რომელ სახელისუფლებო გუნდს გააძლიერებს ახალი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და რატომ გადაწყვიტა მოულოდნელად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავას შეცვლა? აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ არაერთი ვერსია გამოითქვა და ერთ-ერთს მიხედვით, შესაძლოა, ამ ცვლილებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოზიციები პარლამენტში გაიძლიეროს. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ხელისუფლების და კუჭავას რიტორიკა ერთმანეთისგან სრულიად აცდენილი იყო და პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის პოლიტიკურ ხაზს ვერ მიჰყვებოდა. ამიტომ გუნდის შიგნით უფრო ხისტი პოზიციების მქონე ფიგურით ჩანაცვლება გადაწყდა.
ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებას პარტიის თვამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აცნობა. თავად კუჭავამ კი განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ამაზე გუნდთან ერთად 1 თვეა, რაც მსჯელობა მიდის.
„ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ეს პარლამენტის უკვე მე-5 თავმჯდომარეა. მეათე, ბოლო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს კი, ერთ წელიწადში უკვე მესამე სპიკერი ეყოლება.
დაანონსდა, რომ კახა კუჭავა, რომელიც დეპუტატის მანდატსაც ტოვებს, მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, თუმცა მმართველი პარტია მომავალ წლამდე არ ახმაურებს კონკრეტულად რა საქმით დაკავდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომას, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერი წესრიგში არ არის.
„შეიძლება ითქვა, რომ კიდევ უფრო ხისტი ხაზი აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, ვინაიდან კუჭავა ითვლებოდა ცოტა რბილ ადამიანად. პაპუაშვილი კი, უფრო ხისტი და რადიკალურია და ძალის დემონსტრირების მცდელობაა. ჩანს, რომ წინასაახალწლო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის „ქართულ ოცნებაში“, რადგან ეს ძალიან მოულოდნელი ცვლილება იყო“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა.
„გირჩელ“ ალექსანდრე რაქვიაშვილს უკვირს კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილება, რადგან თვლის, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის სპიკერის ცვლილების საჭიროება არ იყო.
კახა კუჭავას გადადგომა და პარტიის შემდგომი ნაბიჯები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილის თემას გადაფარავს:
„ამ წელს სპიკერის ცვლილების არანაირი საჭიროება არ იყო. თუმცა, რადგან ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო იქნება თუ რას აპირებს კახა კუჭავა და „ქართული ოცნება“, ვიდრე ის ხალხი, ვინც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს. ამ ნიუსის ძალიან ბუნებრივი გადაფარვა მოხდება“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი for.ge-სთან კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებაში საგანგაშოს და გასაკვირს ვერაფერს ხედავს. მეტრეველი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, რომელიც გუნდმა გადაწყვიტა. ამიტომაც ოპოზიციის თეორიები და ვერსიები ყოველთვის იქნება, თუმცა რეალობა ამ შემთხვევაში სრულიად სხვაა.
„ოპოზიციის მხრიდან მუდმივად რაღაცა განხეთქილებებზეა საუბარი და სურათი უნდათ ისე დახატონ, თითქოს „ოცნებაში“ რაღაცა დაპირისპირებაა. სულაც არ მგონია საკადრო ცვლილებებში რამე განსკუთრებული და უცნაური იყოს. გუნდი როცა გადაწყვეტილებას იღებს, ამაში რამე დაპირისპირება ან განხეთქილება რატომ უნდა დავინახოთ? მით უმეტეს იმაზე საუბარი, თითქოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წასვლას აპირებს. არაფერი მსგავსი არ ხდება და პირიქით, მთელი პარტია პრემიერს გვერდით უნდა დაუდგეს. ის სერიოზულ საქმეებს შეეჭიდა და ამაში გუნდის დახმარება სჭირდება. ეს არის სათამაშო ბიზნესი თუ ეკონომიკის აღორძინება. ის ძალიან წარმატებით მუშაობს და ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია. ასევე იმაზე საუბარი, რომ ვითომ ღარიბაშვილი პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდმარედ დანიშვნით რაღაცა პოზიციებს იმაგრებს. ეს უფრო ტექნიკური დეტალებია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების გაძლიერება. როგორც ვიცი, პაპუაშვილს ირაკლი კობახიძესთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ამიტომ რაღაცა კონსპირაციების ძებნა ამ ცვლილებაში ნამვილად არ უნდა დავიწყოთ“, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი for.ge-სთან.
