ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი გახარია პოლიტიკური შეფასებებით გამოჩნდა. ექს-პრემიერი პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის დეტალზე გახარია არ საუბრობს. კომენტარი გააკეთა პოლიტიკურ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა. თუმცა, გახარიას შეფასებით, კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ზუსტად რომ აფერხებს შეთანხმებას. რა იგულისხმება გახარიას ამ ფრაზაში უცნობია, რადგან პრეზიდენტს მიხიელ სააკაშვილის საკითხი არ დაუყენებია.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია, ეს აზრი ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული და საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიყავს წინ. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველა უნდა ვეცადოთ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს.
ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს.
კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილის პატიმრობას უყურებს ისე, როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს. თუმცა, რაც შეეხება გახარიას რეპლიკას - „ამ პროცესში პიროვნების შემოყვანა შეაფერხებს პროცესებს“, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს რეპლიკა იმ ჯგუფის მიმართ არის გასროლილი, ვინც სააკაშვილის საკითხის განხილვის დაყენებას გეგმავს ზურაბიშვილის ინიციატივის ფარგლებში.
„ანუ, ამბობენ, რომ ჯერ უნდა განთავისუფლდეს და მერე ჩაერთვებიან შერიგების პროცესში ერთ-ერთ კომპონენტად. მე მგონია, ამ ადამიანების გასაგონად არის ეს ფრაზა ნათქვამი, რომ პიროვნების წამოწევა, სახელით და გვარებით მოქმედება არ გამოადგება საზოგადო შერიგების პროცესს. რაც შეეხება პატრიაქთან შეხვედრას, გავითვალისწინოთ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული სტილი, რომ რაღაცა ინიციატივების წინ, ქართველი პოლიტიკოსები ხშირად პატრიარქისგან ითხოვენ მხარდაჭერას. პატრიარქთან ამოწმებენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეს.
როგორც ჩანს, გიორგი გახარია ახალი ინიციატივით აპირებს გააქტიურებას და ვფიქრობ, რომ თავის ინიციატივებზე მოისურვა საუბარი პატრიარქთან. თუმცა, ბუნდოვანია რა ინიციატივა უნდა იყოს გახარიას მხრიდან წამოსული. როგორც მისი მომხრეები, ასევე მეც, სულ ველოდები როდის გადადგამს გახარია ისეთ ნაბიჯს, რომლითაც დაიკავებს გარკევულ ადგილს ქართულ ოპოზციურ ველზე და ჩააჩოჩებს „ნაციონალურ მოძრაობას“ წამყვანი ოპოზიციური ველიდან. დღეს ასეთი მიჯირყვნის უნარი და შანსი ქართული ოპოზიციური პარტიიდან ერთადერთი გიორგი გახარიას აქვს. თავისი უცნაური პასიურობით ეს იმედი გახარიას მიმართ საზოგადოებას ნელ-ნელა ჩაუქრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, აპირებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მიზეზი, რატომ შეხვდა გახარია პატრიარქს, არ იცის ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, ისევე როგორც არ იცის მიზეზი, რატომ იმყოფებოდა ამდენი ხანი ჩრდილში და რატომ იყო მდუმარე მდგომარეობაში, რაზეც გახარიას პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ისაუბრა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, გახარიას განცხადებიდან ჩანს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში პოზიცია არ შეუცვლია - სააკაშვილი არის მსჯავრდებული და უნდა იყოს ციხეში.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, მეც მინდა, თქვენც და ალბათ, გახარიასაც უნდა, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია. მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე და გააჩნია როგორ. ისიც არ ვიცით, კონკრეტულად და პუნქტობრივად როგორ ესახება ეს დეპოლარიზაციის პროცესი, მაგრამ გახარიას გულწრფელობა ეს არის უკვე ორაზროვანი ტერმინი. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ერთი წლის წინ ემუქრები - „მე თქვენ დაგასრულებთ!“ და ზუსტად ერთი წლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეობის არჩევაში ალიანსში მონაწილეობ, იმათთან ვინც უნდა დაგესრულებინა, აქ სრულდება გულწრფელობა და ნდობის ხარისხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხვალ რომ გახარია აბსოლუტურად საპირისპირო აზრზე დადგეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, არ უნდა გაგვიკვირდეს. მადლობა ღმერთს, რომ გახარიას და მისი პარტიის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ყველა ცდილობს გახდეს პოლიტიკურად აქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი აბსურდის თეატრი დადგა, როდესაც გამოაცხადეს შიმშილობა. მისი თქმით, ასევე სრულიად გაურკვეველი ინიციატივით გამოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აზრისგან დაცლილი შეხვედრა მოაწყო თავის რეზიდენციაში.
„როგორც უეცრად ჩამოვიდა, ასევე უეცრად გაუჩინარდა თემურ ალასანია. ამის შემდეგ ატეხეს შიმშილი ნაცებმა და საგიჟეთს დამსგავსებული ქვეყანა საბოლოოდ დაამგვანეს შმაგების განყოფილებას. იქიდან სააკაშვილი სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს ისვრის და „ოცნების“ ხელშეწყობით, ციხეში ჯდომა გადააქცია პრეს-ცენტრად, რომლიდანაც განუწყვეტლივ ისმის დესტაბილიზაციის მოწოდებები. ეს ყველაფერი გასაგებია და, როგორც ჩანს, ამ კაკაფონიაში თავისი წვლილის შეტანა უნდა გახარიას და მიაკითხა პატრიარქს.
გაუგებარია პატრიაქთან რატომ დადიან. ან სალომე ზურაბიშვილს რა უნდოდა, რა უნდა გამოეტანა? ან გახარია რისთვის მივიდა? ეს სრულიად გაუგებარია. ჩვენ ვხედავთ პროცესებს, რომელიც აცდენილია რეალობას და მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს. რაც მთავარია, ყველა ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობს და ვერ ხვდებიან, რომ აქ პოლიტიკური ჭაობია, რომელშიც იგივე კანონი მუშაობს, როგორც ჩვეულებრივ ნატურალურ ჭაობში. საჭიროა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად გადახედონ თავიანთ მიდგომებს, თუმცა მართალი გითხრათ, ამის პოტენციალს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად ვხედავ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.