„პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული“

„პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული“

პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. საკადრო ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა კუჭავა რჩება პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ოფიციალურ ვერისას არ იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე და განმარტავს, რომ კუჭავა შიდაკლნაურ დაპირისპირებას შეეწირა.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს საუბრა.

რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს პროცესების რადიკალიზაციას, ამას ემატება მძიმე სოცილაური ფონი. ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას. მას ენაცვლება შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასოცირდება პრემიერ-მინისტრთან. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ ხშირად ხდება საკადრო ცვლილებები და საკმაოდ მოულოდნელად. ამ შემთხვევაში რა მოხდა?

ვახტანგ ძაბირაძე: ცვლილებები ეხება მეორე ეშელონს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციით, პირველ ეშელონს, მაგრამ რეალური ძალაუფლების თვალსაზრისით - მეორე ეშელონს. „ქართულ ოცნებაში“ პირველი პირი იყო რჩება და, ალბათ, მუდამ იქნება ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ეს არის მეორე ეშელეონი, ხოლო დანარჩენები არიან მესამე. ამიტომ, რეალურად ის პროცესები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რასაც ასე დაჟინებით იხილავს საზოგადოება, დიდად არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე.

სულ ბოლო ორ წელიწადში პარლამენტის მესამე თავმჯდომარე შეიცვალა - კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა. კობახიძეზე მეტ-ნაკლებად ვიცით, რატომ წავიდა, შემდეგ იყო თალაკვაძე, რომელიც ვერ გავიგეთ რატომ წავიდა. ახლა კუჭავა - რა მოხდა არც ახლა არ ვიცით. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს შიდა პარტიულ დაპირისპირებებს. ანუ, ეს ვერსია, რომ ღარიბაშვილი-პაპუაშვილი ერთი გუნდია, შესაძლოა, ასეც იყოს და მეორე ეშელონში უკვე ცდილობდნენ პოზიციების გამაგრებას.

როგორ ფიქრობთ, ეს გადაადგილებები შეცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკას?

- არა, ვერ შეცვლის. კიდევ ერთხელ, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს, გარკვეულ დიაპაზონს აკონტროლებს ივანიშვილი. ამ დიაპაზონზე მუშაობს ეს ხალხი. როცა საჭიროდ ჩათვლის, გადადგება პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და პარტიის თავმჯდომარეც. არ მგონია, რომ ამ ცვლილებებით ახალი ერა დაიწყოს. ჩვეულებრივად გრძელდება, ოღონდ პარტიის შიგნით შესაძლოა, გადაჯგუფებები მოხდეს, გარე პოლიტიკაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

შიდაკლანურ დაპირისპირებას შეეწირა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მანდატიც დატოვა და პარლამენტიც. ეს ცვლილება რას ამბობს, რომელი ჯგუფი ძლიერდება საკანონმდებლო ორგანოში ღარიბაშვილის, თუ კობახიძის?

- ჩამოყალიბდა მმართველობის ეს სისტემა და არა კონსტიტუციური, არამედ რეალური მმართველობის სისტემა. კონსტიტუციით ივანიშვილი არაფერს არ წარმოადგენს. თქვენ წარმოიდგინეთ, - არც კობახიძე. აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი არის ღარიბაშვილი, ეს არის კონსტიტუციით, მაგრამ ჩვენ ხომ კონსტიტუციით არ ვცხოვრობთ. კონსტიტუცია აქვს ყველა ქვეყანას და ჩვენც გვაქვს, მაგრამ არა იმისთვის, რომ კონსტიტუციიით ვიცხოვროთ. ამიტომ მმართველობა სხვაგვარად არის. არის ივანიშვილი და ის განსაზღვრავს უმაღლეს საკადრო ცვლილებებს და მასთან ათანხმებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვევით პირველი ვაზირობისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს. პარტიის შიგნით მიმდინარებს ბრძოლა პოზიციის გამყარებისთვის - პირველი ვაზირობისთვის.

პირველი ვაზირობისთვის ბრძოლაში რომელი კლანი გადაწონის - ღარიბაშვილის, თუ კობახიძის?

- არ ვიცი. ივანიშვილი ვისაც ჩათვლის უფრო სანდოდ და უფრო მისაღებად, გადაწონის ის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის შიგნით არ ეძებო მომხრეები და სანამ ხარ, მართლა რეალურად ფლობდე პოზიციებს. დღეს ესეც გაორებულია. თითქოს პარტიის თავმჯდომარე წყვეტს ყველაფერს, პარტიის საბჭო არსებობს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. გაუგებარი მმართველობითი სისტემაა და ამ ვითარებაში რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. ვის დაესიზმრებოდა, რომ კუჭავა გადადგებოდა, არაფერს არ აშავებდა, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. პარტიის ორი წამყვანი ლიდერი განკარგავს ყველაფერს. ერთი ეტყვის და იშიმშილებს ნახევარი პარტია, აქეთ კი სიჩუმეა, - კატასტოფაა. ერთმანეთს ეძახიან მონებს და ამის ბოლო არ ჩანს. შიმშილობა გამოაცხადა მელიამ და ზუსტად მაშინ გაიგო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტამ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კახა კუჭავა იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაავრცელებენ დეტალურ ინფორმაციას. შეძლება ამ ვერსიას გავყვეთ?

- სხვას რას იტყოდა? ან უნდა გამოაცხადონ მოღალატედ და წავიდეს ოპოზიციაში, ან რაღაცა უნდა მოიფოქრონ და მოიფიქრეს ეს. გავიხსენოთ, რა თქვა თალაკვაძემ, როდესაც გადადგა - აქედან უკეთეს საქმეს გავაკეთებო. იგივე თქვა ტიკარაძემაც. მინისტრობიდან წავიდა, პარტიაში კურირებს ჯანდაცვას და ამბობს, რომ აქიდან უფრო მეტს გავაკეთებ, ვიდრე მინისტრის თანამდებობიდანო. მინისტრი რომ იყავი მაშინ თუ ვერაფერი გააკეთე, პარტიიდან რა უნდა გააკეთო? თუ კუჭავა პოლიტიკაში აპირებს დარჩენას და რაღაცა იდუმალი უნდა გააკეთოს, ეს საერთოდ გაუგებარია. ჩემი გონება მაგას ვერ წვდება.

კუჭავას წასვლის ოფიციალურ მიზეზად რა მოტივიც არ უნდა დასახელდეს, როგორ ფიქრობთ, წინა პლანზე ჩანს კლანური დაპირისპირება? ფაქტია, რომ პარლამენტში არის კობახიძის და ღარიბაშვილის გუნდი. როგორ ფიქრობთ, პარტიაში მიმდინარე პროცესები უკავშირდება 2024 წლის არჩევნებს?

- თქვენ სწორად ამბობთ, დიახ, 2024 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული. მეორე თემა არის ივანიშვილის ნდობის მოპოვება. გასაგებია, რომ კობახიძის და მისი გუნდის მიმართ არის საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს გუნდი საკმაოდ დიდი ხანია ძალიან აქტიურია პოლიტიკაში. თუ ნეგატივზე ვილაპარაკებთ, არანაკლებ ნეგატიური დამოკიდებულებაა ღარიბაშვილის მიმართ. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ კუჭავა არის გარდამავალი ფიგურა. ანუ, როდესაც ორი გუნდი ვერ თანხმდება, ირჩევენ მესამეს. მართვის ასეთ პირობებში ეს ჩვეულებრივი და მიღებული ხერხია.

გარკვეული დროის შემდეგ პაპუაშვილი წამოვიდა წინ. ახლა შემოვიდა პოლიტიკაში, კი ბატონო აქტიურია, მაგრამ ეს ის სკანდალური პაპუაშვილია, რომელმაც ნაციონალი თინა ბოკუჩავა პარლამენტში ხელში აყვანილი ატარა. ანუ, ჯერ საზოგადოებაში არ არის მისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ არც კუჭავასადმი იყო. ოღონდ ამ შემთხვევაში, პაპუაშვილი ახლა შემოდის აქტიურ პოლიტიკაში. ახლა გახდა სამიზნე ფიგურა და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს. როგორც ამბობენ, საკმაოდ ხისტი პოლიტიკოსია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი.

„ქართულ ოცნებაში“ სისტემა არ მუშაობს, პიროვნება მუშაობს, ამიტომ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს გადაწყვეტილებები. იმასაც კი არ ცდილობენ, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. კი, დაძაბული ვითარებაა, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებას“ კარტ-ბლანში აქვს, მთლიანად მას მიჰყავს პოლიტიკა და კარნახობს პოლიტიკურ დღის წესრიგს ოპოზიციას. ეს ვითარება გვაქვს, სანამ გაგრძელდება, არ ვიცი. გინდა 100 კაცი დამჯდარა საშიმშილოდ და გინდა 300, თუ საზოგადებაში რეზონანსი არ აქვს, რა აზრი აქვს ამ შიმშილობას?

საინტერესოა, რატომ არ გამოიწვია ამ ფაქტმა რეზონანსი საზოგადოებაში, ლამის მთელი პარტია შიმშილობს...

- რა რეზონანსი უნდა ჰქონდეს, გარდა მედიისა, ვინმეს აინტერესებს რატომ შიმშლობენ?

დასვლეთმაც არ იყიდა პარტიის ეს პერფორმანსი და სხვათა შორის არც ევროპის სახლახო პარტიამ...

- სხვა რამეს ელოდით? ეს ხომ განწირული სვლაა. რეალობას მოწყვეტილი არიან. არანაირი რეზონანსი ამას საზოგადოებაში არ აქვს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და მათ შორის ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, არ აქვს რეაქცია. პრობლმა იცით რა არის? იქაც ბრძოლა მიდის პირველი ვაზირობისთვის. იქ ხომ მართლა ნიკა მელია არ არის თავმჯდომარე. ვინც არის თავმჯდომარე და ყოვლის გამკარგავი, ეგერ არის გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის რეალობა. მელიას თუ უნდა შეინარჩუნოს პარტიის თავმჯდომარეობა, უნდა ამტკიცოს, რომ სააკაშვილის თავგადადებული მომხრეა. ამიტომ იძულებულია წავიდეს ამ ნაბიჯზე - შიმშილობაზე, რაც შეიძლება დიდად არ ხიბლავს. ეს არის რეალობა და ამ დროს ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის.

 

ზურაბი ყველაზე მაგარ ანალიზს და პროგნოზებს ქართულ სივრცეში გია ხუხაშვილი და ელისო კილაძე აკეთებენ. მკითხაობაში ვინ უფრო მაგარია ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
2 წლის უკან
kolxi ჯერ ჯერობით კლოუნადა მიჰყავს კობახიძეს მაგრამ მას არ ეყოფა არც გონებრივი და არც რესურსული შესაძლებლობები ეს განახორციელოს თუ ბატონი ბიძინას სრული მხარდაჭერა არ ექნა, ისე მოაცილეთ პოლიტიკას კობახიძე მდინსრაძე ბატონო ბიძინა....
2 წლის უკან