მისივე თქმით, კახა კუჭავას თავმჯდომარეობის დროსაც ოპოზიციის მიმართ „ოცნების“ რიტორიკა თუ პოლიტიკა მკაფიო იყო. ამიტომაც მისი საუბარი იმაზე, რომ პაპუაშვილი კუჭავაზე ხისტია და ცვლილება ამიტომ მოხდა, აბსურდულია. მეტრეველი ამბობს, რომ კუჭავა ყოველთვის გუნდის პოზიციას აჟღერებდა და ის ცალკე ერთპიროვნულად არასდროს მოქმედებდა.
„ოპოზიციას შიგნით სერიოზული კრიზისი აქვს. „ნაციოანლური მოძრაობა“ თითქმის ჩამოშლის პირასაა. ამიტომ სანამ ოპოზიცია ხელისუფლებისკენ ხელს გაიშვერს, სჯობს საკუთარ პრობლემებს მიხედოს. ასევე საუბარი სასაცილოა იმაზე, რომ თითქოს კუჭავა პროდასავლური ფიგურა იყო და ახლა პაპუაშვილი პრორუსული ორიენტაციის არის. ახალ თავმჯდომარესაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ამიტომ ესენი არიან სრულიად არასერიოზული ხალხი, რომლებმაც არც საგარეო პოლიტიკა იციან და ვერც საშინაო პოლიტიკაში ერკვევიან. დასავლეთი კონკრეტულ პიროვნებებთან კი არა ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობს, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. რაც უნდა ის ილაპარაკონ, მათთვის სასიკეთო მაინც არაფერი ხდება“, - ამბობს მეტრეველი for.ge-სთან.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კახა კუჭავა, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ რიტორიკაში ვერ ჰყვებოდა და არჩევანი უფრო ხისტი პოზიციის მქონე ადამიანზე გაკეთდა, რომელიც პარტიის პოლიტიკურ ხაზს ზუსტად გააგრძელებს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებას“ ახლა ცინიზმი და დაცინვა სჭირდება, რასაც, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ პაპუაშვილი უკეთესად შეძლებს.
„კუჭავა ამ ყველაფრის და ყველას ფონზე ძალიან ადამიანურად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, პარტიაში ვერ პოულობენ ცინიკოსებს, რაც ძალიან კარგია. პაპუაშვილი აშკარად კობახიძის ხაზს გააგრძელებს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციების გაამყარებს. უბრალოდ, კობახიძემ მაინც კანდიდატურა ღარიბაშვილთან შეათანხმა. ამიტომაც ორივესთვის სასურველი ფიგურა შეირჩა. როგორც ამბობენ, თავმჯდომარეობა მამუკა მდინარაძესაც უნდოდა, მაგრამ არჩევანი პაპუაშვილზე გაკეთდა. ეს კი ჩემს ვარაუდს უფრო ამყარებს.
არ მგონია, რომ ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული ყოფილიყო. უბრალოდ, შეიძლება შეატყობინეს, რომ ამას აპირებდნენ და პაპუაშვილზე შეთანხმდნენ. კობახიძე უფრო პრემიერთან შეათანხმებდა. ღარიბაშვილს ახლა პრემიერობა სურს და არის პრემიერი. დანარჩენი პარტიული თუ საპარლამენტო ხაზი მაინც კობახიძეს მიჰყავს. რასაც მე ვაკვირდები ღარიბაშვილი ამაში არ ერევა. ამიტომაც არ მგონია, რომ ეს ვინმეს გაძლიერებისთვის გაკეთდა. უბრალოდ, ახლა „ოცნებას“ მეტი სიხისტე სჭირდება და ის ადამიანი შეარჩიეს, რომელიც ამას შეძლებდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა ოპიზიცია ძალიან დასუსტებულია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც „ოცნება“ პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი „ნაციონალებმა“ მასობრივი შიმშილობის თემა ბოლომდე არ მიიყვანეს, მაშინ პარტია დასაცინი და მასხრად ასაგდები გახდება. ეს კი ხელისუფლების პოზიციებს კიდევ უფორ გაამყარებს. თუმცა თუ პირიქით მოხდა და ენმ-ის რომელიმე ლიდერმა ან აქტივისტმა გონება დაკარგა და ელენე ხოშტარიასავით იშიმშილა, მაშინ ხელისუფლების საქმე ცუდად იქნება.