„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ იცის თემურ ალასანიას შესახებ და მის ინტერესს შეიძლება ექსპრეზიდენტის საქართველოდან გაყვანა წარმოადგენდეს“

„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ იცის თემურ ალასანიას შესახებ და მის ინტერესს შეიძლება ექსპრეზიდენტის საქართველოდან გაყვანა წარმოადგენდეს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება. ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ მორიგი მიტინგი ისევე ჩაივლის, როგორც უახლოესი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს, რომლის მთავარი ორგანიზატორიც სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო.

თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენი დღის წინ ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოვიდა. გარკვეული ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებს მის ჩამოსვლას. შესაბამისად, პროგნოზირებენ, რომ თემურ ალასანიას ფაქტორიდან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიის მორიგ აქციაზე შესაძლოა, უფრო მეტი მომიტინგის მობილიზება მოხდეს და იგი იმაზე უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე აქამდე გვინახავს.

ამასთან ფაქტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებზე მოსახლეობა აღარ დადის, მით უფრო, არც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი აღარ არის აქტუალური, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. თარიღი კი, რომელიც ექსპრეზიდენტის დაბადების დღეს უკავშირდება, სავარაუდოდ, არც ისეთი გრანდიოზული არ იქნება, როგორსაც „ნაცმოძრაობა“ პროგნოზირებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ალასანიას ფაქტორმა შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშოს და ხვალინდელ აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი ვიხილოთ, ვიდრე აქამდე ყოფილა. როგორც საყვარელიძემ For.ge-ს განუცხადა, პროვიკაციები მოსალოდნელია, თუმცა, ამის აღკვეთის გამოცდილება „ქართულ ოცნებას“ აქვს.

რაც შეეხება თემურ ალასანიას ჩამოსვლის შესაძლო მიზეზს, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ იცის მის შესახებ და ალასანიას ინტერესს შეიძლება ექსპრეზიდენტის საქართველოდან გაყვანა წარმოადგენდეს.

„ადამიანი მომავლის პროგნოზს წარსულით აკეთებს. სავარაუდოდ, არც ახლა არის მოსალოდნელი მასშტაბური, თუმცა, მაინც განსხვავება, რაც ამჟამადაა, ალასანიას ჩამოსვლას ვგულისხმობ, ორგანიზაციულ მხარეზე გავლენას იქონიებს. ამ ფაქტორის გავლენით უფრო მეტ ხალხი იქნება, ვიდრე ბოლო პერიოდში იყო, მაგრამ მაინც არ იქნება იმდენი, რაც შესაძლოა ჩანაფიქრს ეყოს.

პროვოკაციის გამორიცხვა ძნელია, მაგრამ შეუძლებელია ითქვას, რა ტიპის პროვოკაცია იქნება. რომელიმე შენობაში შესვლა გამორიცხულია. პარლამენტზე შეტევის პროვოცირება თუ მოხდება, არ მგონია, ეს დაუძლეველი და რთული პრობლემა იყოს, რადგან ხელისუფლება უკვე გამოცდილია ამ პროვოკაციაში. ამიტომ, მე ვერ ვხედავთ პროვოკაციის პირობებს.

რაც შეეხება ალასანიას, იგი ჩამოვიდა და საკმაოდ კანონმორჩილად გამოცხადდა დაკითხვაზე, რაც არცთუ ისე ხშირი არის ჩვენს სინამდვილეში, პოლიტიკაში ჩართული ხალხის მხრიდან. მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რა ინტერესი აქვთ ქართველ სამართალდამცველებს და ამის დადგენა და დაზუსტება. სავარაუდოა, რომ რაღაცას ამბობს სააკაშვილი და ალბათ, ალასანიასთვის მნიშვნელოვანი იყო, რას ამბობს სააკაშვილი, რომელსაც ალასანიაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ერთ-ერთი ხაზი არის ამის მოგვარება.

ალასანიამ თქვა, რომ მისი მიზანია დისშვილის აქედან წაყვანა. თუ რა იცის ალასანიას მოღვაწეობაზე თავად სააკაშვილმა, მე მგონია, რომ ეს არის მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. მიზანი უდავოდ ისიც იქნება, რომ დაბნეულობას, არაორგანიზებულობას თავი მოუყაროს და უფრო მონოლითური გახადოს პარტიის სტრუქტურა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ 21 დეკემბერს რაიმე სახის პროვოკაცია მოსალოდნელი არ არის. ამასთან For.ge-სთან აღნიშნა, რომ ხვალინდელი აქცია შესაძლოა, მასშტაბური იყოს, თუმცა, ის ვერ მიიღებს უწყევ ხასიათს.

„ალბათ, მასშტაბური აქცია იქნება და მეტი მომხრეს გამოიყვანენ, თანაც მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე არის. ამიტომ, მგონია, რომ მასშტაბური იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და იფიქროს, სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარკვეულ ნაბიჯებს „ნაცმოძრაობა“ გადადგამს, რომ „ქართულ ოცნებას“ და საზოგადოებას აჩვენეოს, მას ბევრი მომხრე და ის ადამიანები ჰყავს, ვინც მიხეილ სააკაშვილის იდეებს იზირებენ.

თემურ ალასანიას ჩამოსვლამ, არ მგონია, რომ ზემოქმედება მოახდინოს. ის, ალბათ, ჩამოვიდა დისშვილის მხარდასაჭერად. ეს აქციები უწყვეტი არ იქნება, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში, მაგალითად თვეში ერთხელ იქნება. თუმცა, არ მგონია, რომ პერმანენტული ხასიათი მიიღოს ამან“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს, 21 დეკემბერს, აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს.

„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ. ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

აბა, თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.