„ეს უფრო დეტოქსის დიეტის აქტს ჰგავს, ვიდრე შიმშილობას. რამდენიმე პარტიული აქტივისტი შეიძლება დაითანხმო იმაზე, რომ უმიზეზოდ იშიმშილოს, მაგრამ მათი ლიდერები, პოლიტიკოსები, კარგად ხვდებიან, რომ ამ შიმშილობას არავითარი მომავალი არ აქვს, ამიტომაც არ იწყებენ შიმშილობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.
სააკაშვილის ოფიციალური ფეისბუკგვერდის ბოლო 6 თვის ინტერაქციის ინტენსიურობიდან გამომდინარე, თქვენ აცხადებთ, რომ პრეზიდენტყოფილის მიმართ საზოგადოების ინტერესი იკლებს, ამიტომაც მოიფიქრა 300 კაცის შიმშილობა, რათა ამით მაინც მიიქციოს ყურადღება. როგორ ფიქრობთ, საცირკო-საესტრადო წარმოდგენები, როგორც თქვენ უწოდებთ სააკაშვილის ახალ-ახალ მანევრს, საზოგადოებაში ინტერესს გააღვივებს?
- ეს არის ფეისბუკის კვლევა, რომელიც ჩემი გაკეთებული არ არის, ეს არის ჩვეულებრივად ფეისბუკის ოფიციალური დიაგრამა, რომელიც ფეისბუკის შესაბამისი ინსტრუმენტის მიერ დამუშავებული ინფორმაციაა. ამაშიც ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე საზოგადოების აქტივობა საგრძნობლად დაკლებული, შემცირებულია. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის დღე არის პიკი, როდესაც, გარკვეულწილად, ფურორი მოახდინა საზოგადოებაში და ჩართულობა მისი სოციალური ქსელის გვერდზე ძალიან იყო გაზრდილი. ამის შემდეგ სტაბილურად, თანმიმდევრულად, მუდმივად კლებადია მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. სოციალური ქსელების კვლევა არ არის ყველა დროის ჭეშმარიტება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი ამა თუ იმ საკითხის, პიროვნების მიმართ ინტერესის. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მდგენელი, ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი, რომ სააკაშვილის მიმართ ინტერესი იკლებს.
თავის დროზე სააკაშვილს ჰყავდა პიარის სპეციალისტები, მისი მმართველობის დროს ყველაფერი პიარზე იყო აგებული, მაგრამ ახლა რამდენად აქვს შესაძლებლობა, პიარის სპეციალისტების რეკომენდაციით ისარგებლოს? თუ მან ისედაც კარგად იცის, როგორია მისი დღევანდელი რეიტინგი?
- რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცის, როგორია მისი დღევანდელი რეიტინგი. მას კარგად ესმის, რომ სპექტაკლები, რაც მან დადგა, თუნდაც იმავე შიმშილობიდან დაწყებული, კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაგრძელებული, სხვადასხვა შინაარსის აქტივობები, რაც მას ჰქონდა ჩამოსვლის შემდეგ, საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვერ იმუშავა საზოგადოების განწყობაზე. აქედან გამომდინარე, ახლა ფიქრობს, როგორი ნაბიჯები გადადგას, რაც საზოგადოების თვალში მის აქტუალობას შეინარჩუნებს და გაზრდის. სააკაშვილს კარგად ესმის პიარის ტექნიკა, ის არის ავანტიურის ერთ-ერთი ვირტუოზი, გააზრებული აქვს, რა ცვლილებებია გასატარებელი იმისთვის, აქტუალობა არ დაკარგოს. მას ესმის, თუ ავანტიურაზე არ წავა, თუ პროვოკაციებს არ მოაწყობს, მის მიმართ ინტერესის ტენდენცია კლებადია, საერთოდ გაქრება და მოუწევს 6 წელი ციხეში ჯდომა. ჯერჯერობით ახერხებს პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას საქართველოში, რისთვისაც ერთადერთი ინსტრუმენტია, რაღაცნაირად აჯანჯღაროს ქვეყანა, მედიაში მაინც იჯანღაროს. ამიტომაც ცდილობს სხვადასხვა აქტივობა მოიფიქროს, ეს არის შიმშილობის აქტი, რომელიც მის თანაგუნდელებს ეხება, ამ შიმშილობის უკან კი ბევრი საინტერესო დეტალი იმალება. მიშამ ულტიმატუმი წაუყენა მომხრეებს, ან უნდა ეშიმშილათ და ჩართულიყვნენ მის პიარკამპანიაში, ან შეუწყვეტდა დაფინანსებას, როგორც თავის პოლიტიკურ თანაგუნდელებს „ნაცმოძრაობიდან“, ასევე, მათ პარტიულ ტელევიზიას, „მთავარ არხს“, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, ნიკა გვარამია როგორ ემუდარებოდა თანამშრომლებს, აქცია მაინც გაეშუქებინათ.
პიარი გასაგებია, მაგრამ არაფრის მომტანი პიარიც, ალბათ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მომავალ წელს იქნება თუ არა სააკაშვილის თემა აქტუალური?
- აქტუალური საზოგადოებისთვის უკვე აღარ არის სააკაშვილი. თუმცა სააკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც რაღაცის დაგეგმვა არ გაუჭირდება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მან დაგეგმა და განახორციელა არაერთი პიარული სვლა, როდესაც წაგებული ომი მოგებულად გაასაღა, დაკარგული სოფლები შეძენილ სოფლებად, ავტორიტარიზმის რეჟიმში დემოკრატიის შუქურად ასაღებდა საკუთარ თავს. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს სააკაშვილს, თუ როგორ უნდა შექმნას ამბავი, შექმნას მხოლოდ პიარულად და მედიაში. თუ დავაკვირდებით, დღეს რა მოცემულობა გვაქვს, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიებშია აქტუალური სააკაშვილი - „მთავარ არხზე“, „ტვ პირველზე“, „ფორმულაზე“. ეს ტელევიზიები ისე აშუქებენ ამბავს, როგორც სჭირდება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“. ამდენად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქტუალობა გამოიხატება მხოლოდ სამ ტელევიზიაში. საზოგადოებისთვის სააკაშვილის უნიჭო სპექტაკლები საინტერესო აღარ არის. ფეისბუკიც რომ გადავდოთ გვერდზე და ინტერაქციის ჩართულობაც, ყველა ნათლად ვგრძნობთ, რომ საზოგადოებაში სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ხრიკები აღარაა საინტერესო. საზოგადოებას სურს, მოისმინოს საქმეზე ლაპარაკი პოლიტიკოსების მხრიდან, სურს, მოისმინოს, როგორ განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ და სხვა დესტრუქციული ოპოზიციური ძალები სთავაზობენ ვიწრო პარტიული ინტერესების შესაბამის წესრიგს, რაც ხალხს აღარ აინტერესებს. ვინ შიმშილობს, ვინ ლეიბზე წამოწვება, ეს საზოგადოების ინტერესი დიდი ხანია, აღარ არის. ხელისუფლება ცდილობს, ხალხს შესთავაზოს პოზიტიური დღის წესრიგი, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაგრძელდეს დისკუსიები, კონკრეტულ საჭიროებებზე საუბრები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და არა გაუგებარ, უნიჭო სპექტაკლებზე, რომელსაც სააკაშვილი თავის თავში ხარშავს.
ამდენი „ცოტნე დადიანი“ გვყოლია და თურმე არ ვიცოდით. ე.წ. მასობრივი შიმშილობის მონაწილეებს სააკაშვილი ცოტნე დადიანებად მოიხსენიებს. ეს „ცოტნეები“ როდის დარწმუნდებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავად არ შიმშილობენ, მათ აშიმშილებენ და მათ ხარჯზე აპირებენ სააკაშვილისგან მიცემული პარტიული დავალების შესრულებას?
- წეღან ვახსენე სამი პარტიული ტელევიზია. ამ ტელევიზიებთან ერთად არიან „ნაცმოძრაობის“ მცირერიცხოვანი, მაგრამ თავგამოდებული მხარდამჭერები. ასეთი ადამიანები მუდმივად იქნებიან პარტიული დღის წესრიგის გავლენის ქვეშ, რადგან მათ მართლაც სჯერათ, რომ მათი ლიდერი ნამდვილად შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, აშკარაა, როგორ მცირდება აქციაზე გამოსულ ადამიანთა რაოდენობა. ბოლო აქციაზე ძალიან ცოტა მხარდამჭერი იყო და ცოტა ადამიანმა მიულოცა საკუთარ ლიდერს დაბადების დღე. აქტიური მხარდამჭერების გამოყვანას „ნაცმოძრაობა“ აქციებზე ვერ ახერხებს. ეს ნიშნავს, რომ თავისივე მხარდამჭერები პარტიას და სააკაშვილს ეუბნებიან, რომ ქუჩის დღის წესრიგი მათთვის მიუღებელია. ქუჩის აქციები მხოლოდ პარტიული აქტივისტებისთვისაა მისაღები, რადგან ისინი დავალებას ასრულებენ, ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან. დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა აიღო „ნაცმოძრაობამ“, მაგრამ გაცილებით ცოტა ხალხი გამოდის აქციებზე. ეს მიანიშნებს, რომ მათ ქუჩის აქციები არ ხიბლავთ.
„ნაცმოძრაობას“ ამაზეც აქვს არგუმენტი, რომ მათ მომხრეებს ხელისუფლების შიში აქვთ.
- ეს მოგონილი ნარატივია. ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს ავხსნათ, ჩვენ გვახსოვს კლუბების დემონსტრაცია, სადაც ბევრი ადამიანი გამოვიდა საპროტესტოდ, გავრილოვის ჩამოსვლისას ბევრი ადამიანი გავიდა ქუჩაში, სანამ პარტიულ დემონსტრაციაში გადაიზრდებოდა ეს აქცია. არსებობს დემონსტრაციები, სადაც საზოგადოებრივი სულისკვეთება ერთსულოვანია და ამ აქციებზე ბევრი ხალხი გამოდის, იქ არავის ეშინია, რომ ვიღაც ამის გამო დასჯის. ამიტომ უადგილოა მოსაზრება, რომ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები თურმე იმიტომ არ გამოდიან გარეთ, რომ ეშინიათ ხელისუფლებისგან ტერორის. აქ საუბარია იმაზე, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარც უნარი და აღარც ნდობა არ აქვს, გამოიყვანოს ხალხი და მასობრივი დემონსტრაციები მოაწყოს.
ბევრი რამის მთქმელია ის ფაქტიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ნაკლებად ცდილობენ, იშიმშილონ და ხალხს ტოვებენ შიმშილობის პირისპირ. ეს ხომ არ მიანიშნებს, რომ სულ მალე შესაძლოა, „ნაცმოს“ ლიდერებმაც სააკაშვილი მარტო დატოვონ საკუთარ თავთან?
- „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა, მათ შორის, მელიასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება პარტიიდან მისი გაშვების შესახებ. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით ორაზროვანი დამოკიდებულებაა შიმშილობის, დესტრუქციულობის და ისეთი აქტიურობის მიმართ, რომელსაც საბოლოო შედეგი არ მოაქვს. „ნაცმოძრაობის“ ბევრი ლიდერი ამას ემიჯნება. შიმშილობა რადიკალური ზომაა, ეს არის პიროვნების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ინდივიდუალური ფორმა, არ ახსოვს მსოფლიოს პრეცედენტი, სადაც ჯგუფური შიმშილობა ხდებოდეს. შესაბამისად, როცა ადამიანთა ჯგუფი, 300 ადამიანი იწყებს შიმშილობას, ეს აბსოლუტური ნონსენსია. რაც შეეხება უშუალოდ ლიდერებს, რამოდენიმე ლიდერმა გააჟღერა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებენ, შიმშილობამ მათ ზიანი მიაყენოს, იშიმშილებენ მანამ, სანამ ცუდად გახდებიან. ეს უფრო დეტოქსის დიეტის აქტს ჰგავს, ვიდრე შიმშილობას. გუბაზ სანიკიძემ, გიგი უგულავამ და სხვებმა განაცხადეს, რომ რადიკალურ შიმშილობას არ აპირებენ. პირველი შიმშილობის დროსაც, როცა სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, იყვნენ ლიდერები, რომლებმაც მყისიერად უარი თქვეს შიმშილობაზე. ერთადერთი იყო ელენე ხოშტარია, რომელმაც ნამდვილად იშიმშილა, თუმცა ჩემთვის გაუგებარი იყო მისი შიმშილობის მოტივი. აქ მნიშვნელოვანი არ არის შიმშილობის აქტი, მთავარია შინაარსი ამ შიმშილობის, თუმცა ვერავინ გაიგო, თავდაპირველად სააკაშვილმა რატომ დაიწყო შიმშილობა, ეს თავადაც არ იცის. ეს იყო შიმშილობა შიმშილობისთვის, ე.წ. მასობრივი შიმშილობაც მხოლოდ შიმშილობისთვისაა, ისინი ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რაც აბსოლუტურად სიგიჟეა, ითხოვენ მართლმსაჯულებაზე, კანონებზე მაღლა დააყენონ ერთი ავანტიურისტი ადამიანი, რაც არ გამოვა, კანონი უნდა იდგეს ყველა ადამიანზე მაღლა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე პარტიული აქტივისტი შეიძლება დაითანხმო იმაზე, რომ უმიზეზოდ იშიმშილოს, მაგრამ პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან, რომ ამ შიმშილობას არავითარი მომავალი არ აქვს, ამიტომაც ლიდერები არ იწყებენ შიმშილობას. დარწმუნებული ვარ, პარტიულ აქტივსაც ძალიან მალე მობეზრდება სულელურ მდგომარეობაში ყოფნა, ისინი ხედავენ, რომ ლიდერები არაფერს აკეთებენ მათ მხარდასაჭერად, უბრალოდ, დადიან დერეფნებში, ამიტომ სულ მალე გაუქრებათ ინტერესი ე.წ. მასობრივი შიმშილობის მიმართ.