ ჰქონდათ“? 21 აპრილსობიექტივისეთერში ასევე განაცხადეს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი მერაბ ბუჩუკური იშხნის სანახავად თავისი ფულით ჩავიდა.

- ვინც წავიდა, მხოლოდ ის უნდა წასულიყო, სხვისი წასვლა დაგეგმილი არ იყო, ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. იქ ჩასვლა-ჩამოსვლა სააგენტომ დააფინანსა, მაგრამ იმის გამო, რომ ვადები ძალიან მჭიდრო იყო და ბატონი მერაბი სხვა უწყებას წარმოადგენდა, პრობლემა შეიქმნა, მისი წასვლა-წამოსვლისთვის საჭირო თანხა საპატრიარქომ გაიღო, მაგრამ მომავალ ჯერზე ამგვარი რამ აღარ განმეორდება.

რას უპირებენ იშხანს თურქები - ეცდებიან პირვანდელი სახე დაუბრუნონ, თუ ისეთ მდგომარეობაში დააკონსერვებენ, როგორშიც ახლა არის? საინტერესოა არსებობს თუ არა პროექტი, რომლითაც ძირითადი სამუშაოები წარიმართება.

- სარესტავრაციო პროექტი არსებობს, მაგრამ გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევა, როგორც გითხარით, ახლა კეთდება, რადგან მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია, კამარის ამოყვანისას და გამაგრებისას შეცდომები რომ არ დაუშვან.

ისევ ძალაშია იშხანზე სამუშაოების 400 დღეში დასრულება?

- ვადის გაგრძელება ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რაც გათვალისწინებული იქნება.

ვისი რეკომენდაციით აღიარეთ ოსმალური კულტურის ძეგლად ჯაყელების აშენებული აჰმედიეს მეჩეთი და სხვა მუსლიმური ნაგებობები?

- იკომოსთან კონსულტაციები გვქონდა. ამგვარ გადაწყვეტილებამდე მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მიხედვით მივედით - სხვადასხვა ქვეყანაში ოსმალური გავლენით აშენებულ ძეგლებს ასე უწოდებენ.

თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ამგვარი ფორმულირება არა მარტო სპეციალისტებში, არამედ ქართველ მუსლიმებშიც გაღიზიანებას იწვევს.

- ვიცი, რომ სადაო საკითხია და შეიძლება სხვა ფორმა მოვუნახოთ.

ჰქონდა თუ არა შენიშვნები საპატრიარქოს თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულების პროექტთან მიმართებაში?

- საპატრიარქოს შენიშვნები არ ჰქონია.

გაითვალისწინეთ პატრიარქის წინადადებები და შეიტანეთ ხელშეკრულების პროექტში შესაბამისი ცვლილებები, ქართული ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრაზე, მათი აღდგენის საქმეში იუნესკოს ჩართვასა და ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე? შეგახსენებთ რომ ამის შესახებ პატრიარქი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

- ეს საკითხები ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. შესაძლებელია ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ეხებოდეს, ვიდრე ჩვენ, ან მთავრობათშორისი შეთანხმების საფუძველი გახდეს.

იუნესკოს მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადადგით, გაარკვიეთ მაინც როგორ შეიძლება მათი ჩართვა ქართული ტაძრების გადარჩენაში? მე ამაზე სპეციალისტებს ვესაუბრე.

- და, რას ფიქრობენ?

ნატო ცინცაბაძემ გაიხსენა როგორ ჩართეს სომხური ეკლესია თურქებმა იუნესკოს წინმსწრებ სიაში და როგორ წარადგინა ირანმა სომხური მონასტრები იუნესკოში.

- ჰო, მაგრამ, ამას მაინც თურქეთის ნება სჭირდება. იგივე ვუთხარი საპატრიარქოშიც.

ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, ამ მიმართულებით?

- იუნესკოს ხაზით არ გვიცდია, მაგრამ ოშკი შეტანილია მსოფლიო ძეგლთა ფონდში და ახლა იშხნის შეტანაზეც არის საუბარი, რაც უკვე დაცვის მექანიზმია.

