„სიტუაცია თითქოს რთულადაა, მაგრამ ჩემი ხედვითა და გამოცდილებით, აფხაზეთში გადატრიალების გარდაუვალობას ვერ ვხედავ, თუმცა, გამორიცხული არაფერი არაა, - ასე ვიტყოდი, 60%/40%-ზე არ იქნება გადატრიალება“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებილ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს.
როგორც ვიცით, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყებას გეგმავს. მათი მოთხოვნაა, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკურლი, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების განხორციელების უფლება“. ამასთან, ვიცით, რომ სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით, რამდენად არის მოსალოდნელი ერთგვარი გადატრიალება?
- მგონია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება მაინც ფლობს გარკვეულ ბერკეტებს და ე.წ. საპარლამენტო არჩევნებამდე მივლენ, რომელიც 12 მარტს არის დანიშნული. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ერთი წლით გადავადდეს „არჩევნები.“ შენარჩუნება უნდათ არსებული დე-ფაქტო პარლამენტის, რომელიც წინამორბედის, დე-ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას დროს იყო არჩეული, მაგრამ შემდეგ მოხდა გადატრიალება და ახლა შანსი არის, რომ დღევანდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ თავისი „პარლამენტი“ აირჩიოს, თავისი ხალხით დააკომპლექტოს.
ამ პროტესტს საფუძველი ნამდვილად გააჩნია, არის ღრმა, ენერგეტიკული კრიზისი, თითქმის წარმოუდგენელია, როგორც შეიძლება განიმუხტოს ეს კრიზისი ისე, რომ რუსეთს არ გადასცენ ყველაფერი. მიზეზები არის საყოველთაოდ უნივერსალური, ესა თუ ის მხარე ყოველთვის ცდილობს თვითონ იყოს ხელისუფლებაში და გამოიყენოს რუსული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის სიკეთეები.
საქართველოსთან მიმართებაში, შესაძლოა თუ არა რიამე შეიცვალოს?
- არაფერი. გვაქვს მოლოდინი, რომ აფხაზები სულ ქართველებზე ფიქრობენ, ეს ასე არაა. თუ საქართველო არ შეიცვალა, არაფერი შეიცვლება საქართველოს კუთხით. იქ მიმდინარე პროცესები ეს არის აფხაზურ-რუსული ურთიერთობის ნაწილი, არანაირი ქართულ-აფხაზური იქ არ იგულისხმება, ეს კი მხოლოდ ქართული მხარის სინდისზეა. ბჟანია, შარშან ყარაბაღის მოვლენებამდე დიალოგს გვეხვეწებოდა. დოკუმენტში ჩაწერილი ჰქონდათ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში. როგორც კი ყარაბაღის მოვლენები მოხდა, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა ყარაბაღის სამშვიდობო ხელშეკრულებას, 12 ნოემბერს კი ხელი მოეწერა დოკუმენტს, რუსულ-აფხაზურ მხარეებს შორის აფხაზეთის კანონდებლობის ჰარმონიზაციას. ამის შემდეგ შეწყდა საუბარი აფხაზეთის ურთიერთობაზე. იმ კონცეფციაში, სადაც საუბარი იყო დიალოგზე, ამოღებულ იქნა ეს პოზიცია. ნუ გვგონია, რომ აფხაზები ფიქრობენ ჩვენთან ურთიერთობის შეცვლაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ურთიერთობების შეცვლაზე. საქართველო არანაირად არ იგულისხმება მათ შიდა დაპირისპირებასა თუ რუსეთთან ურთიერთობებში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე ცენტრალურ ხელისუფლებას რაიმე სახის განცხადება თუ მოწოდება არ გაუკეთებია. რამდენად სწორია ეს?
- როდესაც იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ და ვიყავი ხელისუფლებაში, ჩვენ ვაკეთებდი ხოლმე განცხადებას, რომ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და არ დაიღვაროს სისხლი“; „ჩვენ გვინდა, რომ ყველა ურთიერთობა გვარდებოდეს მოლაპარაკების და ურთიერთპატივისცემის ფარგლებში და გამორიცხული იყოს ძალადობა“, - ამ ტიპის განცხადებები საჭიროა.
როგორ ფიქრობთ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დიალოგის კუთხით, რამდენად შეიცვალა პოლიტიკა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა?“
- ძალიან შეიცვალა. იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012-2016 წლებში და 2016-დან დღემდე არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებულ ნარატივს, პროექტს, რომ ყველაფერში დამნაშავე არის რუსეთი, აფხაზები და ოსები არავინ არ არიან და უნდა ველაპარაკოთ მხოლოდ რუსეთს. კოალიცია „ქართული ოცნების“ დროს შეიცვლა ეს ნარატივი და ყურადღება გადავიდა სოხუმსა და ცხინვალზე.
ველაპარაკებოდით სოხუმს და ცხინვალს, ამით ვასუსტებდით რუსულ გავლენებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. როგორც კი დაიშალა კოალიცია და 2016 წელს პირწიმინდად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ,“ ისინი დაუბრუნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა არა მარტო „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში, სასამართლოებში და ადგილობრივ თვითმმართველობებში, არამედ კონფლიქტის მოგვარებაშიც.
ისინი ზუსტად მიყვებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია, ჩვენ არაფერი გვესაქმება, გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, ისინი არ არიან კონფლიქტის მხარეები, ჩვენ კონფლიქტი გვაქვს მხოლოდ ერთთად, ეს არის რუსეთი - ესაა დღევანდელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში.