„სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალადობს საკუთარი პარტიის წევრებზე, არ უყურებს მათ როგორც თანაბარუფლებიანებს და თუ შედეგი არ გამოუვა, ურჩევნია შური იძიოს მათზე“

„სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალადობს საკუთარი პარტიის წევრებზე, არ უყურებს მათ როგორც თანაბარუფლებიანებს და თუ შედეგი არ გამოუვა, ურჩევნია შური იძიოს მათზე“

უმრავლესობის წევრი რატი იონათამაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ „მასობრივ შიმშილზე“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროტესტი, პარტიას ფინალურ მარცხამდე მიიყვანს, ხოლო წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურის ოქმის რატიფიცირებას მიიჩნევს, რასაც წელს საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა კენჭი უყარა კიდეც.

ვიდრე წლის შეჯამებაზე გადავალთ, იქამდე გვერდს ვერ ავუვლით „ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივ შიმშილობას. ექს-პრეზიდენტმა შური იძია თანამოაზრეებზე, რადგან როდესაც თვითონ შიმშილობა მაშინ მხარი არ აუბეს და ახლა თემურ ალასანიას მეშვეობით აიძულა, რომ ეშიმშილათ?

- აქცია, რომელსაც ასეთი მანკიერი დასახელება აქვს - „მასობრივი შიმშილობა“ ვერასდროს მოიტანს პოზიტიურ შედეგს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ანტიჰუმანური აქტი და იმ არაჯანსაღი დამოკიდებულების შედეგი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვხვდება. მათი ლიდერი, პატიმარი სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალადობს საკუთარი პარტიის წევრებზე, არ უყურებს მათ როგორც თანაბარუფლებიან წევრებს და თუ შედეგი არ გამოუვა (რაც ნამდვილად ასეა), მაშინ ურჩევნია შური იძიოს მათზე, რადგან საკმარისად არ გამოხატეს პროტესტი ბელადის დაპატიმრების გამო, არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ დაეხმარნენ დესტრუქციული სცენარის განხორციელებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ვხედავთ კერპთთაყვანისმცელობას, სადაც როგორც პარტიის რეალურ თავმჯდომარეს საკუთარი წევრების, ხოლო წევრებს მისდამი აქვთ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც რადიკალური სექტის ლიდერს საკუთარი მრევლისადმი.

რას მიაღწევენ ასეთი მასობრივი შიმშილობით?

- ერთადერთი შედეგია მხოლოდ მოსალოდნელი - ის კრიზისი, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს თვალსაჩინოა, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოოდ „ნაციონალური მოძრობას“ ფინალურ მარცხამდე მიიყვანს. ფაქტია, რომ თუ აქამდე „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას, ახლა ერთთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული მხოლოდ.

ასევე გვერდს გახარიას გადაწყვეტილებას ვერ ავუვლით. ექს-პრემიერი „ნაცმოძრაობას“ გაურიგდა, როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი გახარიამ და ამით დასტურდება ის, რომ თავიდანვე მათი მომხრე იყო?

- ჩვენ გახარიას გადადგომის პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო მისგან გადადგმული. სამწუხაროდ, ეს ყველამ არ დაგვიჯერა, მაგრამ ახლა ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდენ, რომ სინამდვილეში, ვინც 1 ოქტომბერს ხმას აძლევდა გახარიას პარტიას, სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს. ეს კავშირი, თავისი არსით არ არის კოალიცია, რადგან არ არის იდეისა და იდეალების ირგვლივ გაერთიანებული, არც პრაგმატული პრინციპებით ნაკარნახევი, ერთადერთი მოტივი ძალაუფლების გადანაწილების სურვილია.

ფაქტია, რომ გახარია დღეს არის გაკოტრებული პოლიტიკოსი ისევე, როგორც მისი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ შესწევთ უნარი რაიმე პოზიტიური საკითხი შემოიტანონ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.

წელი მთავრდება და თქენთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენა რომელი იყო?

- ძალიან დატვირთული პოლიტიკური წელი გვქონდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობდა სახელმწიფოს დასუსტებას და ქართული დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას. თუმცა, ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა, პირველ რიგში, რომ უკვე გადავდივართ საქმიან დღის წესრიგზე და ჩვენი მთავარი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური პრობლმები და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაა.

რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. ჩემთვის ასეთი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებაა, რასაც წელს საგაზაფხულო სესიაზე ვუყარეთ კენჭი. ამ უმაღლესი ლეგიტიმაციის საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირებას მე ადვოკატირებას ვუწევდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა შშმ პირთა ორგანიზაციაში ვსაქმიანობდი და ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ მის რატიფიცირებას, როგორც პარლამენტის წევრმა, მივეცი ხმა.

არჩევნები თუ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, რომელმა მოვლენამ გადაწონა ამ მხრივ პოლიტიკური სასწორი?

- რაც შეეება სააკაშვილს ჩამოსვლას და არჩევნებს, ჩემთვის და უამრავი ქართველისთვის აუცილებელი იყო კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის აღდგენა. როცა ადამიანი ჩადის ასეთ მასშტბურ და მძიმე დანაშაულს, აუცილებელია, კანონი აღსრულდეს. გირგვლიანის, ციხეებში ადამიანების წამების, პატარკაციშვილების ოჯახის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე სწორედ წელს იზეიმა სამართალმა.

არჩევნები კი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ქართველ ამომრჩეველთან ერთად, ჩვენ მიუხედავად რყევებისა და ღალატისა, ავიღეთ 48 პროცენტი, ნაცვლად 43-ისა, რითაც ჩვენი საერთო გამარჯვება იყო ლეგიტიმური და სამართლიანი.

ექსპერტებს წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად შარლ მიშელის დოკუმენტი, არჩევნები და ეკონომიკური მდგომარეობა მიაჩნიათ. ეთანხმებით მათ და როორ ფიქრობთ, რატომ იყო ექსპერტებისთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა უმნიშვნელო მოვლენა?

- ეკონომიკური მდგომარეობა მთავარი მოვლენა ჩემთვის ვერ იქნება. მთავარი მოვლენა ჩემთვის ყოველთვის ადამიანის უფლებებზე გადის, ამიტომ აღვნიშნავ ფაკულტატური ოქმის მიღებას. აი, გამოწვევაზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ, ცხადია, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანაა.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, მართლაც, უმნიშვნელოვანესი პროცესი იყო. ამ პროცესმა რეალურად დაანახა ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, ვინ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებით და ვინ ვიწრო პარტიულით. „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა მოაწერა მას ხელი და ამით მაგალითი მისცა სხვა პარტიებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი უარი თქვა მის მხარდაჭერაზე და მხოლოდ მაშინ მოაწერა ხელი, როცა მისი ვადა გასული იყო. ეს იყო ძალიან ფარისევლური და არაგულწრფელი ნაბიჯი მათი მხრიდან, რის გამოც დამარცხდნენ კიდევაც არჩევნებში. ასევე, სწორი იყო ამ დოკუმენტის ანულირებაც. „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმოწერის დროსაც და ანულირების დღესაც იმოქმედა სახლემწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ეს ასე იყო. პირველ შემთხვევაში, ხელი შეუწყო ჩვენმა ნაბიჯმა პოლარიზების შემცირებას, ხოლო, როცა სახეზე გახდა ამ ხელმოწერის არაკეთილსინდისიერი გამოყენება, მოხდა მისი ანულირება, რაც ასევე გულრწფელი და პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან.

დაბოლოს, 2022 წელი პოლიტიკურად როგორი გვექნება?

- ჩემი სურვილია, რომ ქართული პოლიტიკა დაიცალოს სიძულვილის ენისგან და სიძულვილის კამპანიისგან. არავის ჭირდება დღეს რადიკალიზაცია და აგრესია. ჯანსაღი ოპონირება, საქმეზე ორიენტებული დღის წესრიგი და პროაქტიული პროცესები არის ჩვენი განვითარების ერთადერი გზა. ასევე, ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ერთი წელი იქნება უდიდესი ნახტომი საქართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სრქუტრურებში ინტეგრაციის გზაზე. მეტი ევროკავშირი და მეტი ნატო საქართველოში ნიშნავს, მეტ სტაბილურობას, პროგრესსა და სოციალურ უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში.