დიტო გელოვანი: დიდი კობას ამბები

დიტო გელოვანი: დიდი კობას ამბები

ბოლოს კვაჭმაც მოითხოვა სიტყვა. მასპინძელს ხოტბა შეასხა, ყველა ააღელვა, ცეცხლი მოიკიდა და სხვებსაც მოუკიდა: „ბატონებო! მეგობრებო! - მოუწოდა დასასრულს - ცხოვრება ყველას მოგვერევა და დაგვჯაბნის, დაგვწვავს, გაგვთლავს, სისხლით და ცრემლით გვატირებს, მაგრამ ერთში მაინც ვერ მოგვღუნავს, ვერ მოგვდრეკს: ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ დაბადებითვე რაინდობა და ვაჟკაცობა მოგვდევს, ჩვენს ძარღვებში კეთილშობილი სისხლი სჩქეფს, ჩვენ დედის ძუძუსთან ერთად მოგვიწოვია შეგნება და გრძნობა პატიოსნების, ძმობისა და ამხანაგობისა.  ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი შეგნება წმინდა მოვალეობისა წინაშე ერთმანეთისა და ჩვენი ტურფა საქართველოსი. დუხჭირი ცხოვრება ყველაფერს წაგვართმევს, ჭაბუკობის ყვავილს დაგვიჭკნობს და მზესაც დაგვიბნელებს, მაგრამ...

(მიხეილ ჯავახიშვილი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“)

მაგრამ მაინც გაგებაა მთავარი, გაგება კი ის არის, მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა რომ შეგიძლია. ეს არის და ეს - მარტივად, ალალად და უსაყვედუროდ, ყოველგვარი ეთიკის ქარტიების გარეშე, გარეშე ყოველგვარი კონსტიტუციებისა, კოდექსებისა, დაწერილი, დასაწერი და ცვლილებაშესატანი, პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით მისაღები კანონების გარეშე. გადახდილი მადლობა ადამიანს იმის იმედით განაწყობს, რომ იგივე სიკეთეს შენც გააკეთებ, მოხდილი ბოდიში იმედით აღავსებს, რომ იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებ. მადლობის ადრესატის პროტესტის მიუხედავად, მადლობა უნდა იყოს ხმამაღალი, დაძლიე ბოდიშის ობიექტის წინააღმდეგობა და ბოდიში საჯაროდ მოიხადე.

ასე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და ასე იქმნებიან დემოკრატიული ინსტიტუტები. ისე კი არა, რომ რომელიღაც დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, ვიღაც უსაქმურები შეიკრიბნენ, დააფუძნეს „საყოველთაო დემოკრატიის ხელშეწყობის ეროვნული სამოქალაქო ცენტრი“, მიიღეს გრანტი და სემინარებზე და ტრენინგებზე გადააგორეს გამძღარი და უფერული ცხოვრების მორიგი წელიწადი...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მადლობა და ბოდიში მაგარი კაცური, ანუ ადამიანური ამბავი. განსაკუთრებით - ბოდიში, რადგან სიკეთე ჩუმად უნდა კეთდებოდეს და სამადლობელი სიტყვებიც ვიწრო წრეში მოსულა, ხოლო „შევცდი“, „გთხოვთ, მაპატიოთ“ და „ბოდიში“ აუცილებლად ხმამაღლა უნდა ითქვას - ასე უფრო მეტია შანსი იმისა, რომ შენი ნაჭამი ტყემალი (ტყემალს კიდევ რა უშავს...) შვილიშვილს არ შეახსენებს თავს.

„დეპუტატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კობა დავითაშვილმა განაცხადა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. „ბატონ დავით სერგეენკოს ვურჩევ პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები არის ძალიან კონკრეტული, მისი გადაწყვეტილებები არის კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტერესებში. როგორც ჩანს, ბატონ სერგეენკოს სურს, არსებით განხილვას თავი აარიდოს და ფორმალობაზე გადაიტანოს საკითხი. ამიტომ მას მოუწევს პასუხების გაცემა, სანამ პასუხებს არ გასცემს, ბოდიშს კი არა, ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან. მისი პარლამენტში მოსვლის საკითხი დაყენებული მაქვს ფრაქციის წინაშე“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა“.

კობა-დავით, ტაში, ტაში, სერგეენკო შეგხვდა კარში!

კარში რომ შეხვდა, ამასთან დაკავშირებით ცალკე ნიუსი არსებობს.

„ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მასსა და დეპუტატ კობა დავითაშვილს შორის შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვა „ბოდიშის მოხდამდე არ მისულა“. ამის შესახებ დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ შეხვედრას კობა დავითაშვილი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ. მინისტრი მიიჩნევს, რომ „დრამატიზებული სიტუაცია კომუნიკაციის პრობლემამ წარმოშვა“.

და თუ რატომ არ მისულა საქმე ბოდიშის მოხდამდე, ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამაჩნია. სერგეენკო ყოფილი მორაგბეა, დავითაშვილი - ყოფილი სოციალ-დემოკრატი; სერგეენკო ბავშვებს კურნავდა, პედიატრია, ხოლო დავითაშვილმა საკუთარი შვილი სააკაშვილს მოანათლინა; როცა სერგეენკოს მორაგბეებთან ჰქონდა საქმე, დავითაშვილი თავისუფლების ინსტიტუტში ტრიალებდა...

შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო, მაგრამ ბევრი რომ არ გავაგრძელო, გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ის, რომ ოთხი დღის წინ დავითაშვილმა სერგეენკოს კორუფციაში დადო ბრალი და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ოთხი წლის წინ თქვენს მონა-მორჩილსაც დადო ბრალი - მერაბიშვილი გაფინანსებსო და იქვე შემპირდა, მთელი ცხოვრება მე ვიზრუნებ შენს პიარზეო.

ეს რომ პირში ეთქვა, საქმე ბოდიშის მოხდამდე არ მივიდოდა, რადგან ვეტყოდი იმას, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკომ „საზავო მოლაპარაკებებზე“ გაიფიქრა, ანუ - „შენი ბოდიში ჯანში გაიკეთე, კობა დავითაშვილი ხარ თუ ჩემი...“.

ასეა თუ ისე, გადამწყვეტი მაინც ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო - „კობა დავითაშვილს დავურეკე და მაგრად ვეჩხუბე“. რაც შეეხება კომუნიკაციის პრობლემას, მინდა გითხრათ, მთავარი გაგებაა, ხოლო კომუნიკაციის პრობლემა გაგების დეფიციტის (ამ შემთხვევაში - დავითაშვილის) ნაირსახეობას წარმოადგენს.

და, საერთოდ, კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: ვისი კარნახ-რეკომენდაციებით დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია? აგერ - დავითაშვილის კვერცხობები, ორი კვირის წინ მწვანე გაჩეჩილაძემ გაშალა აფრები - 300 ათასი გამომიყავით, ოფისები და თანამშრომლები უნდა შევინახოო, ნანა ყეენიშვილი ნაცებმა მასხარად აიგდეს და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო - გია ჟორჟოლიანი, გუგული მაღრაძე და სხვები.

სხვებთან ერთად ნიუს-ლენტაში ერთი საინტერესო ნიუსსაც მოვკარი თვალი და მგონია, რომ ზემოთჩამოთვლილი ამბების გათვალისწინებით, სწორედ ახლა არის მომენტი, თქვენს სამსჯავროზე რომ გამოვიტანო:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავა. სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ბათუმის სასტუმრო „სთარის“ მფლობელები: გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რამაზან ი. ასევე - სასტუმრო „გენაცვალეს“ მფლობელი, თამაზ ა.

თამაზა რა როჟაა?! მაგრამ საინტერესო ის არის, გელა ტ-ს ამბავში „ტ“ გვარის პირველი ასოა თუ მისი ცხოვრების წესის აღმნიშვნელი სიტყვის პირველი ასო? პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის დაკავებულები იქით იყვნენ, მაგრამ, მართლა, ვისი რეკომენდაციით გამოეყოთ პარლამენტში ადგილები კობა დ-ს, გია გ-ს, გუგული მ-ს და ნანა ყ-ს?

პრინციპში, მომწონს უმრავლესობის უმრავლესობა, განსაკუთრებით რამდენიმე, მაგალითად - ზაქარია ქუცნაშვილი, მაგრამ პატარ-პატარა იაღლიშებისგან არავინ არის დაზღვეული.

გასულ კვირაში ენდიაის ამოფარებულმა ლუის ნავაროს კანტორამ მორიგი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა - რომელი მინისტრი იმსახურებს თქვენს ნდობას, ხვალ რომ არჩევნები იყოს და ა.შ. შედეგები იყო ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. „საზოგადოებაში შიშის მოხსნის შემდეგ NDI-ს კვლევები უფრო სანდო გახდა, - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოებაში შიშის ფონი იყო ძალიან მაღალი და NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავდა“.

ჰო, ჰო... სულ ხალხში გამეფებული შიშის ბრალი იყო შარშანდელი რეიტინგები, თორემ ნავაროს სულ ფრთები ამოსდის და ბეჭები ეფხანება.

დიდი არაფერი იაღლიშია, მაგრამ მაინც... უბრალოდ, საწყენია. უბრალოდ, საწყენია, როცა მარიამ საჯაია პირს გააღებს ხოლმე. მშვენიერი გოგონაა, ლამაზი, კოხტა, გავლა-გამოვლაში შესამჩნევი, მაგრამ რად გინდა?! იტყვის რამეს და რაღა ეგ და რაღა მაია ნადირაძე, ანაც ორი უარესი - დავით გოგიბედაშვილი და გიგა ნასარიძე. გოგიბედაშვილი წოპიან ბერეტს რომ დაიხურავს და შარფს მოიხვევს, იფიქრებ პროფესორია და თვით კობა ბექაური ეყოლება აღზრდილიო. გიგა ნასარიძე კი...

„არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დამფუძნებელს გიგა ნასარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიგა ნასარიძემ განუცხადა, შემთხვევა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც ნასარიძე აცხადებს, იგი საკუთარ ოფისში მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთმა გამვლელმა თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური. „ამის შემდეგ გაწევ-გამოწევა დაიწყო. მერე პატრულიც გამოჩნდა“, - აღნიშნა ნასარიძემ, რომელიც ვარაუდობს, რომ უცნობი მოქალაქე ოპოზიციონერი იყო. ნასარიძის თქმით, შემთხვევის შემდეგ სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მათ გაღიზიანებული მოქალაქე დააწყნარეს და გაუშვეს“.

ოპ... – „...აღნიშნა ნასარიძემ, რომელიც ვარაუდობს, რომ უცნობი მოქალაქე ოპოზიციონერი იყო“. ვისი ოპოზიციონერი, ჰა? მაგას თავი ისევ ხელისუფლებაში გონია. ისევ გონია, რომ დახლთან დგას, დახლზე საქართველო უდევს და კლიენტებს უარით ისტუმრებს, საქართველო არ იყიდებაო. მაგაზეც გმადლობთ, მეორედ რომ არ ყიდით.

კიდევ ერთი „ოპ“ – „...გაღიზიანებული მოქალაქე დააწყნარეს და გაუშვეს“.

და თქვენ გჯერათ, რომ ის გაღიზიანებული მოქალაქე, ჩემი ღრმა რწმენით, წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი კაცი, ასე იოლად დაწყნარდება?

ნასარიძე საჯაიაზე გამახსენდა და სულ დამავიწყდა, რატომ გამახსენდა საჯაია. აი, რატომ - „ფაქტია, რომ მოსახლეობის 56% "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურ პოლიტიკურ ძალად აფასებს. საქართველოში პოლიტიკური რეალობა და პროცენტული მაჩვენებებლები სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს კანდიდატს, ვფიქრობ, რომ გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის რეალური პრობლემები, რომელიც საზოგადოებას აქვს და აჯობებს ხელისუფლებამ იფიქროს მის მოგვარებაზე“, - აცხადებს მარიამ საჯაია“.

შავ-თეთრ ტელევიზორ „ჰორიზონტს“ (ზოგიერთი ვერსიით „გორიზონტს“) რომ გამოვრთავდი, ეკრანზე პატარა წერტილი რჩებოდა ხოლმე და ვიღაც-ვიღაცეები ვიღაც-ვიღაცეებზე ენამწარობდნენ, მაგხელა ტვინი აქვთო და აგერ, ელენე ხოშტარიამ რომ თქვა, ივანიშვილმა ნატო-სა და ევროკავშირზე ძალიან გაკვრით ილაპარაკაო, აქვე მინდა ვაღიარო, რომ ყოველთვის ძალიან გაკვრით ვსაუბრობ ნაციონალურ მოძრაობასა და მის მხარდამჭერებზე და მონოლოგების აბსოლუტურ უმრავლესობას ასე ვამთავრებ: „გავკარი!!!“

მოდი და ნუ გაკრავ. ინებეთ, ბატონო: „ევროსაბჭოს პოლონელი დეპუტატი ზბიგნევ გირჟინსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის დასმული შეკითხვა ქართული დელეგაციის წევრებთან, ჩიორა თაქთაქიშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან შეათანხმა. როგორც ცნობილია, ზბიგნევ გირჟინსკიმ ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კითხვის დასმისას შემდეგი ტექსტით მიმართა: „თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი“.

ამხელა კაცი ქალების (რომელტაგან ერთი ჩიორაა, ხოლო მეორე - ქათამი) ჭკუაზე რომ გაივლის, რა უნდა ელაპარაკო ეგეთს? ეგეთს საერთოდ არ უნდა ელაპარაკო, არადა, როგორც ივანიშვილი ამბობს, ამ ყველაფრის შემდეგ, არაოფიციალურ ვითარებაში იმ გირჟისკინსთან თუ ვიღაცასთან, ერთობ მეგობრული საუბარიც კი ჰქონია.

გირჟინსკის ვურჩვ, არ შეცდეს და ფალიაშვილზე არ გაიაროს, თორემ ის ტიპი, ნასარიძის რისხვა, ჯერაც არ დაწყნარებულა, კარგა ხანს არც დაწყნარდება და ეგეც რომ არ იყოს, დასაწყნარებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ძალიან დაწყნარებული მეჩვენა ირინა იმერლიშვილი, რომელიც თურმე ნუ იტყვით, ელოდა, რომ მასზე რაღაცის ძებნას დაიწყებდნენ. „ამის შესახებ იმერლიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კვების ტენდერსა და ამ ტენდერში მისი მეუღლის ხელმძღვანელობით ჩართულ ფირმას უკავშირდება“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

ისე, რატომ ელოდა?

ვინც ჭიაკოკონობას ელოდება, მათ საყურადღბოდ: „ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა. გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბინძურებას იწვევს“.

გასულ კვირაში პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ჯერ საბურავი დავწვი და შემდეგ რამდენიმე ნიუსის სათაური - „პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ტყეშელაშვილის ნაცვლად ანდრო ბარნოვის დანიშვნას ოფიციალურად ადასტურებს“, „ახლო მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგი განხორციელდება“, „ანდრო ბარნოვი - პრეზიდენტის სასახლეში დღეს ორი პირი უნებართვოდ იმყოფებოდა“,  „მიხეილ სააკაშვილი პრემიერს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს“,  „ქდმ 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედში" განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვს“...

მინდა გითხრათ, რომ ნიუსის სათაურებს, წვის მომენტში გაცილებით მყრალი სუნი და მავნე ტოქსიკური შემადგენლობა აღმოაჩნდა, ვიდრე საბურავს. ასე რომ, დასკვნები თავად გააკეთეთ.

ეს რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ რუსულ არხზე შტირლიცს ვუყურებ და ბავშვობას ვიხსენებ. მერე ხომ იცით, როგორც ხდება - გავლენა და რამე. ამ გავლენით არის, ნიუსს როგორც ინფორმაციას განსჯისათვის რომ გაახლებთ და აი, ისიც: „სატენდერო პირობების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ორი ერთეული მსუბუქი,  მაღალი გამავლობის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვას გეგმავს. ავტომობილები 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული და გარბენი 40 კმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. ორივე ავტომობილი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს უახლოეს თანამედროვე ტექნიკურ მახასიათებლებს –   ჰქონდეს კომფორტული სავარძლები თავის მისაყრდენებით, მძღოლისა და წინა მგზავრის სავარძელი რეგულირებით, ინტერიერის განათება, უკანა ხედვის შიდა სარკე დაბურვადი, წვიმის სენსორი და ა.შ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 500 ლარს შეადგენს“.

ეს კიდევ არაფერი, სათაური იყო ისეთი, რომ ლამის ვიხოხე. აი, სათაურიც - „კახი კალაძის სამინისტრო ორი ახალი ვერცხლისფერი ავტომობილის შეძენას გეგმავს“.

რატომ მაინცდამაინც ვერცხლისფერი? რამე რო იყოს, ბორდო-ბაღლინჯოსფერი არ წავა?

პივაზე წავა, მაგრამ ბევრი უნდა დალიო, ძალიან ბევრი. ამას ვერცხლისფერ ავტომობილებზე არ ვამბობ - 2013 წელს არის გამოშვებული და 40 კილომეტრზე მეტი არ ურბენია. ამას ვამბობ მათზე, ვინც ამ ნიუსის შემდეგ მახსენდება:

„...როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად „ლიბერალისა“ და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

რა უნდა ჰქონდეთ საერთო „ლიბერალს“ და ფერმერთა ასოციაციას? მხოლოდ და მხოლოდ მოგონებები. ორმა დაქალმა მემორანდუმი გააფორმა. აწი დაიწყება მონიტორინგი გენდერულ საკითხებზე (დედალი და მამალი ძროხების რაოდენობა თანაბარი რომ იყოს) და უმცირესობის პრობლემებზე (მამალი ძროხები ცოტანი იქნებიან)

მიშა არ გვიხსენებია, მაგრამ სადაც დედალ ძროხას ახსენებ, იქ მიხეილ სააკაშვილიც იგულისხმება, ანდრო ბარნოვიც და მთელი ნაციონალური მოძრაობაც“.

მ. (მაშ)„ისიც საკუთარ სახლში - დაამთავრა კვაჭის პაპამ, ხუხუ ჩიჩიამ და სილიბისტროს მიუბრუნდა - ჰა, სილიბისტრო! რაღა გაქვს აწი სანატრი? ერთი პრაპორჩიკის ჩინი, პოლეტები და... შენზე უკეთსი მარშალი კიდო იქნება საქართველოში თუ?“

(მიხეილ ჯავახიშვილი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“)