კონკრეტულად როგორია ეს დაცვის მექანიზმი?

- რაღაც საიდანღაც უნდა დაიწყოს. თუ კი ამ ხელშეკრულებას საშველი დავადგით, პარალელურად შეგვიძლია ამ საქმეში იკომოსი ჩავრთოთ, იუნესკოს არხები გამოვიყენოთ და ამაზე დავიწყოთ მოლაპარაკება, მაგრამ თურქეთის კეთილი ნება აუცილებელი იქნება.

რისთვის არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური არხები, საგარეო კავშირები?!

- გეთანხმებით, ეს უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, მარტივი არ არის. ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, უპირველესად რომელ ძეგლზე ვიფიქრებთ. მსოფლიო ძეგლთა ფონდში ყოფნა დამცავი მექანიზმია, რადგან იქიდან ცნობილი სპეციალისტები არიან ჩართულები, მაგალითად, ოშკზე რაღაც გამოძახილები არის, განგაშია ატეხილი. იმასაც გეტყვით, რომ იუნესკოს ნუსხაში შეტანა ძეგლს ყოველთვის ვერ იცავს. ჩვენი მაგალითი ავიღოთ - ბაგრატი, მცხეთის ძეგლები.

ბაგრატი და მცხეთა საფრთხეში ყოფილი ხელისუფლების დროს ჩავარდა.

- დიახ, ასე იყო. ანკარაში 14 თებერვალს პრემიერ-მინისტრებს შორის შეთანხმება ხელშეკრულებით თუ არ დავაფიქსირეთ, წინ ვერ წავალთ.

რატომ აფერხებს მიხეილ სააკაშვილი თურქეთთან ხელმოსაწერი დოკუმენტის უკან დაბრუნებას, რის შემდეგაც პროექტი თურქეთში უნდა გაიგზავნოს?

- არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, აუცილებლად დავუკავშირდებით, რადგან სხვა გზა არ არის.

რა ნაბიჯი გადადგით იმისთვის, რომ 16 ივნისს დაგეგმილ იუნესკოს სესიაზე მცხეთის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღონ?

- ამ საკითხს, ალბათ, მთავრობის სხდომაზე გავიტანთ და 16 ივნისამდე იუნესკოს აუცილებლად მივაწვდით კულტურის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მთავრობის შეჯერებულ ვარიანტს.

აპირებთ თუ არა მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას? კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანთან შეთანხმებით იუსტიციის სახლის მშენებლობა დაკონსერვდა.

- მორატორიუმის გამოცხადება, შესაძლოა, აუცილებელი არ იყოს, ამ ეტაპზე არსებული მშენებლობების დაკონსერვებამ და შემდგომში ამ მიდამოს დარეგულირებისთვის გრძელვადიანი გეგმის წარდგენამ იკმაროს. ამ გეგმაში შეიძლება ლაპარაკი იყოს სახელმწიფო შენობების აღებაზე, ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში. რაც შეეხება იუსტიციის სახლის კონსერვაციას - გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამგვარი განზრახვა არსებობს.

როდიდან და რა ფორმით იწყებთ მუზეუმების რევიზიას? მინისტრმა პირობა მოგვცა, რომ თითოეული ნივთის მდგომარეობა შემოწმდება.

- მხოლოდ ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის აზრს, რომ არ დავეყრდნოთ, მიმდინარე კვირაში, ალბათ, შევქმნით სამუზეუმო დარგში მომუშავე სარეკომენდაციო, საკონსულტაციო საბჭოს. ახალი თანამშრომელი გვეყოლება, ინგა ქარაია, რომელიც არის სამუზეუმო საქმის საერთაშორისო ორგანიზაცია აიკომის წარმომადგენელი საქართველოში. ამ საკითხის დაძვრა მასთან ერთად უფრო ადვილი იქნება. რაც შეეხება მუზეუმების შემოწმებას, მგონი ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს.