„ნაცმოძრაობა“ მასობრივ შიმშილობას აცხადებს და წინასაახალწლოდ კარვებს შლის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თემურ ალასანიას საყვედური გახმიანდა, რომ მისი დიშვილისთვის პარტია შეუძლებელს არ აკეთებდა.
თემურ ალასანია არ იყო პირველი, ვინც ნიკა მელიას „მშვიდობიანი“ ტაქტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოავლინა. პერიოდულად სააკაშვილის გარემოცვა საყვედურებს არ აკლებდა ნიკა მელიას. ერთ - ერთი პირველი ამ მხრივ მაია ორჯონიკიძე იყო, გიული ალასანიას ახლობელი, რომელმაც სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაგეგმილი პირველი აქციების დროს ნიკა მელიას მიმართა: „კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60-ათასიანი აქციების დაშლა. თუ სააკაშვილი გარდაიცვლება, მელია პირადად აგებს პასუხს. ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათასიან აქციას და აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან“.
შემდეგ ამას მოჰყვა დოდონა კიზირიას საყვედური მელიას მიმართ და უტაქტო შეფასება, რომ მელიას 40- წუთიანი ყროყინის მოსმენა მოუწია.
წინასაახალწლო დიეტა „ნაცმოძრაობისთვის“, თუ სააკაშვილისთვის თვითშეწირვის რიტუალი, დაახლოებით იმის მსგავსი, დიდ სამამულო ომში ტანკს რომ უვარდებოდნენ შეძახილით „За Родину, за Сталина!“
ობიექტურად რისი გაკეთება შეეძლო მელიას სააკაშვილისთვის და რა დააკლო? რას მოიტანს ახალი ტაქტიკა - მასობრივი შიმშილობის გამოცხადება?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მასობრივი შიმშილობის წამოწყება ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ეს არის ალასანიების ოჯახის საოჯახო ბიზნესი. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობამ“ ალასანიებისგან ულტიმატუმი მიიღო, თუ არ იშიმშილებენ, დაფინანსება არ ექნებათ. აქედან გამომდინარე, ამ პარტიის არავითარი არსებობა გამართლებული არ არის, გარდა ერთადერთი მიზნისა, სააკაშვილის ვნებანი დააკმაყოფილონ და მის გათავისუფლებას მიაღწიონ. ცხადია, ეს პარტია რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მისიებს, გარდა სააკაშვილის პირადი სურვილებისა, არ ისახავს.
ანალიტიკოსს იმედი ჰქონდა, რომ მელია გამონაკლისი იქნებოდა და პოლიტიკურ ნიშას მონახავდა, მაგრამ მელიამ ახლახანს ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგია. დავით ზარდიაშვილის აზრით, ეს სასაცილოა, ვინაიდან როცა ასეთ მასობრივ შიმშილობას იწყებ მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ, არც პოლიტიკური, არც მორალური, არც სამართლებრივი უფლება არ გაქვს, ოლიგარქიაზე სერიოზულად ილაპარაკო.
„მასობრივი შიმშილობით ვერაფერს მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი ისედაც ოდიოზური სახის კიდევ მეტ კარიკატურიზმს, ანუ კარიკატურის კარიკატურებს ემსგავსებიან. მსგავსი არაფერი მინახავს, კაცი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ფანჯრის რაფაზე ახტა, თან პატარა ხომ არაა, 54 წლის გახდა, გადმოფინა ქაღალდზე პასტით დახატული დროშა და იმას ატრიალებდა, ესენი კი ოვაციებით შეხვდნენ. სრული სიშლეგეა. თუ უნდათ, მასობრივი შიმშილობის გამო უცხოელებს შეაცოდონ თავი, იმ უცხოელს, ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია ნორმალური ადამიანი გაარჩიოს შლეგისგან, არავითარი ეჭვი არ დარჩება, რომ „ნაცმოძრაობის“ სახით საქმე აქვს ფსიქიკურად გადახრილ პარტიასთან, ტოტალიტარული სექტის კარიკატურასთან. ეს სექტაც არ არის, ეს არის სექტის კარიკატურა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოდიოზურები და გამაოგნებლად კარიკატურულები არიან, დაფინანსება აქვთ და ვიღაც ამაში ფულს იხდის, ვგულისხმობ ალასანიების ოჯახს. აქ უფრო ეს არის საინტერესო, რომ ფულის გადახდა ყოველთვის სიშლეგესთან არაა დაკავშირებული, არამედ დაკავშირებულია რაციონალურ მიზანთან, რა მიზანია ეს მასობრივი შიმშილობა, გარდა იმისა, რომ რუსეთს აწყობს?! ვინც ამაში ფულს იხდის, ქართველებს თვლის იმდენად დაცემულ, მენტალურად მომსპარ ერად, რომ ამ საშინელებას, ანუ ე.წ. მასობრივ შიმშილობას შეიძლება ფულის გამო მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს არის ყველაზე გამაოგნებელი“.
