ან ჩამოსვლა რა იყო, ან წასვლა, - ასეთი შთაბეჭდილება დატოვა 11-წლიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილის ბიძის ვოიაჟმა საქართველოში. ბიძა ჩნდებოდა მაშინ, როცა მის დისშვილს უჭირდა. ასე იყო აგვისტოს ომის წინა დღეებშიც, თუმცა იმ პერიოდში როგორ აისახა თემურ ალასანიას სტუმრობა საქართველოში, ყველამ იხილა დაკარგული ტერიტორიებისა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლის სახით.
ალასანიას შესახებ ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება. ამბობენ, რომ იური ანდროპოვის ვაჟი მისი ახლო მეგობარი იყო, ამიტომაც ახალგაზრდობიდანვე წარმატებით წარიმართა მისი კარიერა რუსეთის დაზვერვაში.
თემურ ალასანია ირწმუნება, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი. უფრო მეტიც, წლების წინ მიცემულ ინტერვიუში თემურ ალასანია ამტკიცებდა, რომ არასდროს მიუცია რჩევები პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, არც ერთი მინისტრისთვის და სახელმწიფო მოხელისთვის. უბრალოდ, მისი საქმიანობა საქართველოში მხოლოდ პრეზიდენტყოფილის საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობაში გამოიხატებოდა, რისი ნათელი მაგალითიცაა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მშენებლობა.
თემურ ალასანიას სწამს, რომ ყველა საუკუნე იწყება ორჯერ -კალენდარულად და იმ დიდი მოვლენით, რომელიც სახეს აძლევს, უქმნის საერთო ნარატივს ყველა მომდევნო მოვლენას. ამ მხრივ ის ფიქრობს, რომ 21-ე საუკუნე დაიწყო საქართველო-რუსეთის ომით, რომლის ლოგიკური გაგრძელებაცაა უკრაინა, უკრაინას კი მოჰყვება „ბევრი სხვა საქართველოები და უკრაინები“, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს ზომებს.
თემურ ალასანიასთვის არც გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტის იდეალი. მის შესახებ ალასანია ამბობდა: „კალიგულამ სენატში ცხენი შეიყვანა. ახლა ვითომ რითი არ სჯობს ცხენს მარგველაშვილი?!“
ცნობილია ისიც, რომ თემურ ალასანია წლების წინ ღარიბაშვილის წინააღმდეგაც გეგმავდა სარჩელის შეტანას და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ალასანიას განსაკუთრებული გაღიზიანება მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა გამოიწვია: „ჩემი ინფორმაციით, ის (თემურ ალასანია) კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში“.
დღეს საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომ სააკაშვილი ციხიდან ვეღარ მართავს პროცესებს, ამიტომაც ბიძამისი, თემურ ალასანია მოიხმო ვაშინგტონიდან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ, ფაქტობრივად, თემურ ალასანიას აქ ჩამოსვლით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა ის კრიზისი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაში არსებობს, კერძოდ, „ნაცმოძრაობას“ ხელიდან გაექცა დღის წესრიგი.
რისთვის ჩამოვიდა ალასანია საქართველოში და რატომ წავიდა? რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი და სუკ-ის გამოცდილი გენერალი, როგორც ალასანიას უწოდებენ, ცხადია, სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა საქართველოში. რა დახმარება უნდა აღმოეჩინა სააკაშვილისთვის?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის დასახმარებლად თემურ ალასანია ჩამოვიდა ერთხელ. ეს იყო, როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, მაშინ თემურ ალასანიამ აიღო ერთწლიანი შვებულება გაეროში, სადაც ის მსახურობდა და საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ მაშინაც ქართული ოპოზიცია „შტიკი“ რომ იტყვიან რუსები, ასე შეხვდა ამ ამბავს. სოსო ცინცაძე იხსენებს, ლევან ბერძენიშვილი როგორი აღშფოთებული ლაპარაკობდა, ჩვენ ეგ არ აგვირჩევია არც პარლამენტში, არც ხელმძღვანელად და რატომ ესწრება უშიშროების საბჭოს სხდომებსო?! ასე რომ, ცოტა ხანს იყო ალასანია საქართველოში და მერე ისევ წავიდა უკან.
„არ მიიღო ის ჩვენმა საზოგადოებამ, მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში არა მგონია, თემურ ალასანია პიროვნულად იმხელა ავტორიტეტით სარგებლობდეს ოპოზიციაში, ოპოზიციის ლიდერებში, რომ „ნაცმოძრაობას“ დახმარება აღმოუჩინოს. თვითონ მიშას აღარ აქვს ის ავტორიტეტი, რაც ჰქონდა და მის ბიძას საიდან უნდა ჰქონდეს ეს ავტორიტეტი? მით უმეტეს, თემურ ალასანიას შლეიფად მოსდევს მისი ბიოგრაფია - რუსეთის მოქალაქეობა, შეიძლება ახლა აღარ არის რუსეთის მოქალაქე, ადრე კი ნამდვილად იყო რუსეთის მოქალაქე, დღეს ის ამერიკის მოქალაქე ნამდვილადაა და სპეცსამსახურებთანაც ნამდვილად არის. ამიტომ ეჭვი მეპარება, თემურ ალასანია საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ჩამოსულიყო. შეიძლება ჩამოვიდა იმიტომ, რომ მაინც და არის მისი გიული ალასანია, დისშვილია სააკაშვილი. ასე რომ, პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში“, -აცხადებს სოსო ცინცაძე და, შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად მართალია, რომ თემურ ალასანია აგვისტოს ომის წინა პერიოდშიც იყო ჩამოსული საქართველოში, როცა რუსეთმა ცხინვალში შესვლის გარანტიები მისცა სააკაშვილს, რასაც ბათუ ქუთელიაც ადასტურებს, სოსო ცინცაძემ განმარტა, არავითარი გარანტიები რუსეთს არ მიუცია.
პოლიტოლოგის შეფასებით, მაშინდელი დაზვერვისა და ანალიტიკურმა სამსახურებმა, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდნენ, გამოავლინეს ნული პროფესიონალიზმი. მათ დაიჯერეს, რადგან რუსეთი ჩუმად იყო, მისთვის ცხინვალის რეგიონი არაფერს წარმოადგენდა. მაშინ გაბატონებული აზრი იყო, აფხაზეთი რუსეთისთვის ფასეულია, ცხინვალის რეგიონი კი რაში აინტერესებს რუსეთს. ეს მცდარი და დილეტანტური აზრი იყო.
„სად იყო იმ პერიოდში ჩვენი საელჩო მოსკოვში? საელჩოს რამე ინფორმაცია არ უნდა ჰქონოდა? სად იყო ჩვენი საგარეო დაზვერვა, თავისი უფროსი ბეჟუაშვილით? პირიქით, რუსეთი გარანტიებს აძლევდა კოკოევს და, როცა ჩვენმა ჯარმა ცხინვალი აიღო, რუსეთის ტელევიზიით გამოდიოდა კოკოევი და ცოფებს ყრიდა, „где обещанная помощь?“ რუსეთი კოკოევს ეხმარებოდა და არა ჩვენ. მაშინ კულახმეტოვმა წერილიც დაწერა, კოკოევი აღარ გვემორჩილება, დამოუკიდებლად მოქმედებს და ვეღარ ვმართავ მე მაგასო. ბომბავდნენ და ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ქართველები დახმარებას ითხოვდნენ. რუსებმა წვრთნები ჩაატარეს, როკის გვირაბთან იყვნენ მომდგარნი. რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია მაშინდელ პრეზიდენტს დაზვერვის სამსახურებმა? აგერ იყო ცხინვალის რეგიონი, ბრაზილიასავით დაშორებული ხომ არ იყო ცხინვალი? მაშინ ჩვენი პრემიერი ბანკირი გურგენიძე იძახდა, ინტერნეტში ვნახე, რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებშიო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თემურ ალასანიას ვიზიტი არ ყოფილა შემთხვევითი, როგორც თვითონ თქვა, ახალი წლის მოსალოცად და ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვედიო. მისი ვიზიტი ემსახურებოდა სწორედ სააკაშვილისთვის დახმარების გაწევას და „ნაცმოძრაობაში“ სიტუაციის დალაგებას.
„ადამიანმა თვითონვე ღია ეთერში განაცხადა, პარტიამ საკმარისი და ადეკვატური მხარდაჭერა არ აღმოუჩინა სააკაშვილსო. ფაქტობრივად, ეს იყო ნიკანორ მელიას ბოსტანში ნასროლი ქვა. მას საყვედურობდა „ნაცმოძრაობის“ რადიკალური ფრთა, რომ მელია მართავდა მიტინგებს და ეს მიტინგები უშედეგოდ მთავრდებოდა, მოითხოვდნენ მისგან რადიკალურ ქმედებებს, რაზეც მელია არ მიდიოდა. ხომ ვნახეთ, რა განაცხადა თემურ ალასანიამ, პარტიამ გააკეთა შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელი არ გააკეთა, რადგან სააკაშვილი ჯერ კიდევ ციხეშიაო. შესაბამისად, თემურ ალასანიას სურდა პროცესების კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, რომ პარტიის მართვის სადავეები ხელში აეღო რადიკალურ დაჯგუფებას. როგორ ჩანს, სააკაშვილის ციხიდან დახსნის სხვა გზას ისინი ვერ ხედავდნენ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.