ანალიტიკოსის განმარტებით, თემურ ალასანია სააკაშვილის ციხიდან დახსნასთან დაკავშირებით როცა ამბობს სიტყვა „შეუძლებელს“, ამით თვითონვე აღიარებს, რომ, თუ შეუძლებელია, როგორ უნდა გააკეთოს პარტიამ შესაძლებელი? „შეუძლებელის გაკეთება“ ეს უფრო საბჭოური პროპაგანდისტული სიტყვებია, კომუნიზმის აშენებასავითაა. ასე მსჯელობდა ვარლამ არავიძე, ეს ვარლამის ლოგიკაა - უნდა დავიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, მაშინაც კი, როცა ის იქ არ იმყოფება.
„თუ შეუძლებელია მიშას გათავისუფლება, შე დალოცვილიშვილო, თან ბრძნული სახით რაღას კითხულობ, „თქვენ გგონიათ, „ნაცმოძრაობამ“ შეუძლებელი გააკეთაო?!“ ასეთი მენტორული ტონი ნიშნავს იმას, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ ალასანიას ოჯახის ბიზნესია. სააკაშვილიც მათი გაზრდილია, გვარად კი არის სააკაშვილი, მაგრამ ალასანიას ეკუთვნის სააკაშვილიც. ეს არის კლანი, როგორც „კოზა ნოსტრა“, ესეც ერთგვარი მაფიოზური ჯგუფია. ეს ნიშნავს, რომ ალასანიებს მელიას მოშორებაც უნდათ, რადგან მელია, ასე თუ ისე, ცდილობდა, გარკვეული თამაშის წესები დაემყარებინა და რაღაც ლოგიკას მისდევდა. როცა თემურ ალასანია პირდაპირ „ნაცების“ პარტიას სთხოვს, რომ მან შეუძლებელი უნდა გააკეთოს სააკაშვილის გამოსახსნელად, ეს არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ მაფიასთან, მაფია მოქმედებს ასე, თავისი კაპიტნებით, კაპოებით, თავიანთ ხელქვეითებს დავალებებს აძლევენ, შეუძლებელი გააკეთონ. ეს პატრონკლიენტელური მართვის სტილია, დავალებას მოგცემენ, პასუხისმგებელი ხარ საკუთარი თავით, ვერ შეასრულებ, შედეგი გასაგებია, რაც იქნება, მოიყვანენ სხვას, ვინც მეტად გამოიჩენს თავს. ისინი ყოველგვარი საღი აზრისგან შორს არიან. არადა, აქ მარტივადაა საქმე, თვითონ თემურ ალასანიას შეფასებაც ეს არის, სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა შეუძლებელია, ეს ალასანიამ თვითონვე აღიარა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, რაც არ უნდა გააკეთოს მელიამ, ამ საქმისგან არაფერი გამოვა. აქციები და შიმშილობა კი არა, ვთქვათ, რევოლუცია გამოუვიდათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ „ნაცები“, სააკაშვილი ციხიდან როგორ უნდა გამოუშვან? სამართლებრივად ეს შეუძლებელია, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერაა მსჯავრდებული. სხვა მექანიზმი არ არსებობს. გამოდის, აშკარად უნდა წავიდნენ იმაზე, რომ სასამართლოც გარეკონ, ყველაფერზე უარი თქვან, ანუ განუკითხაობის მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის შიგნით რა ხდება, არ იცის, მაგრამ ფაქტია, მელია ლიდერი ვერ გამოდგა, ეს მისი ბრალი არაა, ლიდერად იბადებიან, ლიდერთა სკოლა არ არსებობს, რომ სადღაც მიხვიდე და ისწავლო, თუ როგორ გახდე ლიდერი.
„რამდენია ასეთი ლიდერი, ვისაც ნამდვილად ლიდერი შეიძლება ვუწოდოთ? ვალენსა იყო, ვაცლავ ჰაველი იყო დისიდენტებიდან, სულ ერთ ხელზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ეს ადამიანები, ლიდერობის პრეტენდენტები კი იყვნენ ათასობით, რომლებიც აღარც ისტორიას ახსოვს და სად არიან, კაციშვილმა აღარ იცის. მართლაც, რისი გაკეთება შეეძლო მელიას სააკაშვილისთვის? თემურ ალასანია შესაძლებელსა და შეუძლებელზე საუბრობს, რაც სააკაშვილისთვის უნდა გაეკეთებინა მის პარტიას - „ნაცმოძრაობას“, თუმცა სად გადის ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის, არავინ იცის“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.